„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1057-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.102854
1057-IVმს-XIმპ
12/11/2025
ვებგვერდი, 17/11/2025
040090000.05.001.102854
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.020812) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი:

„ტ1) ცენტრალური შემსყიდველი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ცენტრალური შემსყიდველი ორგანო;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო

მუხლი 251. ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანო

1. ამ კანონის 41-ე მუხლით განსაზღვრული ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც არის კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება.

3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

6. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ამ კანონის 41-ე მუხლით განსაზღვრულ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;

ბ) ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო თუ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციას სცილდება – შესაბამისი წინადადების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

გ) მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

7. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს და მას ყოველი მომდევნო წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ეს ანგარიში ქვეყნდება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

8. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კონკრეტულ სფეროში ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება ვრცელდება აღნიშნულ სფეროში მოქმედ შემსყიდველ ორგანიზაციაზე.

მუხლი 252. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი

1. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი:

ა) აწესრიგებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) გამოსცემს განკარგულებებს შიდაორგანიზაციულ საკითხებზე;

გ) თვალყურს ადევნებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით აკონტროლებს ამ ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანამშრომლებს;

ე) განკარგავს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას;

ვ) საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;

ზ) წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე პირებთან ურთიერთობებში;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი კანონით დადგენილი წესით აგებს პასუხს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობისთვის.

4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილეების რაოდენობა და მათი თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 253. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დაფინანსება

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ფინანსდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;

ბ) მის ანგარიშზე გადახდილი, ამ კანონით გათვალისწინებული საფასურით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

2. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიში ჰქონდეს აგრეთვე კომერციულ ბანკში.“.

3. 41-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ცენტრალიზებული შესყიდვა გამოიყენება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხოლო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტითა და შესყიდვის პირობებით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საქონელი, სამუშაო ან მომსახურება ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შეისყიდოს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ანაზღაურების გარეშე ან ანაზღაურებით. ამ ანაზღაურების სავალდებულოობას ან/და ოდენობას განსაზღვრავს ცენტრალური შემსყიდველი ორგანო. აღნიშნული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს:

ა) შესყიდვის პროცედურების დაგეგმვასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევას;

ბ) შესყიდვის პროცედურების შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ და მისივე ხარჯით დაგეგმვასა და განხორციელებას.“;

გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 53-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შესყიდვის პირობების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს ანგარიშზე იხდის შესყიდვის პირობების გამოქვეყნების საფასურს, რომლის ოდენობაა 100 ლარი. მისი გადახდისა და დაბრუნების წესები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ეს საფასური არ ბრუნდება, გარდა ელექტრონული სისტემის გაუმართაობის ან საფასურის შეცდომით ზედმეტად გადახდის შემთხვევისა.“.

5. 55-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეკონომიკური ოპერატორი ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაცხადის წარსადგენად, ხოლო მისი არარსებობისას – წინადადების წარსადგენად სააგენტოს ანგარიშზე იხდის განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურს, რომლის ოდენობაა 100 ლარი. მისი გადახდისა და დაბრუნების წესები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ეს საფასური არ ბრუნდება, გარდა ელექტრონული სისტემის გაუმართაობის ან საფასურის შეცდომით ზედმეტად გადახდის შემთხვევისა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა და მისი გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.

6. 66-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შესყიდვის ობიექტია ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება მისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, საქონლის ერთეულის ფასის გამოთვლასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებული ფილიალის, წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის საზღვარგარეთ წარმომადგენლების მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.“.

7. 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში საბანკო გარანტიის მოთხოვნის სავალდებულოობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი განსხვავებული ზღვარი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.“.

8. 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებისა, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6−მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-6−მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ნოემბერი 2025 წ.

N1057-IVმს-XIმპ