დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016943 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 501 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები და მოქმედების სფერო 1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალის (შემდგომში – ფილიალი) საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს. 2. მეწარმე სუბიექტი, რომელსაც აქვს ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის უფლება, უფლებამოსილია, განახორციელოს მხოლოდ ვალუტის გადაცვლის ოპერაციები, როგორც საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ეროვნულ ბანკში ვალუტის გადამცვლელ პუნქტად (შემდგომში – პუნქტი) რეგისტრაციის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. მეწარმე სუბიექტმა, რომელსაც აქვს მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის უფლება, საოპერაციო ფართში უნდა განახორციელოს მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციები, როგორც საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ეროვნულ ბანკში ვალუტის გადამცვლელ პუნქტად რეგისტრაციის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. პუნქტი უფლებამოსილია, განახორციელოს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-13-მე-15 მუხლებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. 5. პუნქტმა, რომელსაც აქვს ვალუტის მხოლოდ ნაღდი ფორმით გადაცვლის უფლება, არ შეიძლება განახორციელოს უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლა ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე და პირიქით. 6. პუნქტი, რომელსაც აქვს ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის უფლება, უფლებამოსილია საქმიანობისთვის საჭირო საბრუნავი ფულადი სახსრები მოიზიდოს მხოლოდ უშუალო მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან, ბენეფიციარი მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან (სახსრების წარმომავლობის დადასტურებით) ან/და ფინანსური ინსტიტუტებიდან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე. 7. პუნქტის მიერ პირებისგან თანხების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ვალუტის გადაცვლის მიზნობრიობით. 8. პუნქტის რეგისტრაცია/საქმიანობის უფლება არის უვადო და მისი სხვა პირისთვის გადაცემა აკრძალულია. 9. პუნქტის რეგისტრაციით დაინტერესებული პირი, მისი ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი/ბენეფიციარი მესაკუთრე არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. 10. ამ წესით გათვალისწინებული ნასამართლობის/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის საქართველოს ტერიტორიაზე გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 (თხუთმეტ) კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნების შემთხვევაში – 60 (სამოც) კალენდარულ დღეს. 11. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების ფორმით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული, ამასთან, წარმოდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი. 12. პუნქტის/ფილიალის რეგისტრაციასთან, საქმიანობის უფლებასთან ან/და მათ გაუქმებასთან დაკავშირებულ მონაცემებს და ცვლილებებს ამ მონაცემებში ეროვნული ბანკი ასახავს პუნქტების სარეგისტრაციო ელექტრონულ რეესტრში. 13. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პუნქტის მიმართ გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები (მათ შორის, ფულადი ჯარიმა).
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) რეგისტრაცია – ეროვნული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტისთვის განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით განახორციელოს ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი ან/და უნაღდო ფორმით გადაცვლა; ბ) პუნქტი – ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც ეროვნული და უცხოური ვალუტის გადაცვლას ახორციელებს ნაღდი ან/და უნაღდო ფორმით; გ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკი/მიკრობანკი და ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; დ) ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა – ვალუტის ყიდვის ან/და გაყიდვის ოპერაციები ნაღდი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული აპარატის მეშვეობით); ე) ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა - ვალუტის ყიდვის ან/და გაყიდვის ოპერაციები უნაღდო ფორმით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშების მეშვეობით; ვ) ვალუტის ყიდვა – უცხოური ვალუტის შესყიდვა; ზ) ვალუტის გაყიდვა – უცხოური ვალუტის გაყიდვა ლარზე; თ) საკომისიო – ვალუტის გადაცვლის ოპერაციაზე დაწესებული გადასახდელი; ი) პუნქტის ფილიალი – პუნქტის ქვედანაყოფი, რომელიც ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლას ახორციელებს პუნქტის სახელით; კ) საყურადღებო კურსი –კურსი, რომლის დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან როდესაც ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისთვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან; ლ) ადმინისტრატორი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან/და ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად პუნქტის სახელით აიღოს ვალდებულებები; მ) დაინტერესებული პირი – ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით პუნქტის რეგისტაციის თაობაზე; ნ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი; ო) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული პუნქტის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ პუნქტზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა პუნქტში; პ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი – ახლონათესაური კავშირის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული პირველი რიგისა და მეორე რიგის მემკვიდრეები) მქონე პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი, ან პარტნიორები/აქციონერები, რომლებიც ერთმანეთთან, გარდა პუნქტისა, სხვა კომერციული ინტერესებითაც არიან დაკავშირებული; ჟ) განცხადებული კაპიტალი – პუნქტის პარტნიორთა/აქციონერთა მიერ დათქმული და პუნქტის წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი; რ) განაღდებული კაპიტალი – განცხადებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი; ს) საოპერაციო ფართი – მომხმარებლებისა და სხვა ობიექტებისაგან იზოლირებული ფართი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, სადაც პუნქტის/ფილიალის წარმომადგენლის მიერ ხორციელდება ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა და ინახება ამ ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები; ტ) საანგარიშგებო პერიოდი – თვის ბოლო დღე. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
თავი II ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განხორციელება
მუხლი 3. ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად პუნქტის რეგისტრაციის პირობები 1. ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განხორციელების მიზნით პუნქტი შეიძლება ფუნქციონირებდეს ინდივიდუალური მეწარმის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით. 2. ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №1). დოკუმენტების ჩაბარების თარიღად ითვლება ეროვნული ბანკის მიერ განცხადებაზე მითითებული თარიღი. 3. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) დაინტერესებული პირის, ადმინისტრატორთა, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა/ბენეფიციარ მესაკუთრეთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სარეგისტრაციო დოკუმენტები); ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, დამატებით, ასევე, რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი; გ) დაინტერესებული პირის, ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის/პარტნიორის/ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის/ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა; დ) ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხავად, სპეციალურ პროგრამულ უზრუნ ველყოფასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან დაცვის საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან; ვ) გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი; ზ) „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) პუნქტის/ფილიალის საოპერაციო ფართის აზომვითი ნახაზი; ი) პუნქტის/ფილიალის საოპერაციო ფართის ინტერიერისა და ექსტერიერის ამსახველი ფოტომასალა. 4. საოპერაციო ფართი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს არანაკლებ 4 (ოთხი) კვადრატული მეტრისა; ბ) უნდა იყოს იზოლირებული სხვა ობიექტებისგან და მომხმარებლებისგან; გ) უნდა ჰქონდეს სხვა ობიექტებისგან დამოუკიდებელი შესასვლელი კარი, იმგვარად, რომ არ იყოს შესაძლებელი პუნქტთან/ფილიალთან მოხვედრა სხვა ობიექტის გავლით. გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები (საერთო ადმინისტრაციის მქონე შენობაში განთავსებული კომპლექსი, იზოლირებულ ფართზე განლაგებული, ინდივიდუალური შესასვლელის მქონე სავაჭრო ობიექტი, რომელშიც საქმიანობას ახორციელებენ მეწარმე სუბიექტები), სასტუმროები, სამორინეები, აეროპორტები, რკინიგზის სადგურები, ავტოსადგურები და სხვა მსგავსი ობიექტები). 5. პუნქტი/ფილიალი აღჭურვილი უნდა იყოს ყალბი ფულის ამომცნობი საშუალებით, კომპიუტერით – სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, საბეჭდი და ასლგადამღები საშუალებებით. 6. მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს სასტუმროს საქმიანობას, უფლებამოსილია, პუნქტის რეგისტრაციის გარეშე სასტუმროს ტერიტორიაზე განახორციელოს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა, თუ სასტუმროს მომსახურებისთვის გადასახდელი თანხის გადაცვლის თითოეული ოპერაცია ერთ პირზე დღიურად არ აღემატება 2 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში). თუ თანხის გადაცვლის ერთ-ერთი ოპერაცია აღემატება 2 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), სასტუმროს მფლობელი ვალდებულია განახორციელოს პუნქტის რეგისტრაცია, რეგისტრაციისთვის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეგისტრაციის მიზნებისთვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).
მუხლი 4. ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელება 1. ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ნაღდი ფორმით. მეწარმე სუბიექტი, რომელსაც სურს განახორციელოს ოპერაციები ელექტრონული აპარატების მეშვეობით, რეგისტრაციის მიზნით მიმართავს ეროვნულ ბანკს ელექტრონული აპარატის მეშვეობით ოპერაციების განხორციელების თაობაზე განცხადებით (დანართი №1), რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. დოკუმენტების ჩაბარების თარიღად ითვლება ეროვნული ბანკის მიერ განცხადებაზე მითითებული თარიღი. 2. მეწარმე სუბიექტს ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ელექტრონულმა აპარატმა უნდა განახორციელოს საეჭვო ბანკნოტების და მონეტების ამოცნობა და არ უნდა მიიღოს ასეთი ბანკნოტები და მონეტები გადაცვლის განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული აპარატის მეშვეობით მაინც განხორციელდა საეჭვო ბანკნოტების და მონეტების მიღება, მაშინ ელექტრონულმა აპარატმა მომხმარებელს ეკრანზე უნდა გამოუტანოს შეტყობინება, რომ მომხმარებელი დაუკავშირდეს პუნქტს. ამასთან, პუნქტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საეჭვო ბანკნოტების და მონეტების მიღების სანაცვლოდ არ განხორციელდეს გადაცვლა და აღნიშნული ბანკნოტები და მონეტები არ გაიცეს მომხმარებლებზე მათი გადახდის კანონიერი ძალის დადასტურებამდე; ბ) გადაცვლის განხორციელების დროს მომხმარებელს უბეჭდავს ქვითარს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად; გ) ელექტრონულ აპარატში დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუდმივად და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ელექტრონული აპარატების ვიდეომეთვალყურეობა და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გათიშვის/დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, პუნქტი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. პუნქტი ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად. გაუმართაობის აღმოფხვრამდე პუნქტი უფლებამოსილი არ არის გადაცვლა განახორციელოს შესაბამისი გაუმართავი ელექტრონული აპარატის მეშვეობით; დ) გააჩნია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხად, რომელსაც გააჩნია საეჭვო/უჩვეულო/დაკავშირებული გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობა და რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ე) ელექტრონულ აპარატს უნდა შეეძლოს თითოეულ განხორციელებულ ოპერაციაზე კლიენტის პასპორტების ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წაკითხვა და შესაბამისი ელექტრონული ასლის შენახვა. 3. რეგისტრაციის/საქმიანობის უფლების მიღების შემდეგ პუნქტი ვალდებულია ყოველკვარტალურად ეროვნულ ბანკს წარუდგინოს სრულყოფილი ინფორმაცია ელექტრონული აპარატების რაოდენობის და ადგილმდებარეობის შესახებ, შესაბამისი მისამართების მითითებით. 4. კლიენტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით განხორციელებული გადაცვლის ჯამური ოპერაციების მოცულობა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში). ოპერაცია უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 5. ელექტრონული აპარატების მეშვეობით გადაცვლის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისთვის). 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეგისტრაციის მიზნებისთვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური). 7. მეწარმე სუბიექტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის განხორციელების მიზნით რეგისტრაციის ან/და საქმიანობის უფლების მიღების პროცედურაზე ვრცელდება ამ წესის მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული ვადები.
მუხლი 5. ფილიალის გახსნა და მისი საქმიანობის შეწყვეტა 1. პუნქტი, რომელიც ახორციელებს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლას, ფილიალის გახსნის მიზნით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №2). დოკუმენტების ჩაბარების თარიღად ითვლება ეროვნული ბანკის მიერ განცხადებაზე მითითებული თარიღი. 2. პუნქტის განცხადებას უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 3. ფილიალი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს. 4. ეროვნული ბანკი განცხადების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ფილიალის გახსნაზე ნებართვის გაცემის ან უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პუნქტის სარეგისტრაციო ნომრით. 5. ფილიალის საქმიანობის ნებართვის/უარის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება იმ პუნქტის საფირმო სახელწოდება და რეგისტრაციის ნომერი, რომლის ფილიალზეც გაიცემა ნებართვა/უარი, ფილიალის მისამართი და ნებართვის გაცემის თარიღი. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება პუნქტს. 7. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. 8. ფილიალის/ფილიალების საქმიანობაზე პასუხისმგებელია პუნქტი. 9. ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. 10. პუნქტის ყველა არსებული ფილიალის საქმიანობა წყდება პუნქტის რეგისტრაციის გაუქმებისას. 11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საქმიანობის უფლება შეუწყვიტოს ცალკეულ ფილიალს. 12. ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 13. თუ პუნქტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს პუნქტისთვის ფილიალის/ფილიალების საქმიანობის ნებართვის მიღებაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება პუნქტს.
მუხლი 6. პუნქტის/ფილიალის ვალდებულებები 1. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია: ა) თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) სალაროსთან განათავსოს შემდეგი ინფორმაცია მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით: ბ.ა) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ – საკომისიოს ოდენობის მითითებით პროცენტულად ან თანხობრივად (არსებობის შემთხვევაში); ბ.ბ) „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ – პროცენტული სხვაობის მითითებით (არსებობის შემთხვევაში); ბ.გ) „მოითხოვეთ ქვითარი! – Request a receipt!“; ბ.დ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 5 000 GEL or its equivalent in foreign currency!”. გ) თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ვალუტის გადაცვლის კურსების ამსახველი ელექტრონული დაფა, რომელზეც ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გ.ა) ვალუტის დასახელება; გ.ბ) ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ); გ.გ) ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ); გ.დ) მომხმარებელთა საყურადღებოდ: საკომისიოს ოდენობა და საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში). 2. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, ჰქონდეს ამ წესით განსაზღვრული სარეგისტრაციო პირობების შესაბამისად მოწყობილი საოპერაციო ფართი. 3. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მიერ და კლიენტთან/კლიენტებთან განხორციელებული ოპერაციების იმავდროული აღრიცხვა სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში იმდაგვარად, რომ დროის ნებისმიერ მომენტში სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული ინფორმაცია (ოპერაციები და ნაშთები) ედრებოდეს საოპერაციო ფართში არსებულ ფაქტობრივ ნაშთებს. სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა უნდა მოხდეს პუნქტისა და ფილიალების ჭრილში. 4. სპეციალურ საოპერაციო პროგრამას უნდა ჰქონდეს ცალ-ცალკე პუნქტისა და ფილიალების ჭრილში, ასევე კონსოლიდირებულად, განხორციელებული ოპერაციებისა და ნაშთების შესახებ ინფორმაციის ამოღების შესაძლებლობა. 5. ვალუტის გადაცვლის თითოეული ოპერაცია ასახულ უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი, რომელიც უნდა გადაეცეს კლიენტს. პუნქტი თავად განსაზღვრავს ქვითრის ფორმას, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პუნქტის/ფილიალის დასახელება და მისამართი; ბ) ვალუტის გადაცვლის ქვითრის №; გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა; დ) გადაცვლის კურსი; ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – კლიენტის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ფიზიკური პირის შესაბამისად; ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი; ზ) ორივე მხარის ხელმოწერა; თ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 5 000 GEL or its equivalent in foreign currency!’’. 6. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, მომსახურების გაწევისას მომხმარებელს სიტყვიერად მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის საყურადღებო კურსის და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ. 7. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნით, ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი ვალუტა, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. 8. პუნქტის/ფილიალის მიერ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სხვა პუნქტში ვალუტის გადაცვლის განხორციელებისას, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, ვალუტის გადაცვლის თითოეული ოპერაცია ასახულ უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი და შეინახოს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელ საბუთთან ერთად. აღნიშნული ქვითარი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას: ა) პუნქტის/ფილიალის დასახელება და მისამართი; ბ) ვალუტის გადაცვლის ქვითრის №; გ) იმ კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან სხვა პუნქტის საფირმო სახელწოდება, სადაც განხორციელდა ვალუტის გადაცვლის ოპერაცია; დ) პუნქტის/ფილიალის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რომელიც დაფიქსირებულია ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულ ვალუტის გადაცვლის დამადასტურებელ საბუთში; ე) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა; ვ) გადაცვლის კურსი; ზ) ოპერაციის განხორციელების თარიღი და დრო; თ) ორივე მხარის ხელმოწერა. 9. პუნქტის მიერ ოპერაციების ასახვა უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების შესაბამისად. 10. პუნქტში/ფილიალში საეჭვო ფულის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შედგეს ცნობა (დანართი №3) სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე რჩება სალაროს, მესამე ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისთვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში ატყობინებს პუნქტს. ნამდვილი/გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება მომხმარებელს, ხოლო ყალბი ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. მოთხოვნის შემთხვევაში ნამდვილი, მაგრამ გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი უბრუნდება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი უარს აცხადებს ცნობაზე ხელის მოწერაზე, პუნქტი ვალდებულია შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ცნობაზე. 11. პუნქტმა, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 12. პუნქტი ვალდებულია, შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები და წერილობითი მითითებები. 13. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, უზრუნველყოს დოკუმენტების, აგრეთვე სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში აღრიცხული ელექტრონული მონაცემების დაარქივება და უსაფრთხოდ შენახვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადით.
მუხლი 7. პუნქტის ვალდებულებები ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის შემთხვევაში 1. პუნქტმა უნდა უზრუნველყოს: ა) გადაცვლის დაწყებამდე ელექტრონული აპარატის ეკრანზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოტანა; ბ) გადაცვლის განხორციელებამდე ეკრანზე შემდეგი ინფორმაციის მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით გამოტანა: ბ.ა) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ – საკომისიოს ოდენობის მითითებით პროცენტულად ან თანხობრივად (არსებობის შემთხვევაში); ბ.ბ) „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ – პროცენტული სხვაობის მითითებით (არსებობის შემთხვევაში); ბ.გ) „ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 3 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 3 000 GEL or its equivalent in foreign currency!”; ბ.დ) ეკრანზე თანხის დაბრუნების შესახებ ინსტრუქციის გამოტანა; გ) ელექტრონული აპარატის ეკრანზე განთავსებული გადაცვლის კურსების ამსახველი ინფორმაცია, ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით უნდა იყოს ასახული. ამასთანავე, ელექტრონული აპარატის ეკრანზე განთავსებული გადაცვლის კურსების ამსახველი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს: გ.ა) ვალუტის დასახელება; გ.ბ) ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ); გ.გ) ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ); გ.დ) მომხმარებელთა საყურადღებოდ: საკომისიოს ოდენობა და საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში). 2. ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების დროს სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში პუნქტმა უნდა ასახოს მის მიერ განხორციელებული თითოეული ოპერაცია, ამ წესით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ციფრულ მონაცემთა ბაზაში განხორციელებული თითოეული ოპერაცია იმგვარად უნდა იყოს ასახული, რომ შესაძლებელი იყოს ეროვნული ბანკისთვის მათი ოპერატიულად წარდგენა. 3. ელექტრონულმა აპარატმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული აპარატის მეშვეობით გაწეული მომსახურების ქვითრის კლიენტისთვის ამობეჭდვა, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ელექტრონული აპარატის მფლობელი პირის დასახელება და მისამართი; ბ) ქვითრის №; გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა; დ) გადაცვლის კურსი; ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: კლიენტის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი; ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი; ზ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 3 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 3 000 GEL or its equivalent in foreign currency!. 4. ელექტრონული აპარატებით განხორციელებული ვალუტის გადაცვლის დროს ციფრულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვა უნდა განხორციელდეს როგორც კონსოლიდირებული/ცენტრალიზებული ფორმით, ასევე განცალკევებულად თითოეული ელექტრონული აპარატის მიხედვით. 5. პუნქტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის განხორციელების შემდგომ საეჭვო ფულის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შედგეს ცნობა (დანართი №3) ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ელექტრონული აპარატის მფლობელთან, ხოლო მეორე, ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისთვის. აღნიშნულ შემთხვევაში არ არის სავალდებულო კლიენტის შესახებ მონაცემების ცნობაში დაფიქსირება. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში ატყობინებს ელექტრონული აპარატის მფლობელს. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული აპარატის მფლობელი ვალდებულია, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შესაბამისი ელექტრონული აპარატის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის და სპეციალური პროგრამული საშუალების ჩანაწერები. ყალბი ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და რჩება ეროვნულ ბანკში. 6. იმ შემთხვევაში, თუ გადაცვლის განხორციელების დროს შეუძლებელია ამ მუხლით დადგენილი ქვითრის დაბეჭდვა, დაუშვებელია გადაცვლის განხორციელება. 7. პუნქტმა რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 8. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა 1. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს პუნქტის/ფილიალის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა პუნქტის/ფილიალის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს მომხმარებლის ვიზუალურად დანახვა და ქვითრის მომხმარებლისთვის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება. 2. გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თუ შეუძლებელია გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ცნობა. 3. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, პუნქტის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად და უწყვეტად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. პუნქტის/ფილიალის შემოწმების ფარგლებში, პუნქტის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაციის (ელექტრონული ინფორმაციის) შესაბამისი ჩანაწერი, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს ეროვნულ ბანკს. 4. თუ ელექტროენერგიის გათიშვის, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო პუნქტი/ფილიალი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, პუნქტი/ფილიალი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად. 5. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია არ განახორციელოს ვალუტის გადაცვლა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული ფუნქციონირების გარეშე.
თავი III ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განხორციელება
მუხლი 9. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად პუნქტის რეგისტრაციის პირობები 1. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განხორციელების მიზნით პუნქტი შეიძლება ფუნქციონირებდეს მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით. 2. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი პარტნიორთა/აქციონერთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №1). დოკუმენტების ჩაბარების თარიღად ითვლება ეროვნული ბანკის მიერ განცხადებაზე მითითებული თარიღი. 3. განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, დამატებით, ასევე, რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი; ბ) პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილება უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის განხორციელების მიზნით პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე; გ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც საქმიანობას განახორციელებს პუნქტი; დ) ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონული მისამართი) იმ ვებგვერდის შესახებ, რომელიც გამოყენებულ იქნება ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად, ასევე, დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ვებგვერდის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ინფორმაცია იმ მობილური აპლიკაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ (მათ შორის, მობილური აპლიკაციის დასახელება, მისი განთავსების ადგილი, მობილური აპლიკაციის მწარმოებლის დასახელება და მწარმოებლის ვებგვერდის მისამართი), რომელიც გამოყენებულ იქნება ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად; ვ) ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხავად პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება; ზ) მეწარმე სუბიექტის ორგანიზაციული სტრუქტურა და შინაგანაწესი; თ) კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი; ი) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეწარმე სუბიექტის აქციები ან წილი არ არის დაგირავებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად; კ) დაინტერესებული პირის ცნობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ; ლ) რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი); მ) ბიზნესგეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ბიზნესსტრატეგიას, სულ მცირე 3 (სამ) წელზე გათვლილ საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს, ასევე, საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგ მინიმუმსა და მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას; ნ) „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ო) ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დაინტერესებულ პირს მოზიდული აქვს ფულადი სახსრები მხოლოდ კომპანიის უშუალო მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან, ბენეფიციარი მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან ან/და ფინანსური ინსტიტუტებიდან (დანართი №4); პ) კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების, მათი საინფორმაციო სისტემებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის თვითშეფასება; ჟ) ქსელში ჩართული სისტემების შეღწევადობის ტესტირების ანგარიში თანმხლები სამოქმედო გეგმით. 4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა/ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ შემდეგი დოკუმენტები: ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა/ბენეფიციარ მესაკუთრეთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სარეგისტრაციო დოკუმენტები); ბ) პუნქტის მფლობელობის სტრუქტურა – ინფორმაცია მფლობელობის ყველა დონის შესახებ, როგორც უშუალო, ისე შუალედური და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით; გ) ცნობა მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა/ბენეფიციარ მესაკუთრეთა ნასამართლობის/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ; დ) ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლების წარმომავლობის შესახებ. 5. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს ადმინისტრატორთა შესახებ შემდეგი დოკუმენტები: ა) საიდენტიფიკაციო დოკუმენტები (პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი), ხოლო დირექტორებისთვის ასევე ინფორმაცია მოქალაქეობის და საქართველოს რეზიდენტობის შესახებ; ეს უკანასკნელი ინფორმაცია დამატებით, ყოველწლიურად უნდა წარედგინოს ეროვნულ ბანკს არაუგვიანეს 15 ივნისისა; ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების ოქმი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმი დირექტორის/დირექტორთა დანიშვნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ვ) ინფორმაცია კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ. ამასთან, დირექტორს უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება, აქედან ხელმძღვანელ პოზიციაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე) მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება, ხოლო ორგანიზაციის სხვა ადმინისტრატორების პროფესიული გამოცდილება და უნარების ერთობლიობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზაციის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას; ზ) ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ; თ) ორი სარეკომენდაციო წერილი გაცემული იმ პირთა მიერ, რომლებთანაც მუშაობდა პირი (მათგან ერთი მაინც ბოლო სამუშაო ადგილიდან); ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეგისტრაციის მიზნებისთვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).
მუხლი 10. პუნქტის ვალდებულებები 1. პუნქტის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, ერთი დირექტორის არსებობის შემთხვევაში, დირექტორს უნდა ჰყავდეს, სულ მცირე, ერთი მოადგილე (ან პირი, რომელსაც ეკისრება დირექტორის მოვალეობის შესრულება), რომელიც დირექტორის არყოფნის ან დირექტორის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას. ამ პუნქტით განსაზღვრულ დირექტორის მოადგილეზე (ან შესაბამისად, პირზე, რომელსაც ეკისრება დირექტორის მოვალეობის შესრულება) ვრცელდება დირექტორის მიმართ ამ თავით დადგენილი მოთხოვნები. 2. პუნქტი ვალდებულია, ვებგვერდზე/მობილურ აპლიკაციაში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შემდეგი შინაარსის ინფორმაცია: ა) ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) ვალუტის გადაცვლის კურსების ამსახველი შემდეგი ინფორმაცია: ბ.ა) ვალუტის დასახელება; ბ.ბ) ვალუტის ყიდვის და გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით; გ) ტრანზაქციის ლიმიტების შესახებ; დ) მაქსიმალური დროის შესახებ, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ტრანზაქციის შესრულებას, მაგრამ არაუმეტეს 30 წუთისა; ე) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ – საკომისიოს ოდენობის მითითებით პროცენტულად ან თანხობრივად (არსებობის შემთხვევაში); ვ) „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ – პროცენტული სხვაობის მითითებით (არსებობის შემთხვევაში); ზ) „მოითხოვეთ ელექტრონული ქვითარი! – Request an electronic receipt!“; თ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 5 000 GEL or its equivalent in foreign currency!”. ი) სხვა რელევანტური, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 3. ვალუტის გადაცვლის თითოეული ოპერაცია ასახულ უნდა იქნეს პროგრამულად და ელექტრონული ქვითარი უნდა გადაეცეს კლიენტს. პუნქტი თავად განსაზღვრავს ქვითრის ფორმას, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პუნქტის დასახელება და მისამართი; ბ) ვალუტის გადაცვლის ქვითრის №; გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა; დ) გადაცვლის კურსი; ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში კლიენტის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ფიზიკური პირის შესაბამისად; ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი; ზ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 5 000 GEL or its equivalent in foreign currency!’’. 4. პუნქტი ვალდებულია, ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნით, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი ვალუტა, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. 5. პუნქტი ვალდებულია, ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა განახორციელოს მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ანგარიშების მეშვეობით. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა უნდა განხორციელდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული კლიენტის ანგარიშიდან პუნქტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის და შემდგომ იმავე კლიენტის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებულ ანგარიშზე გადაცვლილი თანხის დაბრუნების გზით. 6. პუნქტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესით დადგენილი პირობებით განახორციელოს ინფორმაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა, დროული განახლება და შენახვა, აგრეთვე აღრიცხული ელექტრონული მონაცემების დაარქივება და უსაფრთხოდ შენახვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადით. 7. პუნქტის მიერ ოპერაციების ასახვა უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების შესაბამისად. 8. პუნქტი ვალდებულია, შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები და წერილობითი მითითებები. 9. პუნქტმა რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 10. პუნქტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით შეინახოს პუნქტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
მუხლი 11. საოპერაციო რისკების მართვა 1. საოპერაციო რისკების მართვის მიზნით, პუნქტმა, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოს: ა) საოპერაციო პროცესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის, მოწყობილობების და სხვა ტექნიკური საშუალებების საიმედოდ და უწყვეტად ფუნქციონირება; ბ) ინფორმაციის პროგრამულ უზრუნველყოფაში ასახვა, ასახული მონაცემების შემდგომი გადამოწმება და დადასტურება; გ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების სახელების და პაროლების დაცულობა; დ) პროგრამული უზრუნველყოფის სარეზერვო ასლების გენერირება და სისტემატურად შენახვა; ე) ინფორმაციის ნამდვილობის და უცვლელობისგან დაცვა სარეზერვო ასლებში; ვ) მონაცემთა დაცვა არასანქცირებული პირების წვდომისგან; ზ) პროგრამული უზრუნველყოფის დაცვა არასანქცირებული ცვლილებების შეტანისგან (გაყალბება ან დაუდევრობით გამოწვეული შეცდომები); თ) ოპერაციების/მონაცემების სისტემაში/ბაზებში ასახვა და ცენტრალიზებულად შენახვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით; ი) სხვადასხვა მოდულში არსებული ინფორმაციის კონსოლიდაცია სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით (ვალუტის, თანხის, კონტრაჰენტის და სხვა); კ) დროის სხვადასხვა პერიოდში, ასევე ნებისმიერ დროს ანგარიშების ყველა პარამეტრის მიხედვით მონაცემების გენერირების შესაძლებლობა; ლ) ინციდენტების აღრიცხვა და შენახვა შინაარსის/აღწერის მითითებით; მ) ეროვნულ ბანკში წარსადგენი ანგარიშგებების (ფორმების) მოკლე ვადაში გენერირების შესაძლებლობა. 2. ბუღალტრულ პროგრამასთან და აღრიცხვასთან დაკავშირებით პუნქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ბუღალტრული გატარებების წარმოება დროის რეალურ რეჟიმში; ბ) ოპერაციების განხორციელებისას ოთხი თვალის პრინციპის დაცვა; გ) საოპერაციო დღის დახურვა არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ხოლო ცვლილების შეტანა ამ ცვლილებების ამსახველი ქრონოლოგიური ჩანაწერებით (ლოგირებით) და განმარტების მითითებით, რათა საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირებადი იყოს როგორც ოპერაციის შინაარსი და დრო, ისე შემსრულებელი; დ) ბუღალტრული აღრიცხვის განხორციელება დარიცხვის მეთოდით; ე) ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების პროგრამულად ასახვა და მათი ინვენტარიზაცია/გადაფასება/ცვეთის დარიცხვა პერიოდულად. 3. პუნქტს უნდა ჰქონდეს საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩო, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს: ა) საოპერაციო რისკების მართვის მიზნებსა და რისკის აპეტიტს; ბ) ბიზნეს უწყვეტობის მართვას/გეგმას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ინციდენტის შემთხვევაში აღდგენის კომპონენტსაც; გ) საინფორმაციო სისტემების მართვას და უსაფრთხოებას; დ) კიბერუსაფრთხოებას; ე) თაღლითობის რისკების იდენტიფიცირების, აღკვეთის, მონიტორინგის, კონტროლისა და ანგარიშგების მექანიზმს; ვ) რისკების შეფასების ინსტრუმენტებს და მეთოდებს, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს: საოპერაციო რისკების დანაკარგის განმარტებას, საოპერაციო რისკების დანაკარგების მონაცემთა ბაზას, რისკის რუკას და რისკის ძირითადი ინდიკატორების მართვას, რისკების მართვის პროცესის სასიცოცხლო ციკლს, მათ შორის, რისკების იდენტიფიცირებას, კონტროლის მექანიზმების შემუშავებას და დანერგვას, ინციდენტის მოკვლევის სრულყოფილ ანალიზს, რისკების მონიტორინგს და ანგარიშგებას, რისკების შერბილებას (მიტიგაციას) და ნარჩენი რისკების შეფასებას. საოპერაციო რისკების მოვლენებისა და დანაკარგების შესახებ ანგარიშგება პუნქტმა უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად; ზ) საოპერაციო რისკების სრულყოფილ შეფასებას, რომელიც მოიცავს ამ წესის დანართი №6-ით განსაზღვრულ პარამეტრებს; თ) მესამე მხარის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის საოპერაციო რისკების, მათ შორის, უწყვეტობის და რეპუტაციული რისკების შეფასებას; ი) სიზუსტის რისკის მართვას, რაც გულისხმობს ორგანიზაციის ბიზნეს-პროცესების მართვაში ინფორმაციის, მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფას; კ) მნიშვნელოვანი საოპერაციო რისკის მოვლენის შესახებ დაინტერესებულ მხარეთა წრესთან, მათ შორის, ეროვნულ ბანკთან შეტყობინების მექანიზმს. 4. პუნქტმა ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს კიბერრისკების მართვა შემდეგი მექანიზმებით: ა) კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასება, რომელიც მოიცავს ასევე საინფორმაციო სისტემებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას; ბ) მესამე მხარის, მათ შორის, ღრუბლოვანი მომსახურების მიმწოდებლის უსაფრთხოების რისკების შეფასება; გ) სისტემების განვითარების სასიცოცხლო ციკლის მართვის პროცესის შეფასება; დ) კიბერუსაფრთხოების აუდიტი; ე) ქსელში ჩართული სისტემების შეღწევადობის ტესტირება თანმხლები სამოქმედო გეგმით. 5. პუნქტი ვალდებულია, რისკების შეფასების, მონიტორინგის, აუდიტისა და შეღწევადობის ტესტირების შედეგების საფუძველზე უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა შესაბამისი კონტროლების დანერგვით. 6. აუთსორსინგული მომსახურების მიღების შემთხვევაში, პუნქტმა უნდა უზრუნველყოს პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც, სულ მცირე, განისაზღვრება მოთხოვნილი ცვლილების (დავალების) შესრულების ვადები, შემსრულებელი პირები და მათი პრიორიტეტულობა. 7. პუნქტმა კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროცესების უწყვეტობა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიციური დარგის სპეციალისტების მობილიზებით. 8. პუნქტმა უნდა უზრუნველყოს: ა) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლებისა და მასზე პასუხისმგებელი პირების შესაბამისი კვალიფიკაცია. ბიზნესუწყვეტობის პროცესის უზრუნველსაყოფად, კრიტიკულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების შემცვლელთა განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში, მათი ხელმისაწვდომობა; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების აღჭურვა შესაბამისი ცოდნითა და სამოქმედო სახელმძღვანელოთი, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი მათი უფლება-მოვალეობები. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე პუნქტმა უნდა უზრუნველყოს შიდა პროცედურების შემუშავება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა ითვალისწინებდეს პერიოდულ კონტროლს და დაუგეგმავ შემოწმებას. 10. ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს პუნქტს მოსთხოვოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნა/ანგარიში.
მუხლი 12. კაპიტალი და ლიკვიდობა 1. პუნქტი ვალდებულია დაიცვას კაპიტალთან დაკავშირებული შემდეგი მოთხოვნები: ა) საწყისი განაღდებული კაპიტალი უნდა შეადგენდეს 500 000 (ხუთასი ათას) ლარს, რომელიც ფულადი ფორმით ფორმირდება; ბ) ყოველ საანგარიშგებო პერიოდში კაპიტალის მოცულობა უნდა შეადგენდეს 500 000 (ხუთასი ათას) ლარსა და წინა თვის საანგარიშგებო პერიოდის აქტივების 15%-ს შორის უდიდესს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კაპიტალი განისაზღვრება, როგორც სხვაობა აქტივებსა და ვალდებულებებს შორის, სადაც კაპიტალიც და აქტივებიც დაიქვითება არამატერიალური აქტივებისა და აქტივების გადაფასების დადებითი რეზერვის ღირებულებით. 3. თვის საშუალო ლიკვიდობის მოთხოვნა განისაზღვრება, როგორც ყოველდღიური ფულადი სახსრების საშუალო მაჩვენებლის თანაფარდობა წინა თვის საშუალო დღიურ ბრუნვასთან, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40%-ს. ამ წესის მიზნებისთვის ბრუნვა განისაზღვრება, როგორც პუნქტის მიერ გაყიდული ვალუტის ჯამური მოცულობა. 4. პუნქტი ვალდებულია, დაიცვას ლიკვიდობის მოთხოვნები ლარში და ჯამურად უცხოურ ვალუტაში.
თავი IV პუნქტის რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება, შემოწმება
მუხლი 13. გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე და რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება 1. ეროვნული ბანკი განცხადების მიღებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას პუნქტის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2. რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება პუნქტის საფირმო სახელწოდება, ასევე, მარკეტინგული სახელწოდება, (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნებადართული საქმიანობის სახე (ნაღდი ფორმით, ელექტრონული აპარატის მეშვეობით ან/და უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის განხორციელება) მისამართი, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს. 3. თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს 30 (ოცდაათ) კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. 4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პუნქტის რეგისტრაციაზე, თუ: ა) დაინტერესებული პირი, მისი ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი/ბენეფიციარი მესაკუთრე ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ გაშვებულია ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა; გ) არ არის გადახდილი პუნქტის რეგისტრაციის მოთხოვნამდე ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა; დ) ეროვნულ ბანკს განცხადებით მიმართავს იმ პუნქტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტების საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია და მისი გაუქმებიდან არ გასულა 2 (ორი) წელი ან ძალაშია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ე) აღნიშნული პირის რეგისტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციის სავალდებულო გადაწყვეტილებით ან/და რეკომენდაციით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა ან/და შეუსრულებლობა ან/და საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების დარღვევა; ვ) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით დაინტერესებული პირი, მისი ადმინისტრატორი/დირექტორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი/ბენეფიციარი მესაკუთრე არღვევს სამეწარმეო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, დაინტერესებული პირის მიერ პუნქტად რეგისტრაციაზე უარის განცხადების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს. 6. პუნქტი ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე, თანხმობის მისაღებად ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების ან/და მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხოლო მნიშვნელოვანი წილის შეძენით დაინტერესებულმა პირმა, ეროვნულ ბანკს თანხმობის მისაღებად უნდა წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების ან/და მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. განაცხადს ეროვნული ბანკი განიხილავს მისი წარდგენიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში და პუნქტს თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება. 7. მისამართის ცვლილების შემთხვევაში პუნქტი, რომელიც ახორციელებს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლას, ვალდებულია წარადგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და დააკმაყოფილოს ამავე წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, ხოლო პუნქტი, რომელიც ახორციელებს ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლას, ვალდებულია წარადგინოს ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 8. რეგისტრირებულ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, პუნქტი ვალდებულია წერილობითი ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს ცვლილების განხორციელებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ეროვნული ბანკი ახორციელებს ცვლილებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
მუხლი 14. გადაწყვეტილება საქმიანობის უფლების გაცემაზე 1. პუნქტი, რომელიც ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებულია ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, განახორციელოს ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან/და განახორციელოს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა ელექტრონული აპარატების მეშვეობით, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 2. პუნქტი, რომელიც ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებულია ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, განახორციელოს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან/და განახორციელოს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა ელექტრონული აპარატების მეშვეობით, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 3. პუნქტი, რომელიც ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებულია ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, განახორციელოს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან/და ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 4. ამ წესის შესაბამისად რეგისტრირებული პუნქტი ნაღდი ფორმით ვალუტის გადაცვლის/უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის/ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკს მიმართავს შესაბამისი განცხადებით (დანართები №7, №8 და №9) და წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას. 5. ეროვნული ბანკი განცხადების მიღებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი ცვლილება შეაქვს პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 6. თუ პუნქტი ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს შესაბამისი საქმიანობის უფლების მიღებაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება პუნქტს.
მუხლი 15. საქმიანობის უფლების გაუქმება 1. პუნქტი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ერთზე მეტი საქმიანობა, უფლებამოსილია მოითხოვოს ერთ-ერთი საქმიანობის უფლების გაუქმება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ეროვნულ ბანკს მიმართავს წერილობითი განცხადებით. 3. პუნქტის საქმიანობის უფლების გაუქმების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი ცვლილება შეაქვს პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება პუნქტს. 4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პუნქტს, რომელსაც მინიჭებული აქვს ერთზე მეტი საქმიანობის განხორციელების უფლება, გაუუქმოს შესაბამისი საქმიანობის უფლება, თუ: ა) პუნქტმა საქმიანობის უფლების მიღებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში არ განახორციელა შესაბამისი საქმიანობა ან 3 (სამი) თვის განმავლობაში შეწყვიტა შესაბამისი საქმიანობა; ბ) პუნქტის მიერ დარღვეულია შესაბამისად ამ წესის მე-3, მე-4 ან მე-9 მუხლებით განსაზღვრული რეგისტრაციის განხორციელების პირობები; გ) დარღვეულია ამ წესის მე-6 მუხლის მოთხოვნები; დ) დარღვეულია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნები; ე) დარღვეულია ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი მოთხოვნები; ვ) პუნქტი არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შესაბამისი ცვლილება შეაქვს პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება პუნქტს.
მუხლი 16. რეგისტრაციის გაუქმება 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პუნქტს გაუუქმოს რეგისტრაცია, თუ: ა) პუნქტი წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნული ბანკს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე; ბ) პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში) გარდაიცვალა ან სასამართლოს მიერ გამოცხადდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან მხარდაჭერის მიმღებად; გ) განხორციელდა იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან ინდივიდუალურ მეწარმეს გაუუქმდა რეგისტრაცია; დ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე; ე) დადგინდა, რომ განცხადება შევსებულია ყალბი მონაცემების საფუძველზე; ვ) დადგინდა, რომ პუნქტმა ეროვნულ ბანკს არ შეატყობინა განცხადებაში შეტანილი მონაცემების ცვლილების თაობაზე; ზ) დარღვეულია ამ წესის მე-3, მე-4 ან/და მე-9 მუხლებით განსაზღვრული რეგისტრაციის პირობები; თ) დადგინდა, რომ პუნქტმა ეროვნულ ბანკს არ შეატყობინა ფილიალის გახსნის თაობაზე; ი) პუნქტმა ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად მივლინებული ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ დაუშვა შემოწმებაზე; კ) ეროვნული ბანკის შემმოწმებელს პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი არ დახვდა რეგისტრირებულ მისამართზე ან პუნქტი არ მოიძებნა რეგისტრირებულ მისამართზე; ლ) არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; მ) რეგისტრაციიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში არ განახორციელა ან 3 (სამი) თვის განმავლობაში შეწყვიტა პუნქტის საქმიანობა; ნ) დადგინდა, რომ პუნქტი ეროვნულ ბანკის თანხმობის გარეშე ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებულ საქმიანობას; ო) პუნქტის მიერ ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა სამეწარმეო საქმიანობა; პ) დარღვეულია ამ წესის მე-6 მუხლის მოთხოვნები; ჟ) დარღვეულია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნები; რ) დარღვეულია ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი მოთხოვნები. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პირს უარი უთხრას პუნქტის რეგისტრაციის გაუქმებაზე: ა) თუ პუნქტის მიერ არ არის გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ფულადი ჯარიმა; ბ) რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე ან მოთხოვნის მომენტისთვის მიმდინარეობდა პუნქტის/ფილიალის ეროვნული ბანკის მიერ შემოწმება ან/და პუნქტს არ ჩაბარებია შემოწმების აქტი და შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დადგომის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაუგზავნოს წერილობითი მითითება პუნქტის მფლობელ მეწარმე სუბიექტს შემოწმების უზრუნველყოფის მოთხოვნით, ხოლო ამ წერილობითი მითითების 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში უუქმებს მას რეგისტრაციას. ამასთან, წერილობითი მითითების ფოსტით დაბრუნების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, არ დაიცვას ზემოაღნიშნული 30-დღიანი ვადა და გააუქმოს პუნქტის რეგისტრაცია. 4. პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც უნდა მიეთითოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
მუხლი 17. პუნქტის შემოწმება ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს პუნქტის/ფილიალის საქმიანობის შემოწმება: ა) ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და ეროვნული ბანკის წერილობით მითითებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ბ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თავი V ანგარიშგება
მუხლი 18. პუნქტის ანგარიშგება ეროვნულ ბანკთან 1. პუნქტმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ანგარიშგება, საქართველოს ეროვნული ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით საანგარიშგებო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში „NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის №69/04 ბრძანებით განსაზღვრული წესით. 2. პუნქტი, რომელიც აწარმოებს ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის ოპერაციებს ვალდებულია, ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. 3. პუნქტი პასუხისმგებელია ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად წარდგენაზე. 4. ამ წესის მიზნებისთვის, ანგარიშგება ნიშნავს ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე პუნქტისა და მისი ფილიალის/ფილიალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნაერთ ანგარიშგებას. 5. ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განმახორციელებელმა პუნქტებმა ანგარიშგება უნდა წარადგინონ ამ წესის დანართი №10-ის შესაბამისად, ხოლო ვალუტის უნაღდო ან ერთდროულად ნაღდი და უნაღდო ფორმით გადაცვლის განმახორციელებელმა პუნქტებმა – ამ წესის დანართი №11-ის შესაბამისად.
მუხლი 19. საოპერაციო რისკების შესახებ ანგარიშები 1. პუნქტი ვალდებულია ყოველთვიურად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საოპერაციო რისკების მოვლენებისა და დანაკარგების შესახებ ანგარიშგება. 2. პუნქტი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებები/ანგარიშები. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასებები/ანგარიშები ეროვნულ ბანკს წარედგინება NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით, „NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის №69/04 ბრძანებით განსაზღვრული წესით.
თავი VI გარდამავალი დებულებები
მუხლი 20. ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები 1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებული პუნქტები ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის მიიჩნევიან ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განმახორციელებულ პუნქტებად. 2. ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის რეგისტრირებული ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განმახორციელებელი პუნქტები ვალდებული არიან შესაბამისობაში მოვიდნენ ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან 2026 წლის 1 იანვრიდან. 3. პირი (გარდა იმ პირისა, რომელსაც საქართველოს კანონომდებლობით აქვს უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის უფლება), რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის მონაწილეობს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 23 მაისის №125/04 ბრძანებით გათვალისწინებულ რეგულირების ლაბორატორიაში და რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში ახორციელებს უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის ოპერაციებს, ვალდებულია ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 (სამი) თვის ვადაში შესაბამისობაში მოვიდეს ამ წესის მოთხოვნებთან.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები