დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 657 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/08/1991 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.02(0).000.000191 |
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
დადგენილება №657
1991 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შექმნის შესახებ
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტის საფუძველზე მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღების ერთიანი სახელწმიფო პოლიტიკის განსახორციელებლად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი.
2. დაწესდეს, რომ:
- სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფულადი სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტის შემადგენლობაში არ შედის და ამოღებასა და დაბეგვრას არ ექვემდებარება;
- ფონდს ხელმძღვანელობს ამ ფონდის გამგეობა და მისი აღმასრულებელი დირექცია.
3. საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის შემადგენლობაში შევიდნენ: საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელი მუშაკები და ფონდის გენერალური დირექტორი.
საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თანამდებობრივად არის საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრი.
დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის დემოგრაფიისა და სოციალური დაცვის ერთიანი სახელწმიფო ფონდის გამგეობის პერსონალური შემადგენლობა, თანდართული სიის მიხედვით.
დაწესდეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალურ დირექტორს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს წარდგინებით.
საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელწმიფო ფონდის გამგეობა ანგარიშვალდებულია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წინაშე. იგი ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელწმიფო ფონდის ცენტრალური და რეგიონალური აღმასრულებელი ორგანოების მუშაკთა ოდენობისა და ხარჯების ნუსხებს (შრომის ანაზღაურების ფონდის ჩათვლით).
4. ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიან სახელმწიფო ფონდს ხელმოკლე ოჯახების მატერიალური დახმარებისათვის საჭირო თანხების გადიდების მიზნით მოახდინოს საკუთარი ფინანსური რესურსების კვლავწარმოება.
5. საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრები წარმოიქმნება:
სოციალური დაცვის ნაწილში
იმ სახსრების ხარჯზე, რომლებსაც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 30 მარტის № 241 დადგენილების მე-16 პუნქტის შესაბამისად მიიღებს 1991 წლის ბოლომდე რესპუბლიკაში სოციალური დაზღვევის სისტემის შემდგომი სრულყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს მიერ წინადადებათა შემუშავებისა და წარმოდგენის შემდეგ.
დემოგრაფიულ ნაწილში
საწარმოთა, ორგანიზაციათა, საზოგადოებათა და მოქალაქეთა ნებაყოფლობითი შენატანების, აგრეთვე ფონდის სასარგებლოდ გაწეული კომერციული და სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლის ხარჯზე.
6. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელწმიფო ფონდის პერსპექტიული საქმიანობისა და მისი შემდგომი მუშაობისათვის საჭირო საბიუჯეტო თანხების ოდენობა და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დასამტკიცებლად წარმოუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას.
სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ანგარიშზე მოხდეს სტიქიისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშებზე არსებული საქველმოქმედო თანხების აკუმულაცია და მანვე მოახდინოს აღნიშნული თანხების ხარჯვა.
საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს ყოველკვარტალურად წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას ანგარიში ამ სახსრების გამოყენების თაობაზე.
7. საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრები მოხმარდეს შემდეგ ღონისძიებათა დაფინანსებას:
– რესპუბლიკიდან წამსვლელი ოჯახების სახლების შეძენას;
– საგანგებო შემთხვევებისათვის გათვალისწინებული საცხოვრებელი ფონდის შექმნას;
– მრავალშვილიანი და ხანმოკლე ოჯახებისათვის საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა დაფინანსებას;
– სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებას;
– ფონდის მმართველობის აპარატის შენახვას.
8. საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრომ:
– უზრუნველყოს ფონდის დაკომპლექტება და ფონდის მუშაობის საერთო მეთოდური ხელმძღვანელობა;
– ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს დასამტკიცებლად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულება.
9. რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების პრეფექტურებმა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელწმიფო ფონდისათვის და მისი რეგიონალური ორგანიზაციებისათვის საჭირო სამუშაო ფართობებისა და ინვენტარების გამოყოფა.
10. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აღჭურვა საჭირო კავშირგაბმულობის საშუალებებით.
11. საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტრომ გამოუყონ საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიან სახელმწიფო ფონდს ერთი „ვოლგის“ (გაზ-2$), ორი „მოსკვიჩისა“ და ორი „ნივის“ მარკის მსუბუქი ავტომობილები.
12. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიამ საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან ერთად გადაწყვიტოს საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის ატს-2 ტელეფონის გამოყოფის საკითხი.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე
საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან არსებული საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი რესპუბლიკური ფონდის გამგეობის
შემადგენლობა
თამაზ გუგუშვილი – საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე;
კახაბერ საკანდელიძე – საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრის პირველი მოადგილე, ფონდის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გიორგი კალანდაძე – საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე;
გივი აბდუშელიშვილი – საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრი;
კახი ასათიანი – საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი;
თეიმურაზ დვალი – საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
გურამ მირიანაშვილი – საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა მინისტრი;
დავით ნაკანი – საქართველოს რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის მინისტრი;
ვლადიმერ პატეიშვილი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე;
ფელიქს ტყებუჩავა – საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის მინისტრი;
ალექსანდრე ჩხეიძე – საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი;
იგორ ჩხეიძე – საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების მინისტრი;
მანანა ძოძუაშვილი – საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი;
ანზორ ჭლიკაძე – საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრი;
ჯონი ხეცურიანი – საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი;
ვახტანგ კვიციანი – საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან არსებული სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები