დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240090000.18.011.016952 |
|
„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 23/09/2020, ს/კ: 240090000.18.011.016501) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2-მე-5 და მე-7 პუნქტებით, მე-6-მე-10 მუხლებით, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება შესაბამისად ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაზე, მისი მმართველი ორგანოს წევრებზე და ამავე კომპანიაში დასაქმებულ, ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ სხვა პირებზე, თუ საინვესტიციო კომპანიას დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი. რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც არ დაუნიშნავს აქტივების მმართველი, მისი მმართველი ორგანოს წევრებზე, ამავე კომპანიაში დასაქმებულ, ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ სხვა პირებზე და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებზე ვრცელდება ამ წესის მე-5 და მე-10 მუხლებითა და მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-4-მე-8 პუნქტებით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები.“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, აგრეთვე, ინფორმაცია/დოკუმენტაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ, რომელიც უნდა ადასტურებდეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: გ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გ.ა.ა) ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად შევსებულ დეკლარაციასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; გ.ა.ბ) ინფორმაციას მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ; გ.ა.გ) ამ წესის დანართი №6-ის შესაბამისად შევსებულ პირად რეზიუმეს; გ.ა.დ) ცნობას ნასამართლობის შესახებ თითოეული იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც/მოქალაქესაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის მანძილზე; გ.ა.ე) მონაცემებს ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლის წარმომავლობის შესახებ, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: გ.ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს; გ.ბ.ბ) ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას; იმ შემთხვევაში, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ეროვნული ბანკისთვის წერილობითი მიმართვის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული, ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშგებას (არსებობის შემთხვევაში აუდიტირებულს); გ.ბ.გ) ცნობას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ; დ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს ყველა წევრის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ადასტურებდეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2-მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: დ.ა) ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად შევსებულ დეკლარაციასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; დ.ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლსა და ამ წესის დანართი №6-ის შესაბამისად შევსებულ პირად რეზიუმეს; დ.გ) რეკომენდატორების ვინაობას, მათ საკონტაქტო ინფორმაციას და, სულ მცირე, ორ სარეკომენდაციო წერილს; დ.დ) ცნობას ნასამართლობის შესახებ თითოეული იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც/მოქალაქესაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის მანძილზე; დ.ე) ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის წერილობით დასტურს, რომ მის მიერ შემოწმებულია მმართველი ორგანოს წევრის შესახებ ინფორმაცია, რომ ის აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და რომ ეს ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია; დ.ვ) აღმასრულებელი ფუნქციების მქონე მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, სამუშაოს აღწერილობასა და ინფორმაციას მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ; დ.ზ) ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად ყველა იმ გარემოების აღწერას, რომლებიც შესაძლოა გახდეს ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი და საფრთხე შეუქმნას მმართველი ორგანოს წევრის დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას, აგრეთვე ინფორმაციას პარალელურად დაკავებული პოზიციების შესახებ;“; ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ფილიალის ხელმძღვანელი და წარმომადგენელი პირების შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2-მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან აღნიშნული პირების შესაბამისობას;“. გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მმართველი ორგანოს წევრებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაფერისობის კრიტერიუმები 1. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ყოველ ეტაპზე აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს წევრები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს და არ უნდა ექცეოდნენ ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე აკრძალვის ქვეშ. 2. აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს საკმარისად კარგი რეპუტაცია და საკმარისი გამოცდილება. 3. აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს თითოეული წევრი უნდა ავლენდეს საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას და აკმაყოფილებდეს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობებისა და პოზიციის გათვალისწინებით სათანადო კრიტერიუმებს კვალიფიციურობასთან, პროფესიულ გამოცდილებასთან და კომპეტენტურობასთან მიმართებით. 4. აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს საფინანსო სფეროში რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება. 5. აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალიზაციით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად. 6. აქტივების მმართველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირები უნდა იყვნენ შესაფერისი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აქტივების მმართველის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვა. 7. პირს ეკრძალება იყოს აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს წევრი ან აქტივების მმართველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ: ა) აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, მას ჩამორთმეული აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება; ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის; გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის; დ) აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, სასამართლომ იგი ცნო მხარდაჭერის მიმღებად. 8. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები მმართველი ორგანოს წევრების მიმართ აგრეთვე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საქმიანობის დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა.”. 2. დანართები №1-№3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. დაემატოს №4-№6 დანართები თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების მიზნით ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზეც.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები