„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 18/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.025149
257
16/07/2025
ვებგვერდი, 17/07/2025
010240010.10.003.025149
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №257

2025 წლის 16 ივლისი

 ქ. თბილისი

 

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2017, 010240010.10.003.019825) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:  

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24 1 მუხლისა და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  დებულება“.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული:

ა) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა“ ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 18 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



დანართი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრის აპარატი) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლისა და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილების შესაბამისად, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების განხორციელებისას  სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ანგარიშვალდებულია საქართველოს  მთავრობის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

4. სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

5. სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

6. სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხაზინაში ანგარიში და ხარჯთა ნუსხა.

7. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

8. სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს ბეჭედი, სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

9. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ სახელმწიფო დროშისა და სახელმწიფო გერბის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.

10. სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს ემბლემა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ემბლემა გამოიყენება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბლანკებსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესასვლელების აბრებზე, ასევე შეიძლება, ასახულ იქნეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ვებგვერდზე, აპარატის  საქმიანობაში გამოსაყენებელ დოკუმენტებზე, თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდვით გამოცემებზე, საკანცელარიო და სხვა დანიშნულების ნივთებსა და სუვენირებზე.

11. სახელმწიფო მინისტრის აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7, საფოსტო ინდექსი – 0105.

მუხლი 2. სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის სფერო

სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:

ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (შემდგომში − ოკუპირებული ტერიტორიები) მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა, შესაბამის განმახორციელებელ დარგობრივ სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით;

ბ) საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა, შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი, პოლიტიკის განმახორციელებელ დარგობრივ სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და მათი ოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფო პროგრამის წარმართვა და განხორციელების კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

მუხლი 3. სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენცია და ძირითადი ამოცანები

1. შერიგებისა და ჩართულობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკისა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების წარმართვა და განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება; პოლიტიკის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ანგარიშების საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

ბ) უკანონო ოკუპაციის შედეგად გაყოფილი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოების წევრებს შორის შერიგების პროცესის, ადამიანთა შორის კონტაქტების გაღრმავებისა და ნდობის აღდგენის, საერთო  ინტერესის საკითხების გარშემო დიალოგისა და თანამშრომლობის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისკენ  მიმართული სხვადასხვა ინიციატივის, პროგრამისა და პროექტის ხელშეწყობა. აღნიშნული მიმართულებებით დონორების, განმახორციელებელი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, საქართველოს კანონმდებლობისა და შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების შესაბამისად;

გ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, მათ შორის, ხარისხიან ჯანდაცვაზე, განათლებასა და სხვა სახელმწიფო პროგრამებზე/სერვისებზე წვდომის, ასევე მათზე საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნილი შესაძლებლობების გავრცელების ხელშეწყობა;

დ) საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის საქმიანობის ხელშეწყობა;

ე) შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი ნეიტრალური სტატუსის მქონე მექანიზმების ხელშეწყობა და შემდგომი განვითარება;

ვ) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა-შესწავლასა და მათზე რეაგირებასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია განმახორციელებელ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის გზით;

ზ) სამშვიდობო პროცესში არსებითი საზოგადოებრივი ჩართულობის მხარდაჭერის, მათ შორის, ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და სხვა სამიზნე ჯგუფების როლის გაზრდისა და მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატებისა და პლატფორმების შექმნა/წარმართვა;

თ) „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების“ შესაბამისად, სამშვიდობო პროცესში ქალთა და სამოქალაქო საზოგადოების ქალთა საკითხებზე მომუშავე აქტორების, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების როლის გაძლიერება და  ჩართულობის ხელშეწყობა;

ი) შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებული კვლევების ხელშეწყობა.

2. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა და განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება; პოლიტიკის თაობაზე წინადადებების შემუშავება და ანგარიშების საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

ბ) სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო სტრატეგიისა და კონსოლიდირებული სამოქმედო გეგმების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმებისა და მიზნობრივი კვლევების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის დონის ამაღლების, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის, სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი მოსახლეობის ქვეყნის სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების განმტკიცების ხელშეწყობა, მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული შესაბამისი მექანიზმებისა და სიახლეების ინიციირება;

დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და მონაწილეობის მხარდასაჭერად, საკონსულტაციო მექანიზმების ფარგლებში, საქმიანობის ორგანიზება-წარმართვა და ხელშეწყობა როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე;

ე)  სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების  ხელშეწყობა;

ვ)  სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისა და ქალების, ასევე სხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობისა და როლის გაძლიერების ხელშეწყობა;

ზ) ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციასთან დაკავშირებული საკითხების წარმართვა/კოორდინაცია, კანონმდებლობის საფუძველზე, რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება.

3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და მათი ოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და მათი ოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფო პროგრამის წარმართვა და განხორციელების კოორდინაცია. პროგრამის ეფექტიანობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, წინადადებების შემუშავება და ანგარიშების საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა;

ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის პროცესის ხელშეწყობა და მასში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა, მათ შორის, აღნიშნული მიმართულებით პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნიკურ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო აქტორებთან სისტემური კოორდინაცია;

გ) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით მოქმედი ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის საქმიანობაში მონაწილეობა;

დ) სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პროცესში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებთან კომუნიკაცია და მათი თანადგომა.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ამოცანებსა და კომპეტენციას ასევე განეკუთვნება სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის სფეროს ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებებით:

ა) პოლიტიკის ანალიზი და დაგეგმვის, შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

ბ) სამთავრობო და უწყებათაშორისი კომისიების ხელმძღვანელობა, საქმიანობის წარმართვა და ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობა და მოლაპარაკებების წარმართვა/მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციების, სტრატეგიული და საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან, მათ შორის, შესაბამის საერთაშორისო ინსტრუმენტებსა და ფორმატებში;

დ) საზოგადოებასთან სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვა;

ე) ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის განსაკუთრებულ საჭიროებებზე ორიენტირებული, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 4. სახელმწიფო მინისტრი

1. სახელმწიფო მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სახელმწიფო მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, წყვეტს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე;

გ) დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ანგარიშს;

დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სახელმწიფო მინისტრის აპარატის წლიური ბიუჯეტის საკითხებზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას განსახილველად წარმოუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ვ) უფლებამოსილია კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის ან გადაწყვეტილების მოსამზადებლად, შექმნას სათათბირო ორგანოები − კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;

ზ) განსაზღვრავს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საინფორმაციო და სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკას;

თ) წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატს და ანიჭებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  წარმომადგენლობის უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:

ი.ა) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს;

ი.ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეების სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეებისათვის;

მ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, განკარგულებებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის განსაზღვრულ სხვა ამოცანებს, ასევე  ამ დებულებით  მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. სახელმწიფო  მინისტრის  მოადგილეები

1. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით  სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სახელმწიფო მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე სახელმწიფო მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

3. სახელმწიფო მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

მუხლი 6. სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურა

1. სახელმწიფო მინისტრის აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტი;

ბ) სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტი;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ  პირთა მოძიების და ოჯახებისთვის გადაცემის საკითხთა საკოორდინაციო სამსახური;

დ) ადმინისტრაციული სამსახური.

2. სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის ხელშეწყობისა და ორგანიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო მინისტრის აპარატში იქმნება სახელმწიფო მინისტრის სამდივნო.

მუხლი 7. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება სახელმწიფო მინისტრს, სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს ან სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს.

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) სტრუქტურულ ერთეულს უსახავს გრძელვადიან და მოკლევადიან ამოცანებს. მათი მიღწევის მიზნით შეიმუშავებს, წარმართავს და აკონტროლებს სამუშაო გეგმის განხორციელების პროცესს, პასუხისმგებელია დათქმულ ვადებში მის ხარისხიან შესრულებაზე; ამ მიზნით, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს დავალებებს და  აძლევს მათ მითითებებს;

გ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს კომუნიკაციას და თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, სამოქალაქო სექტორის, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; 

დ) მონაწილეობს შესაბამისი თემატური უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ღონისძიებებსა და შეხვედრებში;

ე) განიხილავს კორესპონდენციებს და დროულად რეაგირებს მათზე; ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;

ვ) ახდენს ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირებას, ხელმძღვანელს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის არგუმენტირებულ, დასაბუთებულ პოზიციასა და წინადადებებს იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობა;

ზ) ხელმძღვანელობს და აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

თ)  აწარმოებს ხელმძღვანელის რეგულარულ ინფორმირებას მიმდინარე მოვლენებისა და მნიშვნელოვანი განვითარებების  შესახებ; ამასთანავე, ახდენს ხელმძღვანელთან ანგარიშგებას დავალების შესრულების შედეგების თაობაზე;

ი) სახელმწიფო მინისტრს, სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს ან სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების შესახებ; 

კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;

ლ) აწარმოებს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შეფასებას, დადგენილი სტანდარტებისა და კრიტერიუმების შესაბამისად; ახდენს მათ განვითარება/მოტივაციაზე ორიენტირებული და დისციპლინური/წახალისების ღონისძიებების ინიციირებას ხელმძღვანელთან; შუამდგომლობს სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

მ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას;

ნ) პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ/განხორციელებულ  პროექტებზე, შედეგებზე, სხვადასხვა სახის ანგარიშებსა და მასალებზე;

ო) ასრულებს ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის სამსახურებრივ დავალებებს.

მუხლი 8. შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტი

შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით, შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკისა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის წარმართვა, დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება, განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადება და შეთანხმება;

ბ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების თაობაზე სათანადო ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და მნიშვნელოვანი განვითარებების შესახებ შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება და ანგარიშგება;

გ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან ჯანდაცვაზე, განათლებასა და სხვა სახელმწიფო პროგრამებზე/სერვისებზე წვდომის ხელშეწყობა;

დ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა-გამოვლენასთან დაკავშირებით შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია, ანალიტიკური ბარათებისა და რეკომენდაციების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების ხელშეწყობა, დარგობრივ სამინისტროებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის გზით;

ე) შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამშვიდობო ინიციატივების, დეპოლიტიზირებული/სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული მექანიზმების, ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირება, წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;   

ვ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექტების ადმინისტრირება, სხვა მიმდინარე და განხორციელებული პროექტების თაობაზე აღნიშნულ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;

ზ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და IPRM-ის შეხვედრებში მონაწილეობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების მიზნით, ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;

ი) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კომუნიკაცია და თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან;

კ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, თემატური უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ღონისძიებებსა და ქართულ-აფხაზურ/ქართულ-ოსურ ნდობის აღდგენის პროექტებსა და შეხვედრებში ჩართულობა;

ლ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის კოორდინაცია, მოლაპარაკებისა და კონსულტაციების წარმართვა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე  აღებული  ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტებისა და ღონისძიებებისთვის შესაბამისი მასალების/დოკუმენტების მომზადება;

ნ) უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შინაარსობრივი, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა;

ო) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და სახელმწიფო მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 9. სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტი

სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა, შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება, მონაცემების შეგროვება-ანალიზის საფუძველზე, განვითარების თაობაზე წინადადებების მომზადება და შეთანხმება;

ბ) ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი მოსახლეობის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ქვეყნის სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების განმტკიცების ხელშეწყობა;

გ) ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული მექანიზმებისა და სიახლეების ინიციირება, წინადადებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

დ) ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, აქტუალური საკითხებისა და პროცესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება-ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება, წარმართვის კოორდინაცია;

ე) ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში  სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციების განხორციელება წარმომადგენლების მეშვეობით;

ვ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კომუნიკაცია და თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან;

ზ) სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანობის ამაღლების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულტაციო მექანიზმების საქმიანობის ორგანიზება, წარმართვა და ხელშეწყობა, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე;

თ) სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებისა და ქალების როლის  გაძლიერების მხარდაჭერა;

ი) სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი კონსოლიდირებული სამოქმედო გეგმების ეფექტიანი განხორციელებისთვის, პროექტების, ინიციატივებისა და მიზნობრივი კვლევების მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში;

კ) კომპეტენციის ფარგლებში სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიანტთა საკითხების წარმართვა/კოორდინაცია და  მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;  

ლ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის სახელით, კომპეტენციის ფარგლებში თემატური უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ღონისძიებებში ჩართულობა;

მ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის კოორდინაცია, მოლაპარაკებისა და კონსულტაციების წარმართვა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირება და  საინიციატივო წინადადებების შემუშავება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე  აღებული  ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტებისა და ღონისძიებებისთვის შესაბამისი მასალების/დოკუმენტების მომზადება;

პ) უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შინაარსობრივი, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა;

ჟ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და სახელმწიფო მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 10. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და ოჯახებისთვის გადაცემის საკითხთა საკოორდინაციო სამსახური        

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და ოჯახებისთვის გადაცემის საკითხთა საკოორდინაციო სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების, იდენტიფიცირების, გადმოსვენების, ოჯახებისთვის გადაცემისა და სათანადო პატივით დაკრძალვის ღონისძიებების კოორდინაცია, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ეფექტიანობის შემდგომი ამაღლების მიზნით, შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტული ჯგუფების ჩართულობით;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის უკვდავყოფის ხელშეწყობა, პირთა უგზო-უკვლოდ დაკარგვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მემორიალური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; 

გ)  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ჩართულობა სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პროცესში და მათი თანადგომა, მათ შორის, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზით; 

დ) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის უკვდავყოფისა და ოჯახების თანადგომის მიზნით;

ე) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღებული  ვალდებულებების შესრულების  თაობაზე ანგარიშების მომზადება, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტებისა და ღონისძიებებისთვის შესაბამისი მასალების/დოკუმენტების მომზადება;

ვ) უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის შინაარსობრივი, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა;

ზ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და სახელმწიფო მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 11. ადმინისტრაციული სამსახური

ადმინისტრაციული  სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ)  სახელმწიფო მინისტრის აპარატის საფინანსო და ეკონომიკური საკითხების მართვა, ერთიანი ბიუჯეტის დაგეგმვა და მისი აღსრულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; საბუღალტრო აღრიცხვის საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური ანგარიშგების შედგენა და წარდგენა;

გ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლოგისტიკური საკითხების  კოორდინაცია და მართვა, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება, პროცედურების განხორციელება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ანგარიშგება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება/ექსპერტიზა, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა და მათი მიღებისთვის საჭირო პროცესის წარმართვა;

ე) სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;

ვ) სახელმწიფო მინისტრის აპარატში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

თ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება, შეფასების სისტემის, სამუშაო აღწერილობების წარმოება, თანამშრომელთა განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა, წახალისებისა და დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების ინიციირება; აპარატში  არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის, ატესტაციისა და სტაჟირების გამართვის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ი) სახელმწიფო მინისტრის აპარატის უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციის და დაცვის კონტროლი; სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება-ჩაბარება, აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

კ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა და მართვა, მათი გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ლ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა;

მ) სამინისტროს კომპიუტერული ქსელებისა და ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ადმინისტრირება;

ნ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული შენობის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზაცია;

ო) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმისწარმოება, დადგენილი ნორმების/წესის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა, არსებული წესის თანახმად;

პ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ჟ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების განხორციელებაზე სახელმწიფო მინისტრისათვის ან/და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისთვის/მოადგილისთვის წინადადებების მომზადება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირება და   ხელმძღვანელისთვის წარდგენა. მიმდინარე მოვლენებისა და მნიშვნელოვანი განვითარებების  შესახებ საინფორმაციო ბარათებისა და ანგარიშების მომზადება;

ს) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და სახელმწიფო მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 12. სახელმწიფო მინისტრის  სამდივნო

სახელმწიფო მინისტრის სამდივნოს ძირითად კომპეტენციებს განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო მინისტრის მხარდაჭერა სტრატეგიული კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საპროტოკოლო და საორგანიზაციო საკითხთა კოორდინაციის უზრუნველყოფის მიმართულებით;

ბ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია და განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) უწყების შიდა და გარე აუდიტორიასთან სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადება, შესაბამისი პროექტების/აქტივობების შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია/უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

დ) სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრადიციული და სოციალური მედიის მუდმივი მონიტორინგი და ხელმძღვანელისთვის ანგარიშების მომზადება და შესაბამისი რეკომენდაციების, ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირება და  შეთავაზება სახელმწიფო მინისტრისთვის; 

ე) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული ინიციატივების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების შესახებ, საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ანონსების/პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა; საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების/სემინარების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

ვ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის მისიისა და მიზნებიდან გამომდინარე, ღონისძიებების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრეზენტაციების დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) საპროტოკოლო საქმიანობის განხორციელება; ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება; სახელმწიფო მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის მოადგილეების რეგიონებსა და  საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების მომზადება/ორგანიზება;

თ) სახელმწიფო მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დახმარება მათი ფუნქციების შესრულებასა და მიზნების განხორციელებაში;

ი) სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით, ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება მიმდინარე განვითარებების თაობაზე;

კ) სახელმწიფო მინისტრის სხვა დავალებების შესრულება.

მუხლი 13. სახელმწიფო მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სახელმწიფო მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.