დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-04/6 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.33.058.016183 |
|
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დაფუძნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №62 დადგენილებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 23 აგვისტოს №210 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 26/08/2013, ს.კ. 040030000.33.058.016049). |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდგომში – თეატრი), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას. 2. თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი თეატრალური ტრადიციების მქონე სტაციონარულ სარეპერტუარო დაწესებულებას, რომელსაც გააჩნია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი ფორმით გადმოცემული ქონება, მუდმივმოქმედი თეატრალური დასი, რომლის უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები – სხვადასხვა ჟანრის დრამატული წარმოდგენები (სპექტაკლები). 3. თეატრის დამფუძნებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო. 4. თეატრის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი“. 5. თეატრს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო და საბანკო ანგარიშები, საკუთარი ბეჭედი, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. თეატრს უფლება აქვს საკუთარი სახელით შეიძინოს პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დადოს კანონით ნებადართული გარიგებები. 6. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 7. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი №49. მუხლი 2. თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება. მუხლი 3. თეატრის უფლება-მოვალეობანი 1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით უფლება აქვს: ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება შემოქმედებითი მიმართულებების არჩევანის, რეპერტუარის შერჩევის, სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციის შესახებ; ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან; დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთებისა და სხვა მის მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება; ე) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროის, დასვენების ხანგრძლივობა, დისციპლინური წარმოების საკითხები, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის ფორმა, სახეები და პასუხისმგებლობის ზომები; ვ) შეიმუშაოს და განსაზღვროს თეატრის შიდა ინსპექტირების მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი; ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად. 2. თეატრს მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა. 4. თეატრი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „კულტურის შესახებ“, „პროფესიული თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად; გ) განახორციელოს შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ანგარიშგების წარმოება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) მოახდინოს თეატრის სარგებლობაში არსებული ქონების უსაფრთხოების დაცვა; ე) შეასრულოს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. მუხლი 4. თეატრის სტრუქტურა და მართვა 1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, „პროფესიული თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 2. თეატრის შემადგენლობა განისაზღვრება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად. 3. თეატრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე, მინისტრის გადაწყვეტილებით თეატრს შესაძლებელია ჰყავდეს სამხატვრო საბჭო. 4. თეატრის დირექტორს ნიშნავს მინისტრი საკუთარი შეხედულებით. მინისტრი ასევე უფლებამოსილია თეატრის დირექტორად დანიშნოს კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი ან სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ან/და უარი თქვას აღნიშნული საბჭოების მიერ წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე და თეატრის დირექტორი საკუთარი შეხედულებით დანიშნოს. 5. თეატრის დირექტორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი. თეატრის დირექტორი: ა) არის თეატრის ხელმძღვანელი; ბ) პასუხისმგებელია თეატრის საქმიანობაზე და პერსონალურად არის პასუხისმგებელი მისი საქმიანობის ჯეროვნად წარმართვისთვის; გ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თეატრის საშტატო ნუსხას და საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს; დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება; ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან კონკრეტული ვადით დებს შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ხანგრძლივობის მიუხედავად, უვადო ხელშეკრულებებად არ ჩაითვლება; ვ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სამხატვრო ხელმძღვანელის ან რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით; ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას; თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (მისი არსებობის შემთხვევაში); ი) თანამდებობებზე ნიშნავს თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებს თეატრალური საქმიანობის მიზნისა და თავისებურებების გათვალისწინებით, მათი კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მათ მიერ დასაკავებელ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის კუთხით, გასაუბრების საფუძველზე; კ) თანამდებობებიდან ათავისუფლებს თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებს, მათ შორის, თეატრალური საქმიანობის მიზნისა და თავისებურებების გათვალისწინებით მათი კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მათ მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის საფუძვლით; ლ) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას; მ) თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და დამხმარე პერსონალის წევრებს; ნ) უფლებამოსილია შექმნას თეატრის შიდა ინსპექტირების მუდმივმოქმედი კომისია, განსაზღვროს მისი შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი; ო) უფლებამოსილია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორის მოადგილეზე (უფლებამოსილების დელეგირება თეატრის დირექტორს არ ათავისუფლებს თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებლობისგან); პ) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს. 6. თეატრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი: ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე; ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, თუ მინისტრი გაიზიარებს წარდგენილ დასაბუთებას; გ) საკუთარი ინიციატივით, რის შესახებაც თეატრის დირექტორს ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; დ) საკუთარი ინიციატივით, რის შესახებაც თეატრის დირექტორს ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 7. საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თეატრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა. 8. შემოქმედებითი კოლექტივის წევრს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე: ა) ეცნობება 30 კალენდარული დღით ადრე და მიეცემა კომპენსაცია 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით; ბ) ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და მიეცემა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. 9. თეატრის დირექტორს ჰყავს მოადგილე. თეატრის დირექტორის მოადგილეს, თეატრის დირექტორის წარდგინებით ან/და საკუთარი ინიციატივით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. თეატრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ხოლო თეატრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისას ახალი ხელმძღვანელი პირის დანიშვნამდე თეატრის დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს თეატრის დირექტორის მოადგილე. 11. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მოადგილე თავის მოვალეობას ასრულებს ახალი ხელმძღვანელი პირის დანიშვნამდე. ახალი ხელმძღვანელი პირის დანიშვნა იწვევს მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტას. 12. მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ პერიოდში, საკუთარი ინიციატივით თანამდებობიდან გაათავისუფლოს მოადგილე. 13. თეატრის დირექტორის მოადგილე მასზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში: ა) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას; ბ) თეატრის დირექტორთან შეთანხმებით წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკური და დამხმარე პერსონალის მოწვევისა და გათავისუფლების საკითხს; გ) ხელმძღვანელობს თეატრის შიდა ინსპექტირების მუდმივმოქმედ კომისიას; დ) ასრულებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს. 14. თეატრში მოქმედებს შიდა ინსპექტირების მუდმივმოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება თეატრის დირექტორის ბრძანებით. მუხლი 5. თეატრის ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თეატრს აქვს განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან. 2. თეატრის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6. თეატრის დაფინანსების წყაროები 1. თეატრის დაფინანსების წყაროებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი; ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრები; გ) უცხოური ინვესტიციები; დ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობანი; ე) კერძო შემოწირულობანი; ვ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი; ზ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. თეატრის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება თეატრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. თეატრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია. მუხლი 7. თეატრის სახელმწიფო კონტროლი 1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 8. თეატრის წლიური ბალანსი 1. თეატრი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 2. თეატრის წლიური ბალანსი მოწმდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 9. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები