სვანეთის სახელმწიფო ეროვნული პარკის შექმნისა და მესტიის რაიონის სოფელ უშგულისათვის ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსის მინიჭების შესახებ

სვანეთის სახელმწიფო ეროვნული პარკის შექმნისა და მესტიის რაიონის სოფელ უშგულისათვის ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 656
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991
სარეგისტრაციო კოდი 000000240.02(0).000.000191
656
16/08/1991
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991
000000240.02(0).000.000191
სვანეთის სახელმწიფო ეროვნული პარკის შექმნისა და მესტიის რაიონის სოფელ უშგულისათვის ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა

დადგენილება №656

1991 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

სვანეთის სახელმწიფო ეროვნული პარკის შექმნისა და მესტიის რაიონის სოფელ უშგულისათვის ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსის მინიჭების შესახებ

სვანეთის მთიანი რეგიონის ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების, ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვა-გამოყენების გაუმჯობესების, დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებისა და გარემოზე მავნე ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების კომპლექსურად შესწავლის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:

1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სვანეთის სახელწმიფო ეროვნული პარკის შექმნა და მესტიის რაიონის სოფელ უშგულისათვის ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მუზეუმ-ნაკრძალის სტატუსის მინიჭება.

2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან, დეპარტამენტებთან და უწყებებთან, მესტიისა და ლენტეხის რაიონების პრეფექტურებთან ერთად შექმნან საუწყებათაშორისო კომისია და 1992 წლის 1 ივლისამდე წარმოუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას სვანეთის სახელწმიფო ეროვნული პარკის სპეციალური დებულება და ტერიტორიული დაგეგმარების სქემის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.

კომისიამ სვანეთის სახელმწიფო ეროვნული პარკის სპეციალური დებულების დამუშავებისას გაითვალისწინოს, რომ მიწათმოსარგებლეთა მიწაზე განლაგებულ სახელმწიფო ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეზღუდულ და სპეციალურად გამოყოფილ ნაკვეთებზე დაშვებული უნდა იქნეს სვანეთის რეგიონში დამკვიდრებული სამეურნეო საქმიანობის ტრადიციული ფორმები (ხვნა-თესვა, საქონლის ძოვება, თიბვა, ტყის სანიტარიული ჭრა, შეზღუდული ნადირობა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება), კუსტარული და ხალხური რეწვა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ერთეული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახეები.

3. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაამუშაოს მესტიის რაიონის უშგულის ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მუზეუმ-ნაკრძალის დებულება, მუზეუმ-ნაკრძალის დებულება, მუზეუმ-ნაკრძალის საშტატო ერთეულებისა და შესანახი სახსრების თაობაზე 1991 წლის ბოლომდე წარმოუდგინოს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას.

4. სვანეთის სახელმწიფო ეროვნული პარკის გენერალური დამპროექტებლის ფუნქცია დაეკისროს საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს, ამასთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ წარმოდგენილი სვანეთის ეროვნული პარკის ტერიტორიული დაგეგმარების სქემის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესაბამისად პროექტის დამუშავებაში ჩააბას უნიკალური ბუნებრივი რეგიონის დაცვისა და კონსერვაციის საერთაშორისო საქველმოქმედო ასოციაციის (შვეიცარია) და სოციალური ჰიგიენის კვლევათა თავისუფალი საზოგადოების (გერმანია) წარმომადგენლობა საქართველოში, რესპუბლიკის სხვა კომპეტენტური საპროექტო დაწესებულებანი და სპეციალისტები.

პროექტის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს, რომ სვანეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მყარდება დაცვისა და გამოყენების სპეციალური რეჟიმი - ბუნებრივი კომპლექსებისა და ისტორიული ძეგლების დაცულობა, ლანდშაფტის ხასიათი, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს ობიექტების მდგომარეობა, ობიექტების ან ბუნებრივი ტერიტორიების კულტურული და ესთეტიკური ღირებულება, რის შესაბამისადაც ეროვნული პარკის ტერიტორია უნდა დაიყოს: სანაკრძალო რეჟიმის ტერიტორიად, რეგულირებად სარეკრეაციო რეჟიმის ტერიტორიად, დამთვალირებელთა მომსახურების ტერიტორიად და სხვა მიწათმოსარგებლეთა ტერიტორიად.

5. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ განიხილოს საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ „საქქალქმშენსახპროექტისათვის“ 1992 წლის საპროექტო-საძიებო სამუშაოთა ლიმიტის გამოყოფის საკითხი.

6. საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო კონცერნებმა „საქგამზა“ და „საქნავთობპროექტ,ა“ შეიმუშაონ მესტიისა და ლენტეხის რაიონების მოსახლეობის სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფის ღონისძიებანი და 1991 წლის ბოლომდე წარმოუდგინონ განსახილველად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას.

7. მესტიისა და ლენტეხის რაიონების პრეფექტურებმა უზრუნველყონ შესაბამის მიწათმოსარგებლეებთან ერთად საკომლეურნეო და საბჭოთა მეურნეობების ტყეების გადაცემა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ტყის ფონდში.

8. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ შეიმუშაონ სვანეთის სახელმწიფო ეროვნული პარკის ადმინისტრაციის სტრუქტურა, შტატები, შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფის ღონისძიებანი და წარმოუდგინონ განსახილველად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას.

9. დაწესდეს, რომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სვანეთის სახელმწიფო ეროვნულ პარკში მიწის ნაკვეთები გამოიყოფა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, არსებული წესის შესაბამისად.

10. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს, უწყებებს, მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებს ზუსტად დაიცვან სვანეთის სახელმწიფო ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გაწმენდის, მავნე გამონაფრქვევებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციისა და განეიტრალების, მიწების რეკულტივაციის ნორმატიული მოთხოვნები და ბუნების დაცვის სხვა საკანონმდებლო აქტები.

11. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს რესპუბლიკის პრესაში.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე                                 თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის

სახელმწიფო კანცელარიის მმართველი                                                 გ. ბერიძე