დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1137-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 050000000.05.001.102882 |
|
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 147) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შუალედური მომსახურების (ჰოსტინგის) მიმწოდებლის (შემდგომ − შუალედური მომსახურების მიმწოდებელი) მიერ ამ კანონის 601 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა.“. 2. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები: „9. საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლების მფლობელს, მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, შუალედური მომსახურების მიმწოდებლისგან წერილობითი შეტყობინებით მოითხოვოს იმ კონტრაფაქციული ასლების დაუყოვნებლივ წაშლა ან იმ კონტრაფაქციული ასლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომლებიც არღვევს მის საავტორო უფლებას ან/და მომიჯნავე უფლებას ან უფლებას მონაცემთა ბაზაზე. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული უფლების მფლობელის წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) უფლების დარღვევის ობიექტის აღწერას, აგრეთვე მითითებას იმ ფაქტზე, რომელიც არის დასაბუთებული საფუძველი იმისა, რომ საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზაზე უფლების მფლობელის უფლება დაირღვა; ბ) იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება კონტრაფაქციული ასლების იდენტიფიცირება; გ) უფლების მფლობელის სახელს (დასახელებას), საიდენტიფიკაციო ან პირად ნომერს, ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართებს, ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 601 მუხლი: „მუხლი 601. შუალედური მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები და მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები 1. შუალედური მომსახურების მიმწოდებელს საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ იგი უფლების მფლობელისგან ამ კანონის 59-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით შედგენილი წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა წაშლის სავარაუდო კონტრაფაქციულ ასლებს ან შეზღუდავს მათ ხელმისაწვდომობას, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება აღნიშნული უფლების სავარაუდო დამრღვევს. 2. შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში წერილობით აცნობოს უფლების მფლობელს განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 3. თუ უფლების სავარაუდო დამრღვევი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება მის მიმართ არამართლზომიერად განხორციელდა, იგი უფლებამოსილია შუალედური მომსახურების მიმწოდებლისგან განცხადებით მოითხოვოს სადავო მასალაზე იმ ხელმისაწვდომობის აღდგენა, რომელიც აღნიშნული ქმედების განხორციელებამდე არსებობდა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლების სავარაუდო დამრღვევის განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმ მასალაზე, რომელიც წაიშალა ან რომლის ხელმისაწვდომობაც შეიზღუდა; ბ) იმ ვებგვერდის მისამართს, რომელზეც განთავსებული იყო ის მასალა, რომელიც წაიშალა ან რომლის ხელმისაწვდომობაც შეიზღუდა; გ) დასაბუთებას, რომლის საფუძველზეც უფლების სავარაუდო დამრღვევს მიაჩნია, რომ ის მასალა, რომელიც წაიშალა ან რომლის ხელმისაწვდომობაც შეიზღუდა, წერილობით შეტყობინებაში მითითებული უფლების მფლობელის უფლებას არ არღვევს; დ) უფლების სავარაუდო დამრღვევის სახელს (დასახელებას), საიდენტიფიკაციო ან პირად ნომერს, ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართებს, ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს. 5. შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება მიღებიდან 24 საათში გაუგზავნოს უფლების მფლობელს. უფლების მფლობელი ვალდებულია აღნიშნული განცხადების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სადავო მასალის წაშლის ან მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თაობაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინება. 6. თუ უფლების მფლობელი ვერ წარადგენს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლო განჩინებას, შუალედური მომსახურების მიმწოდებელი აღადგენს წაშლილ მასალას ან მის შეზღუდულ ხელმისაწვდომობას. ამ შემთხვევაში შუალედური მომსახურების მიმწოდებელს საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული პირები თავიანთი არამართლზომიერი ქმედებით ზიანის მიყენებისთვის პასუხს აგებენ. აღნიშნული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ კანონის 59-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 9 დეკემბერი 2025 წ. N1137-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები