დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | მოქალაქეობის საკითხთა კომისია |
| მიღების თარიღი | 31/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110000.69.081.016010 |
|
„საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მოქალაქეობის საკითხთა კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04/09/2018 წ., 010110000.69.081.016002) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ფაქტის დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული და საქართველოში 5 წლის განმავლობაში მცხოვრები არასრულწლოვანი ლტოლვილის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირისათვის ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას არ მოწმდება ნატურალიზაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობა.“. 2. მე-19 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში კომისია აფასებს სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები; ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. 6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას კომისია იღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირის სარწმუნო კავშირის არსებობის ან არარსებობის შესახებ.“. 3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის მიმართ არსებობს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნატურალიზაციაზე უარის თქმის საფუძვლები, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას.“. 4. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველმა ლტოლვილმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს: ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და ფლობს აღნიშნულ დოკუმენტს); ბ) ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ლტოლვილის სტატუსის დადგენის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბინადრობის მოწმობა.“. 5. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ არასრულწლოვან ლტოლვილს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების შეუმოწმებლად.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები