„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 15/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016096
05/28
15/09/2025
ვებგვერდი, 16/09/2025
040030000.22.088.016096
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის მინისტრი
 

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №05/28

2025 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანების (სსმ, №59, 27/04/2007, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.028.010.231) მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდება ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის მინისტრითინათინ რუხაძე




საჯარო სამართლის იურიდიული პირისსკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის წესდება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებელი (შემდგომ – სასწავლებელი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანების საფუძველზე.

2. სასწავლებელი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ წესდებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

3. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

4. სასწავლებელი შექმნილია და ფუნქციონირებს ქ. თბილისის საბავშვო სამხატვრო სკოლა-ათწლედის ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.

5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სასწავლებელი საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

6. სასწავლებელს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, ბიუჯეტი და სათანადო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. სასწავლებლის იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, ათონელის ქ. №5.

მუხლი 2. სასწავლებლის მიზნები და ფუნქციები

1. სასწავლებლის საქმიანობის მიზნებია:

ა) მისცეს მოსწავლეებს საშუალო სამხატვრო განათლება (სწავლების ხანგრძლივობა არის 10 წელი);

ბ) მოიზიდოს შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე მოზარდები და ხელოვნებასთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნით ხელი შეუწყოს პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას, გარე სამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებას;

გ) მოამზადოს მოსწავლეები უმაღლესი აკადემიური და პროფესიული სამხატვრო განათლების მისაღებად.

2. სასწავლებლის ამოცანებია:

ა) აზიაროს მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საფუძვლებს;

ბ) გააცნოს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები;

გ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე, შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების სისტემატურ გაღრმავებასა და რეალიზებაზე, შემოქმედებითი მუშაობის აქტივიზაციაზე;

დ) გამოუმუშაოს მოსწავლეებს სამყაროს მხატვრული აღქმის, საკუთარი ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევები პრაქტიკული მხატვრული აქტივობების განვითარებით;

ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 3. სასწავლო პროცესის ორგანიზება

1. სასწავლებელში სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხები, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი პროგრამების გათვალისწინებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სასწავლებელში ახალი ჯგუფი შესაძლებელია გაიხსნას სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაბამისი ადამიანური რესურსისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში.

2. სასწავლებელში სწავლის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილებს 7 წლის ასაკიდან (სრული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მე-2 და მე-3 კლასი). ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები სასწავლებელში მიიღებიან საერთო წესით.

3. სასწავლებლის ნებისმიერ კლასში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე, რომლის წესი და პირობები განისაზღვრება სასწავლებლის დირექტორის ბრძანებით.

4. სასწავლებელში მოსწავლეთა ჩარიცხვა ხდება მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის სამართლებრივი აქტით. დირექტორის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ამ პუნქტით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი.

5. სასწავლებელში მოსწავლეთა ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა მტკიცდება სასწავლებლის დირექტორის ბრძანებით.

6. სასწავლებელში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ჯგუფური გაკვეთილი, კლასგარეშე მუშაობა და საზაფხულო სასწავლო პრაქტიკა.

7. სასწავლებლის დამთავრებისას გაიცემა სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა.

8. სასწავლებელში სწავლა ფასიანია. სწავლის საფასურის ოდენობა განისაზღვრება სასწავლებლის დირექტორის ბრძანებით.

9. სასწავლებელში შეღავათები შესაძლებელია დადგინდეს დირექტორის სამართლებრივი აქტით.

10. სწავლის ორგანიზების სტანდარტული ფორმების გარდა, სასწავლებელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლება განახორციელოს ხანმოკლე ან გრძელვადიანი სპეციალური კურსების სახით, მასტერ-კლასების და სწავლების სხვა ფორმების მეშვეობით, რომელთა პროგრამა და სწავლების პირობები, მათ შორის, სწავლების შინაარსი და მიზანი, ხანგრძლივობა და საფასური, განისაზღვრება სასწავლებლის დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 4. სასწავლებლის მართვა

1. სასწავლებელს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომ – დირექტორი), რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სასწავლებლის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება და პედაგოგიური/შემოქმედებითი საქმიანობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.

3. დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს სასწავლებლის საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს სასწავლებლის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ბ) ზედამხედველობას უწევს სასწავლებლის სტრუქტურულ ერთეულ(ებ)ს, მათ მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, საქმიანობის კანონიერებასა და მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) სასწავლებელში წარმართავს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასწავლებლის თანამშრომლებს და სტაჟიორებს, განსაზღვრავს მასწავლებელთა დატვირთვისა და შრომის ანაზღაურების პირობებს;

ე) სასწავლებლის სახელით დებს გარიგებებს, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს მემორანდუმებს, ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს;

ვ) ამტკიცებს სასწავლებლის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს;

ზ) ამტკიცებს სასწავლებლის შრომის შინაგანაწესს;

თ) დადგენილი წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სასწავლებლის თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;

ი) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლებლის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;

კ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სასწავლებლის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრულ ოდენობას;

ლ) პასუხისმგებელია სასწავლებლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე;

მ) ხელს აწერს სასწავლებლის ოფიციალურ დოკუმენტებს;

ნ) სასწავლებლის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, გასცემს მინდობილობებს;

ო) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ;

პ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უფლებამოსილია გასცეს თანამშრომლებზე სახელფასო დანამატი;

რ) წარმოადგენს სასწავლებელს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ს) მასწავლებლების საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს;

ტ) ამტკიცებს მისაღები, კლასიდან კლასში გადასაყვანი და გამოსაშვები გამოცდების კომისიის შემადგენლობას და მისი საქმიანობის წესს;

უ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასწავლებლის წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

ფ) ამტკიცებს სასწავლებლის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის სამუშაო გეგმებს;

ქ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. დირექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი აკადემიური სამხატვრო განათლება და პედაგოგიური/შემოქმედებითი საქმიანობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.

5. დირექტორის მოადგილე:

ა) კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს სასწავლებლის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ავიზებს სასწავლებელში მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) ასრულებს ამ წესდებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. დირექტორის არყოფნის, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან გათავისუფლების შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, ხოლო დირექტორისა და მისი მოადგილის ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში – მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა პირი.

მუხლი 5. სასწავლებლის სტრუქტურა და სწავლების ძირითადი მიმართულებები

1. სასწავლებელში ფუნქციონირებს ადმინისტრაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორი.

2. სასწავლებელში ოთხი წლის განმავლობაში (I-IV კლასი) სწავლება ხორციელდება ერთიანი სასწავლო გეგმით, რაც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ეზიარონ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საფუძვლებს.

3. სასწავლებელში I–IV კლასის ჩათვლით სასწავლო მიმართულებებია:

ა) კომპოზიცია;

ბ) ფერწერა;

გ) გრაფიკა;

დ) ძერწვა;

ე) თოჯინები;

ვ) ქსოვა.

4. სწავლების მე-5 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით სასწავლებელში ფუნქციონირებს შემდეგი ჯგუფი:

ა) ფერწერის;

ბ) გრაფიკის;

გ) ქანდაკების;

დ) გამოყენებითი ხელოვნების.

მუხლი 6. სასწავლებლის პედაგოგი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი

1. სასწავლებლის მასწავლებლად მუშაობის უფლება აქვს უმაღლესი აკადემიური სამხატვრო განათლების მქონე პირს. იგი უნდა ახორციელებდეს საქმიანობას დიპლომით განსაზღვრული კვალიფიკაციის შესაბამისად.

2. სასწავლებლის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სასწავლებლის საშტატო ნუსხით განსაზღვრული სხვა თანამშრომლები.

3. სასწავლებლის თანამშრომლებს საშტატო და არასაშტატო პოზიციებზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი. მათი ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, შინაგანაწესით ან/და სამუშაო აღწერილობით.

მუხლი 7. მასწავლებლების საბჭო

1. სასწავლებელში დირექტორის ბრძანებით იქმნება მასწავლებლების საბჭო (შემდგომ – საბჭო) .

2. საბჭოს შემადგენლობაში შედის სასწავლებლის ყველა მასწავლებელი.

3. საბჭოს ხელმძღვანელობს დირექტორი.

4. საბჭო:

ა) ადგენს საბჭოს მუშაობის რეგლამენტს და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად;

ბ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასწავლებლის წლიურ სამუშაო გეგმას;

გ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასწავლებლის სასწავლო გეგმებს;

დ) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის ხელმძღვანელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით;

ე) იხილავს სასწავლებელში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს და დირექტორს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს.

5. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და სხდომის მდივანი.

მუხლი 8. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლი

1. სასწავლებლის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სასწავლებლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სასწავლებლის მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

4. სასწავლებელს, მხოლოდ სამინისტროს თანხმობით, შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სასწავლებლის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 9. სასწავლებლის ფინანსები და ქონება, აღრიცხვა და ანგარიშგება

1. სასწავლებლის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;

ე) კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები ხმარდება მხოლოდ სასწავლებლის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მისი უფლებამოსილებისა და ფუნქციების აღსრულებას.

3. დასახული მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად სასწავლებელს აქვს ქონება. სასწავლებლის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც სასწავლებელს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სასწავლებელი პასუხისმგებელია საკუთარ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვასა და გამოყენებაზე.

5. სასწავლებელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.

6. სასწავლებლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს სამინისტრო.

მუხლი 10. სასწავლებლის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

სასწავლებლის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

მუხლი 11. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი

წესდებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.