დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1052-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 12/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.05.001.102843 |
|
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე |
მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-13 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობებისა ან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ან საავიაციო სფეროს სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში განხორციელებული საქმიანობისა, აგრეთვე საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საქმიანობისა, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის საქმიანობისა). ამასთანავე, საჯარო მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირისა) უფლება აქვს, ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება მას შეუძლია მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული თანხმობების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვისა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობისა), მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის შესასრულებლად შექმნილ კომისიაში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა) ან საბჭოში (გარდა არაანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შემთხვევისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.“; ბ) მე-18 და 181 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს: ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა საჯარო სამსახურისა, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, იმ საწარმოსი, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილი საწარმოსი) მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე; ბ) ეკავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე; გ) იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე; დ) ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით და სპორტულ საქმიანობებს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 181. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ აქვს უფლება, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობებისა, საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში საქმიანობისა) საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში.“. მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება 2025 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 12 ნოემბერი 2025 წ. N1052-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები