„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1314-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010230000.04.001.018166
1314-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 23/12/2025
010230000.04.001.018166
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის მიზანი

ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, საქმიანობის წესსა და დამოუკიდებლობის გარანტიებს.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:      

„მუხლი 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობა

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან/და მისი საქმიანობის კონტროლი, ამ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით. აკრძალულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყებრივად, ფინანსურად, ფუნქციონალურად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“−„ნ“ ქვეპუნქტები:

„გ) შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამის წინადადებებს, ამ საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;

დ) შეიმუშავებს და ახორციელებს პროგრამებს საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე, აგრეთვე შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს;

ე) კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლს, მის შენახვას, მონიტორინგსა და საჯაროობას და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;

ვ) შეიმუშავებს მამხილებლის დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ შესაბამის წინადადებებს, მამხილებლის დაცვის საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;

ზ) კანონის შესაბამისად ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს;

თ) იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ სამართალს და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს;

ი) ხელს უწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის, სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას;

კ) ახორციელებს გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

მ) ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლსა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა სუბიექტი, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ინფორმაცია გამოითხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზედაც. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.“.

4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მართლმსაჯულების სისტემაში, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან/და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.“.

5. მე-10 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს, დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებსა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უფლებამოსილია თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოსცეს ბრძანება, განკარგულება, მითითება, მიიღოს გადაწყვეტილება;“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 263 მუხლი:

„მუხლი 263. ამ თავის მოქმედების გაუვრცელებლობის შემთხვევები

ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

7. 322 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კანონის შესაბამისად.“.

8. 33-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაზღვევა სავალდებულოა. ზიანი, რომელიც მიადგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2

1. 2026 წლის 2 მარტიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლეა სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

2. ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში წარმოებული შესაბამისი საქმეების წარმოება 2026 წლის 2 მარტიდან განაგრძოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.

3. 2026 წლის 2 მარტიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიენიჭოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ანტიკორუფციული ბიუროსთვის (პროგრამული კოდი − 44 00) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის (პროგრამული კოდი − 39 00) გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება.

4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კანონის შესაბამისად უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იმ ყოფილ თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა, რომლებსაც 2026 წლის 2 მარტს შეუწყდებათ უფლებამოსილება/შრომითი ურთიერთობები.

5. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა) და სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე ამ კანონის შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ღონისძიებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის უზრუნველსაყოფად 2026 წლის 2 მარტამდე შექმნას შესაბამისი საშტატო ერთეულები (თანამდებობები) და ჩაატაროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსები ამ თანამდებობების 2026 წლის 1 მარტის შემდეგ დასაკავებლად.

6. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით მოქმედია და 2026 წლის 2 მარტიდან ძალადაკარგულად არ ცხადდება, 2026 წლის 1 მარტის შემდეგ ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი ნორმის/სამართლებრივი ნორმების ამოქმედებამდე. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემულ ასეთ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება 2026 წლის 2 მარტიდან გენერალურ აუდიტორს ენიჭება.

7. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 164-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიში საქართველოს პარლამენტს 2026 წელს არ წარედგინება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1314-IVმს-XIმპ