„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 165/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 04/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016939
165/04
04/07/2025
ვებგვერდი, 07/07/2025
220090000.18.011.016939
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №165/04

2025 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:    


მუხლი 1

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2024, ს/კ: 220090000.18.011.016829) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი თანდართულ დანართებთან ერთად.“.  

2. ბრძანებით დამტკიცებულ წესს:

ა) მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა

1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ქონების/აქტივის შეფასებას ახორციელებს დამოუკიდებელი აუდიტორი.

2. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა ხორციელდება ლიკვიდატორის მიერ და შერჩეული კანდიდატი წარედგინება ეროვნულ ბანკს წერილობითი თანხმობის მისაღებად. 

3. დამოუკიდებელი აუდიტორი შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

4. დამოუკიდებელი აუდიტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) ფლობდეს საშემფასებლო საქმიანობისთვის შესაბამის და შეფასების დამოუკიდებლად და ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო კვალიფიკაციას, ცოდნას, უნარებს, გამოცდილებასა და შესაბამის რესურსებს;

ბ) იყოს დამოუკიდებელი როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან ამ მუხლის მე-8 მე-10 პუნქტების შესაბამისად;

გ) არ  უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან, ეროვნულ ბანკთან ამ მუხლის მე-11 მე-14 პუნქტების შესაბამისად.

5. დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებისა და შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდატორი, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული კითხვარის საფუძველზე და შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად. ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ კანდიდატზე, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი უარის თქმის შემთხვევაში, ლიკვიდატორი ხელახლა შეარჩევს სხვა კანდიდატს და კვლავ წარუდგენს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად.

6. ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორსა და დამოუკიდებელ აუდიტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დამოუკიდებელ აუდიტორს განესაზღვრება:

ა) შეფასების განხორციელების ვადა;

ბ) კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;

გ) შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხი, საჭიროებისამებრ.

7. შეფასების განხორციელების ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ზომისა და კომპლექსურობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეფასების დეტალურობის საჭიროების გათვალისწინებით.

8. შეფასების განხორციელებისას დამოუკიდებელი აუდიტორი:

ა) არ უნდა დაექვემდებაროს ინსტრუქციებსა და მითითებებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან და ეროვნული ბანკისგან;

ბ) არ უნდა მიიღოს ფინანსური ან სხვა სახის სარგებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან და ეროვნული ბანკისგან.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) ისეთ ინსტრუქციებზე, მითითებებზე, ტექნიკური აღჭურვილობის ან მხარდაჭერის სხვა ფორმების მიღებაზე, რომელიც ლიკვიდატორის შეფასებით საჭიროა შეფასების მიზნებისთვის;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის ანაზღაურებისა და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა გონივრული ხარჯების დაფარვაზე.

10. აუდიტორი დამოუკიდებელი უნდა იყოს როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან, რაც გულისხმობს შემდეგს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში დამოუკიდებელი აუდიტორი არ უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან ეროვნული ბანკის თანამშრომელი/ინსაიდერი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში იგი არ უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ინსაიდერი.

11.   დამოუკიდებელ აუდიტორს არ უნდა ჰქონდეს არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან და ეროვნულ ბანკთან.

12. ინტერესთა კონფლიქტი გულისხმობს, სულ მცირე, შემდეგ პირებთან ინტერესთა კონფლიქტს:

ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორები;

ბ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან სხვაგვარად მაკონტროლებელი პირები;

გ) ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი კრედიტორები.

13. არსებით ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა:

ა)  დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მიმდინარე ან წარსულში გაწეული მომსახურება მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული პირებისთვის და გაწეული მომსახურების კავშირი შეფასებისთვის რელევანტურ საკითხებთან; ამასთან, მიმდინარე არსებით ინტერესთა კონფლიქტად ითვლება, თუ პირმა შეფასების განხორციელების წინა საანგარიშო წლისთვის, განახორციელა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აუდიტორული შეფასება;

ბ) პირადი („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი) ან პროფესიული ურთიერთობა დამოუკიდებელ აუდიტორსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებულ პირებს შორის;

გ) საინვესტიციო ან სხვა არსებითი ფინანსური ინტერესის არსებობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ დამოუკიდებელი აუდიტორის მხრიდან;

დ) სხვა გარემოება, თუ ლიკვიდატორის შეფასებით მას შეუძლია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასების განხორციელებაზე გავლენის მოხდენა.

14. თუ აუდიტორი იურიდიული პირია,   ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი სტრუქტურული გამიჯვნა, რომელსაც შეუძლია აუდიტორის დამოუკიდებლობაზე გავლენის მქონე ფაქტორების აღმოფხვრა, მათ შორის, იმ თანამშრომლების გამორიცხვა, რომლებიც ჩართული იყვნენ მომსახურების განხორციელებაში.

 

15. პირი, რომელიც განიხილება ან დაინიშნა დამოუკიდებელ აუდიტორად, ვალდებულია:

ა) შესაბამისი პროფესიული ქცევის სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებისმიერი არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს ლიკვიდატორს, ხოლო ლიკვიდატორმა თავის მხრივ ეროვნულ ბანკს ნებისმიერი შესაძლო არსებითი ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ;

გ) უზრუნველყოს, რომ მის თანამშრომლებს ან/და შეფასებაში ჩართულ სხვა პირებს არ ჰქონდეთ ამ მუხლით განსაზღვრული არსებითი ინტერესთა კონფლიქტი.

16. ამ მუხლის მოთხოვნები დაცული უნდა იქნეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხორციელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების და ვალდებულებების აუდიტორული შეფასება.“.

  ბ)  დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა