„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 29/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 080090020.19.012.016080
1
29/10/2025
ვებგვერდი, 30/10/2025
080090020.19.012.016080
„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №1

2025 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 08/06/2020, 080090020.19.012.016075) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ანგარიშვალდებული პირის მიერ გადახდის თვითმომსახურების კიოსკის და ვირტუალური აქტივის თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით კლიენტის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაზე.“;

ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდის თვითმომსახურების კიოსკის და ვირტუალური აქტივის თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ვერიფიკაციის მიზნით მოიპოვოს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო მონაცემები და ფოტოსურათი.“.

2.  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ერთჯერადი გარიგების თანხა ან დაკავშირებული გარიგებების ჯამური თანხა 15 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 15 000 ლარის ეკვივალენტს, ხოლო კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი გარიგების დადების შემთხვევაში − 1 000 აშშ დოლარს, 1 000 ევროს ან 3 000 ლარს არ აღემატება; ან“.

3. მე-5 მუხლის 31 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია არ განახორციელოს ფიზიკური პირის ვერიფიკაცია, თუ ერთჯერადი გარიგება დადებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების (tax free) მიზნებისათვის საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტში განთავსებულ ფილიალში და ერთჯერადი გარიგების თანხა არ აღემატება 1 500 ლარს ან უცხოურ ვალუტაში მის ეკვივალენტს.“.

4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია

1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, გაზარდოს მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე.

2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია გამოვლენილი რისკების შესაბამისად, მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის გაძლიერებული იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის ღონისძიებები განახორციელოს, მათ შორის:

ა) მოიპოვოს  დამატებითი ინფორმაცია კლიენტის შესახებ;

ბ) კლიენტის ვერიფიკაციის მიზნით, ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა, დამატებით გამოიყენოს სხვა სანდო და დამოუკიდებელი წყარო.

3. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია, გამოვლენილი რისკების შესაბამისად, ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის გამარტივებული იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის ღონისძიებები განახორციელოს, მათ შორის:

ა) კლიენტის ვერიფიკაცია დაასრულოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ბ) კლიენტი იურიდიული პირის ვერიფიკაციის მიზნით, ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტებისგან განსხვავებული სანდო წყარო გამოიყენოს;

გ) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები განაახლოს ამ წესის მხოლოდ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. დაუშვებელია კლიენტის გამარტივებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ღონისძიებების განხორციელება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობისას.“.

5. მე-16 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, აღრიცხოს და შეინახოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს დაუყოვნებლივ მისი კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას – აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება.“;

ბ)  მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ფინანსურმა ინსტიტუტმა ამ წესის მე-5 მუხლის 31 პუნქტის ფარგლებში განხორციელებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების (tax free) ოპერაციის ფარგლებში დადებულ ერთჯერად გარიგებასთან დაკავშირებით, უნდა შეინახოს ინფორმაცია საქართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტის შესახებ, სავაჭრო ობიექტის მიერ გამოწერილი ჩეკი, საქონლის სახეობა, გადასახადის თანხის დაბრუნებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი (მონაცემი) და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიგენადი ლებანიძე