დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის საქმინობის ანგარიშის" წესის დამტკიცების თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია |
| მიღების თარიღი | 27/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 102, 02/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.060.000.12.005.008.989 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/08/2006 - 28/12/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.060.000.12.005.008.989
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული
კომისიის დადგენილება №67
2006 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
„საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის ანგარიშგების“ წესის დამტკიცების თაობაზე
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული „საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის ანგარიშგების“ წესი.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი თ. გოდერძიშვილი
საფონდო ბირჟის და ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობის ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში – კანონი) 32-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად და განსაზღვრავს საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის საანგარიშგებო მოთხოვნებს და მათი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საკუთარი კაპიტალის მინიმალურ ოდენობას.
2. საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი ანგარიშებს ავრცელებს და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) ოფისში წარადგენს წინამდებარე წესში მითითებულ ვადებში.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები, გარდა ამისა, ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულია ტერმინი „გავრცელება“, რომელიც ნიშნავს საზოგადოებისათვის ინფორმაციის წერილობით ან ელექტრონული ფორმით მიწოდებას.
მუხლი 3. წლიური ანგარიშები
1. ყოველი სამეურნეო წლის დამთავრებიდან სამი თვის ვადაში საფონდო ბირჟამ და ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა გაავრცელონ და კომისიას წარუდგინონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად მომზადებული და აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგება, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ბალანსს;
ბ) მოგებისა და ზარალის ანგარიშგებას;
გ) საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგებას;
დ) ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას;
ე) სააღრიცხვო პოლიტიკას და ახსნა-განმარტებით შენიშვნებს.
2. ყოველი სამეურნეო წლის დამთავრებიდან 1 თვის ვადაში საფონდო ბირჟამ უნდა გაავრცელოს და კომისიას წარუდგინოს:
ა) კრებსითი ინფორმაცია ვაჭრობის ძირითად მაჩვენებლებთან (გარიგების რაოდენობა, ფ/ქ რაოდენობა და ღირებულება) დაკავშირებით ემიტენტების მიხედვით და საბროკერო კომპანიების მიხედვით;
ბ) იმ საწარმოთა ნუსხა, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაშვებულია საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში;
გ) საფონდო ბირჟის წევრ-აქციონერთა სია.
3. ყოველი სამეურნეო წლის დამთავრებიდან 1 თვის ვადაში ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა გაავრცე-ლოს და კომისიას წარუდგინოს:
ა) ცენტრალური დეპოზიტარის მონაწილეთა (წევრთა) სია;
ბ) ინფორმაცია ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებული ფასიანი ქაღალდებისა და თანხის შესახებ;
გ) დეპოზიტარის ოპერაციების სტრუქტურა;
დ) ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციების რაოდენობისა და დინამიკის შესახებ;
ე) ინფორმაცია დეპოზიტარში გახსნილი და დახურული ანგარიშების შესახებ.
მუხლი 4. მიმდინარე ანგარიშები
1. საფონდო ბირჟამ უნდა გაავრცელოს და კომისიას აცნობოს:
ა) კრებსითი ინფორმაცია ვაჭრობის შედეგების შესახებ, ყოველი სავაჭრო სესიის დამთავრების შემდეგ, იმავე დღეს;
ბ) ინფორმაცია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შეჩერების, განახლების და ვაჭრობიდან მოხსნის შესახებ, სათანადო საფუძვლის მითითებით, – გადაწყვეტილების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში;
გ) ინფორმაცია წევრ-აქციონერთათვის ვაჭრობებში მონაწილეობის უფლების (წევრობის) შეჩერების, განახლების და წევრობის შეწყვეტის (საფონდო ბირჟიდან გარიცხვის) შესახებ, სათანადო საფუძვლის მითითებით, – გადაწყვეტილების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
2. ცენტრალურმა დეპოზიტარმა უნდა გაავრცელოს და კომისიას აცნობოს ინფორმაცია დეპოზიტარის მონაწილეთათვის (წევრთათვის) წევრობის შეწყვეტის შესახებ, სათანადო საფუძვლის მითითებით, – გადაწყვეტილების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 5. საკუთარი კაპიტალი
1. საფონდო ბირჟის საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები.
2. ცენტრალური დეპოზიტარის საკუთარი კაპიტალი არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები.
მუხლი 6. ხელმოწერები
ამ წესით გათვალისწინებულ ანგარიშებს ხელს უნდა აწერდნენ შესაბამისად, საფონდო ბირჟის ან ცენტრალური დეპოზიტარის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
მუხლი 7. ჩანაწერების შენახვის ვადა
საფონდო ბირჟამ და ცენტრალურმა დეპოზიტარმა ამ წესით განსაზღვრული ჩანაწერები უნდა შეინახონ 6 წლის განმავლობაში.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები