დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკციების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/152 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/626 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 25/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.22.024.008.959 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.22.024.008.859
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/626
2006 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/152 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის 12-ე მუხლის 61 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1999 წლის 31 მარტის №1-3/152 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №16(23), მუხ. 244) დამტკიცებულ სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას ინფორმაციის გამოქვეყნება.
1. „მეიჯარე იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გასაცემი საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად დადგენილი წესით.
2. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) „მეიჯარეს“ დასახელებას;
ბ) საკონკურსო პირობებს;
გ) იჯარა-გამოსყიდვით გასაცემი სახელმწიფო ქონების დასახელებას
და მისამართს;
დ) იჯარა-გამოსყიდვით გასაცემი სახელმწიფო ქონების საწყისი ფასს;
ე) საიჯარო ქირის რაოდენობას;
ვ) განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და კონკურსის ჩატარების ვადას;
ზ) ბეს სიდიდეს (რომლის ოდენობას განსაზღვრავს "მეიჯარე");
თ) საკონკურსო კომისიის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს;
ი) კონკურსში მონაწილეთა წინადადების შემცველი კონვერტის გახსნის თარიღის, დროსა და ადგილს;
კ) იჯარა-გამოსყიდვით გასაცემი საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართობის სიდიდეს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობათა დახასიათებას;
ლ) იჯარა-გამოსყიდვით გასაცემი ობიექტის კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებებს; ლიკვიდირებული სახელმწიფო საწარმოს ქონების აქტივების იჯარა-გამოსყიდვით გაცემის შემთხვევაში საინფორმაციო ცნობაში მოცემული უნდა იყოს მათი დახასიათება.
3. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს განსაზღვრავს "მეიჯარე". ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტრერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს იჯარა _ გამოსყიდვით გასაცემ სახელმწიფო ქონებას.
4. საკონკურსო კომისია იღებს და ატარებს რეგისტრაციაში კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს.
5. საკონკურსო კომისია პასუხისმგებელია შემოსული დოკუმენტაციის კონფიდენციალობაზე.
6. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ საკონკურსო კომისია გადასცემს შეჯამებულ ოქმს "მეიჯარეს", რომელიც 10 დღის ვადაში ამტკიცებს შედეგებს.
ბ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. გარიგებათა გაფორმების წესი.
1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, არაუმეტეს 3 თვის ვადისა გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია "მეიჯარესთან" გააფორმოს სახელმწიფო ქონების იჯარის ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით), ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2. "მეიჯარესა" და "მოიჯარეს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები "მეიჯარისა" და "მოიჯარის" შესახებ;
ბ) "მეიჯარისა" და "მოიჯარის" მისამართები;
გ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
დ) სახელმწიფო ქონების შემადგენლობა და შეძენის ფასი;
ე) დაკავებული მიწის ფართობის სიდიდე;
ვ) საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ზ) სხვა მონაცემები გამოცხადებული კონკურსის და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. საიჯარო ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს იჯარით გაცემული ქონების გამოსყიდვის პირობებს, ვადებს და ამ დებულების მე-5 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს.
4. "მოიჯარე" ვალდებულია საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით დაფაროს საიჯარო ქონების საბოლოო ფასი, საიჯარო ქირა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსის შედეგები უქმდება და შეტანილი "ბე" არ ბრუნდება.
5. საიჯარო ხელშეკრულების ვადის შეწყვეტა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარემ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე გამოისყიდა იჯარით აღებული ქონება, რისი უფლებაც ასახული უნდა იყოს საიჯარო ხელშეკრულებაში. ამასთან, "ბეს" სახით შეტანილი თანხა ითვლება ანგარიშსწორების დროს.
6. საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვამდე "მოიჯარეს" ქონება გადაცემა მფლობელობასა და სარგებლობაში.
7. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ "მოიჯარე" განცხადებით მიმართავს "მეიჯარეს" საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თაობაზე. "მეიჯარე" ვალდებულია განცხადების მიღებიდან არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
8. "მეიჯარეს" განცხადებასთან ერთად წარედგინება:
ა) საიჯარო ხელშეკრულების ასლი;
ბ) ქონების მიღება-ჩაბარების აქტი;
გ) საბანკო დაწესებულების მიერ დამოწმებული ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
9. სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება "მეიჯარედან" "მოიჯარეს" გადაეცემა სახელმწიფო ქონების ღირებულების და ქირის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. უძრავი ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლება გადადის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები იფარება "მოიჯარის" მიერ.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები