„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1029-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 300200000.05.001.102855
1029-IVმს-XIმპ
11/11/2025
ვებგვერდი, 17/11/2025
300200000.05.001.102855
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №27, 24.05.2010, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენცია − „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენცია;“.

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კანონის მე-6 მუხლში აღნიშნული გარემოებების გარდა, დიზაინის სიახლის დადგენისას საჯაროდ ხელმისაწვდომად მიიჩნევა აგრეთვე საქპატენტში წარდგენილი დიზაინი, რომელსაც აქვს ადრინდელი პრიორიტეტი, მაგრამ გამოქვეყნდა იმ დიზაინზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, რომლის სიახლეც დგინდება. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე საერთაშორისო ბიუროში რეგისტრირებულ იმ დიზაინზე, რომლისთვისაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელება.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. დიზაინის გასაჯაროება

1. დიზაინი საჯაროდ ხელმისაწვდომად მიიჩნევა, თუ იგი გამოქვეყნებული, გამოფენილი ან სავაჭრო მიმოქცევაში ჩართული იყო ან სხვაგვარად გახდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების მიუხედავად, დიზაინი გასაჯაროებულად არ მიიჩნევა, თუ:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებით დიზაინი არ იქნებოდა ხელმისაწვდომი იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამის სფეროში ახორციელებენ საქმიანობას;

ბ) დიზაინის შესახებ ინფორმაცია პირდაპირ ან ირიბად გახდა ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის კონფიდენციალურობის დაცვის პირობით.

3. დიზაინის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება დიზაინის გასაჯაროებად არ მიიჩნევა, თუ ეს ინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე 12 თვის ვადაში:

ა) დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ დიზაინის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით;

ბ) მესამე პირის მიერ დიზაინის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით, თუ მესამე პირისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ამ ინფორმაციის მისთვის მიწოდების ანდა დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ მესამე პირის მიმართ განხორციელებული სხვა ისეთი ქმედების შედეგად, რომლითაც მან მიიღო აღნიშნული ინფორმაცია;

გ) მესამე პირის მიერ დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიმართ განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად.“.

4. მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები

დიზაინი არ რეგისტრირდება, თუ:

ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს;

ბ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც წარდგენილია საქპატენტში ან რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელების მოთხოვნით და გამოქვეყნდა შესაბამისი განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე;

გ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც გამოქვეყნდა შესაბამისი განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღის შემდეგ, მაგრამ წარდგენილია საქპატენტში ან რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელების მოთხოვნით ზემოაღნიშნულ თარიღამდე;

დ) მისი რეგისტრაცია ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან აღიარებულ მორალურ პრინციპებს;

ე) იგი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა ისეთ სიმბოლოს, რომელიც პარიზის კონვენციის 6ter მუხლის საფუძველზე არ ექვემდებარება რეგისტრაციას, ამასთანავე, არ არსებობს საქართველოს ან/და საზღვარგარეთის შესაბამისი კომპეტენტური უწყების სათანადო ნებართვა;

ვ) იგი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საერთაშორისო ორგანიზაციის გერბს, დროშას, ემბლემას ან ნიშანს ანდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს გერბს, დროშას ან ემბლემას, რომელიც არ არის დაცული პარიზის კონვენციის 6ter მუხლით, მაგრამ მის მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს საჯარო ინტერესი, ამასთანავე, არ არსებობს ამ ნიშნის მფლობელის ან/და საქართველოს ან/და საზღვარგარეთის შესაბამისი კომპეტენტური უწყების თანხმობა მის გამოყენებაზე;

ზ) დიზაინად ან მის შემადგენელ ელემენტად გამოსახულია საქონლის ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელსაც ადგილობრივი რეგისტრაციის, ორმხრივი ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე.“.

6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაყოს წარდგენილი განაცხადი ცალკეულ განაცხადებად (გამოცალკევებული განაცხადები).“.

7. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ, „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენციის მიხედვით ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე დიზაინის ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში.“.

8. მე-20 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს, დიზაინის რეგისტრაციის შესახებ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ არსებობს იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძველი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 4პუნქტები:

„41. ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას დიზაინის რეგისტრაციის შესახებ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაცია, თუ შეცვლილი დიზაინი აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს და შენარჩუნებულია თავდაპირველი დიზაინის არსი.

42. დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს:

ა) განმცხადებლის განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი დაცვის დიზაინის ნაწილზე გავრცელებაზე უარს აცხადებს;

ბ) რეესტრის მონაცემებში ან განაცხადში სასამართლოს, სააპელაციო პალატის ან დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის იმ გადაწყვეტილების შეტანით, რომლითაც დიზაინის რეგისტრაცია ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

„მუხლი 211. წინასწარი ძიება

1. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, მიმართოს საქპატენტს წინასწარი ძიების მომსახურების მისაღებად, რათა დადგინდეს, არის თუ არა კონკრეტული დიზაინის იდენტური დიზაინი დაცული საქართველოში საქპატენტში რეგისტრაციის ან დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გავრცელების გზით.

2. საქპატენტი ახორციელებს წინასწარ ძიებას და მის შედეგს აცნობებს დაინტერესებულ პირს მის მიერ წინასწარი ძიების მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. წინასწარი ძიების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.“.

10. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს დიზაინის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურიდან ამ თავით გათვალისწინებულ პროცედურაზე გადასვლა ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე, დიზაინის რეგისტრაციამდე.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

„მუხლი 221. დიზაინის ხელახალი ექსპერტიზა

1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადის განმავლობაში მოითხოვოს დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:

ა) დიზაინი წარმოდგენილია მხოლოდ იმ ნიშნებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით;

ბ) დიზაინის რეგისტრაციისას არსებობდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;

გ) დიზაინი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4−მე-10 პუნქტების მოთხოვნებს;

დ) დიზაინის რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები;

ე) დიზაინში გამოყენებულია განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო და მასზე უფლების მფლობელი, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილია აკრძალოს განმასხვავებელუნარიანი სიმბოლოს ამგვარი გამოყენება.

2. დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) იმის წერილობითი დასაბუთება, რომ დიზაინის რეგისტრაცია ექვემდებარება ბათილად ცნობას;

ბ) ყველა იმ ადრე გაცემული რეგისტრაციის, გამოცემის ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის ასლი, რომელსაც დაინტერესებული მხარე დასაბუთებისას ეყრდნობა. ამასთანავე, თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები უცხოურ ენაზეა წარდგენილი, დაინტერესებული მხარე ვალდებულია 1 თვის ვადაში წარადგინოს მათი სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. საწინააღმდეგო შემთხვევაში უცხოურ ენაზე წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

3. დიზაინის მფლობელს უფლება აქვს, დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს წერილობითი შეპასუხება, რომელიც გათვალისწინებული იქნება დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების დროს.

4. საქპატენტი დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ ან დიზაინის რეგისტრაციის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.

5. დიზაინის რეგისტრაციის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში და შეიტანება რეესტრში.

6. დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს აგრეთვე დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების ან მისი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლებელია დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაციის შენარჩუნება ამ კანონის მე-20 მუხლის 4პუნქტით დადგენილი წესით, თუ შეცვლილი დიზაინი აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს და შენარჩუნებულია თავდაპირველი დიზაინის არსი.

8. დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.“.

12. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ჩატარებისთვის, არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის გამოქვეყნებისა და რეგისტრაციისთვის, დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებისთვის, დიზაინის რეგისტრაციის ძალის ყოველი 5 წლით შენარჩუნებისთვის, წინასწარი ძიების მომსახურებისთვის, სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის, რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანისა და დიზაინის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედების განხორციელებისთვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დადგენილი საფასური.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:

„მუხლი 241. განაცხადის საერთაშორისო ბიუროში წარდგენა საქპატენტის მეშვეობით

1. განმცხადებელს უფლება აქვს, დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს განაცხადი საერთაშორისო ბიუროში საქპატენტის მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის წარდგენის პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.“.

14. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო დიზაინისთვის გამოიყენება ამ კანონის მე-10, მე-12, მე-17, მე-19 და მე-20 მუხლები, 28-ე მუხლი (გარდა 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) და 29-ე−30მუხლები.“.

15. 26-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21. ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიზაინის გამოქვეყნების გადადების შემთხვევაში დიზაინის მფლობელს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქმედებები აკრძალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიზაინის სადავო გამოყენება რეგისტრირებული დიზაინის რეპროდუცირების შედეგია. სადავო ქმედება რეგისტრირებული დიზაინის რეპროდუცირებად არ მიიჩნევა, თუ იგი არის მესამე პირის დამოუკიდებელი შემოქმედების შედეგი, რომლისთვისაც ეს დიზაინი ხელმისაწვდომი არ იყო.“;

ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) დიზაინის გამოყენება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზღვაო ხომალდის, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების შეკეთების მიზნით სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების საქართველოში იმპორტისას;

2) დიზაინის გამოყენება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას;“.

16. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

„მუხლი 261. დიზაინერისა და თანადიზაინერის სახელის უფლება

დიზაინერსა და თანადიზაინერს უფლება აქვთ, მითითებულ იქნენ განაცხადსა და რეესტრში იმგვარად, როგორც გათვალისწინებულია განმცხადებლისა და დიზაინის მფლობელის მისათითებლად.“.

17. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დიზაინის მფლობელის მიერ დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ გასულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დიზაინის მფლობელის − ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ მას არ დარჩა მემკვიდრე, ან დიზაინის მფლობელის − იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ არ არსებობს მისი უფლებამონაცვლე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაცია გაუქმებულად არ მიიჩნევა, თუ დიზაინის მფლობელი დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადის ამოწურვის დღიდან 6 თვეში გადაიხდის შემდგომი პერიოდისთვის მისი რეგისტრაციის მოქმედების ვადის საფასურს, ამასთანავე, დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების დაწყებიდან არ არის გასული 25 წელი. ამ პუნქტით განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გაშვების შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაცია უქმდება მისი რეგისტრაციის მოქმედების ვადის ამოწურვის დღიდან, მისი აღდგენის უფლების გარეშე.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21−2პუნქტები:

„21. თუ დიზაინის მფლობელი რამდენიმეა, დიზაინის რეგისტრაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს დიზაინის ყველა მფლობელის თანხმობით.

22. დიზაინის რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება შეეხოს მრავლობითი განაცხადით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე დიზაინს.

23. თუ რეესტრში რეგისტრირებულია დიზაინზე გაცემული ლიცენზია, დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დიზაინის მფლობელის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარადგენს იმის მტკიცებულებას, რომ მან აცნობა ლიცენზიატს თავისი გადაწყვეტილების თაობაზე.“;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების შედეგად დიზაინის რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად მიიჩნევა დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის რეესტრში შეტანის დღიდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ე) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.“.

18. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

1. დიზაინის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო, თუ დადგინდა, რომ:

ა) დიზაინი წარმოდგენილია მხოლოდ იმ ნიშნებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით;

ბ) დიზაინის რეგისტრაციისას არსებობდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;

გ) დიზაინი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4−მე-10 პუნქტების მოთხოვნებს;

დ) დიზაინის რეგისტრაციისას განმცხადებელი ან დიზაინის მფლობელი არ იყო უფლებამოსილი პირი ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად;

ე) დიზაინის რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები;

ვ) დიზაინში გამოყენებულია განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო და მასზე უფლების მფლობელი, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილია აკრძალოს განმასხვავებელუნარიანი სიმბოლოს ამგვარი გამოყენება;

ზ) დიზაინის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით განხორციელდა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაცვლად შეიძლება მოითხოვოს დიზაინის რეგისტრაციით მინიჭებული/რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა. თუ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მითითებულ იქნეს თანაგანმცხადებლად, მას შეუძლია მოითხოვოს დიზაინის თანამფლობელობა.

3. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების ან მისი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა დასაშვებია დიზაინის გამოქვეყნებიდან 3 წლის განმავლობაში. აღნიშნული ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი, რომელიც დიზაინის რეგისტრაციისას არ იყო უფლებამოსილი პირი, განაცხადის წარდგენის ან დიზაინზე უფლებების მიღების დროს არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებდა.

5. მრავლობითი განაცხადის ან გაერთიანებული განაცხადის შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი შეიძლება შეეხებოდეს ერთ ან რამდენიმე დიზაინს.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა შეიძლება მოითხოვონ შემდეგმა პირებმა:

ა) „ა“, „ბ“, „გ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე − დაინტერესებულმა პირმა;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე − მხოლოდ იმ პირმა, რომელიც არის უფლებამოსილი პირი ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად;

გ) „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე − მხოლოდ საავტორო უფლების მფლობელმა;

დ) „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე − მხოლოდ განმასხვავებელუნარიან სიმბოლოზე უფლების მფლობელმა.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დიზაინის მფლობელის შეცვლის შემთხვევაში დიზაინის უფლებამოსილი მფლობელის შესახებ მონაცემების რეესტრში შეტანის მომენტიდან აღნიშნულ დიზაინზე ყველა ადრე გაცემული ლიცენზია და სხვა უფლება გაუქმებულად მიიჩნევა.

8. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრამდე დიზაინის მფლობელმა ან ლიცენზიატმა დაიწყო დიზაინის გამოყენება ან მისი გამოყენების დაწყებისთვის მნიშვნელოვანი და ეფექტიანი მოსამზადებელი სამუშაოები გასწია, იგი უფლებამოსილია დიზაინის ახალი მფლობელის შესახებ მონაცემების რეესტრში შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში მისგან მოითხოვოს არაექსკლუზიური კერძო ლიცენზია. ეს ლიცენზია უნდა გაიცეს იმ ვადით, რომელიც საჭიროა აღნიშნული სარჩელის აღძვრამდე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომლითაც დიზაინის ადრინდელი მფლობელი ან ლიცენზიატი ახორციელებდა საქმიანობას სარჩელის აღძვრამდე.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტი არ გამოიყენება, თუ დიზაინის არაუფლებამოსილი მფლობელი ან ლიცენზიატი დიზაინის გამოყენების დაწყებისას ან მისი გამოყენების დაწყებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გაწევისას არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებდა.

10. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შედეგად რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად მიიჩნევა დიზაინზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლებელია დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაციის შენარჩუნება ამ კანონის მე-20 მუხლის 4და 4პუნქტებით დადგენილი წესით.“.

19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:

„მუხლი 291. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების უკუძალა

დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უკუძალა არ აქვს:

ა) თუ დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა იმავე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დადებული და აღსრულებული გარიგების მიმართ.“.

მუხლი 2

1. განაცხადი, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების დღისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში − „საქპატენტში“ საქმის წარმოება მიმდინარეობს, განიხილება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

2. 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. 2026 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“ უზრუნველყოს:

ა) „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებით დამტკიცებული „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე ინსტრუქციის“ ამ კანონთან შესაბამისობა;

ბ) „საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 18 მარტის №02 ბრძანებით დამტკიცებული „საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულების“ ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-8, მე-9, მე-11, მე-12 და მე-18 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8, მე-9, მე-11, მე-12 და მე-18 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

11 ნოემბერი 2025 წ.

N1029-IVმს-XIმპ