საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 053
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 30/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060010.70.082.016181
053
30/10/2025
ვებგვერდი, 30/10/2025
110060010.70.082.016181
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №053

2025 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ თანდართული წესი.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს პროკურატურის მუშაკთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 3 აგვისტოს №13 ბრძანება.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) თანამშრომელთა მატერიალური პასუხისმგებლობის საფუძვლებს.

2. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია, გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას პროკურატურის მატერიალური ფასეულობები.

3. პროკურატურის აქტივების (შემდგომში – ქონება) ადმინისტრირებაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში – ეკონომიკური დეპარტამენტი).

მუხლი 2. პროკურატურის თანამშრომლის მოვალეობები

1. პროკურატურის თანამშრომელი პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე.

2. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია:

ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;

ბ) ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების (სათანადო გამოყენების შედეგად ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით), დანაკარგის ან განადგურების შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;

გ) არ გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ქონება პროკურატურის სხვა თანამშრომელს  უშუალო ხელმძღვანელთან და საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკური დეპარტამენტთან შეთანხმებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გარეშე.  

მუხლი 3. ეკონომიკური დეპარტამენტის მოვალეობები

ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო, ამ ბრძანების მიზნებისთვის, უზრუნველყოფს:

ა) პროკურატურის ბალანსზე რიცხული ქონების დაცვას;

ბ) პროკურატურის ბალანსზე რიცხული და შესყიდული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი აქტივების მიღებასთან, აღრიცხვასთან, დასაწყობებასთან და გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოებას;

გ) ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ორგანიზებისა და ჩატარების პროცესში მონაწილეობას.

მუხლი 4. კონტროლი და შემოწმება

გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსები, ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები ვალდებულნი არიან:

ა) განახორციელონ კონტროლი პროკურატურის ბალანსზე რიცხული იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს  პროკურატურის შესაბამის ორგანოებს ან სტრუქტურულ დანაყოფებს;

ბ)  უზრუნველყონ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული ქონების სათანადო მდგომარეობაში ექსპლუატაცია, მის დაქვემდებარებაში მყოფი პროკურატურის თანამშრომლის ფაქტობრივ მფლობელობაში და მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენება;

გ) ეკონომიკურ დეპარტამენტის უფროსს დაუყოვნებლივ შეატყობინონ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, დანაკარგის ან განადგურების შესახებ;

დ) წარმოადგინონ ქონების დაზიანების, დანაკარგის ან განადგურების გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელი ყველა სახის დოკუმენტაცია;

ე) პროკურატურის ორგანოს ან სტრუქტურული დანაყოფის ქონება პროკურატურის ერთი თანამშრომლისგან მეორეს გადასცენ მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით, რაც წარედგინება ეკონომიკურ დეპარტამენტს.

 მუხლი 5. ინვენტარიზაცია

ეკონომიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს ინვენტარიზაცის ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.  

მუხლი 6. ქონების დაბრუნება

1. პროკურატურიდან დათხოვნის  შემთხვევაში პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია პროკურატურის შესაბამის უფლებამოსილ  პირებს მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს ყველა ის მატერიალური ფასეულობა, რომელიც მას სარგებლობაში გადაცემული აქვს პროკურატურიდან დათხოვნის მომეტისთვის.

2. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია პროკურატურიდან დათხოვნიდან 5 დღის ვადაში გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში წარადგინოს პროკურატურის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების ჩაბარების დამადასტურებელი აქტი – შემოვლის ფურცელი. 

მუხლი 7. ზიანის ანაზღაურება

პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს პროკურატურისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. დისციპლინური პასუხისმგებლობა

პროკურატურის ქონების შენახვისა და მოვლის წესების დარღვევის, მესამე პირთათვის შესაბამისი წესის დარღვევით გადაცემის, გაუფრთხილებელი მოპყრობის, დაზიანების ან განადგურებისთვის პროკურატურის თანამშრომელს შესაძლოა, დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა.


საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე