საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1159-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.102875
1159-IVმს-XIმპ
09/12/2025
ვებგვერდი, 12/12/2025
060000000.05.001.102875
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის „ი2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი​2) სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე, კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებასა და საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე;“.

2. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა​7) კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − 150 ლარს;“.

3. 49-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მორიგდებიან ან სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მორიგდებიან ან სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.“;

ბ) 21 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

4. 98-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილება წარმომადგენელს აძლევს უფლებას, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, საქმის არბიტრაჟისთვის გადაცემისა, სასამართლო მედიაციის პროცესში წარმომადგენლობისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლით გათვალისწინებული თითოეული საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.“.

5. 1875 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო მედიაციის ვადაა 45 დღე, რომლის განმავლობაშიც სულ მცირე 2 შეხვედრა უნდა გაიმართოს. ამ ვადის დენა იწყება საქმის მედიატორისთვის განაწილების მომენტიდან.“.

6. 1877 მუხლის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს.

7. 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან მხარეები მორიგდებიან, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო იმავე განჩინებით  დაამტკიცებს მორიგების პირობებს. იგივე წესი გავრცელდება სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, აგრეთვე სასამართლო მედიაციის შემთხვევაზე.“.

8. 272-ე მუხლის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ​1) შედგენილ იქნა სამედიაციო მორიგება და სამედიაციო მორიგების შინაარსი/პირობები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან საჯარო წესრიგს, ან, სამედიაციო მორიგების შინაარსიდან გამომდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელი არ არის, ანდა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარემ სასამართლოს წარუდგინა საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლითაც სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია;“.

9. 36331−36333 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 363​31. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხის განხილვა

1. სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი ან ორივე მხარის განცხადების საფუძველზე განიხილოს კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი.

2. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის/იურიდიული მისამართის მიხედვით.

3. მხარემ, რომელიც სასამართლოს მიმართავს კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით, უნდა წარადგინოს სამედიაციო მორიგების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე მედიაციის თაობაზე შეთანხმება.

4. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე,  განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილება. სასამართლო უფლებამოსილია იმავე ვადაში დაადგინოს ამ საკითხის ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. ამ შემთხვევაში კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი განცხადების მიღებიდან 30 დღის ვადაში განიხილება. აღნიშნული საკითხის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

მუხლი 36332​. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე უარის თქმა

სასამართლო კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე უარს იტყვის, თუ სამედიაციო მორიგების შინაარსი/პირობები საქართველოს კანონმდებლობას ან/და საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება, ან, სამედიაციო მორიგების შინაარსიდან გამომდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელია.

მუხლი 363​ 33. სასამართლოს განჩინება კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ

1. სასამართლო კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განჩინების ფორმით. მხარეს ამ განჩინებასთან ერთად გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი.

2. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

3. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

4. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგება, რომელიც საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაამტკიცა, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, აღსრულდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისთვის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

9 დეკემბერი 2025 წ.

N1159-IVმს-XIმპ