,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 208
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 152, 17/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.10.003.001.153
  • Word
208
16/10/2008
სსმ, 152, 17/10/2008
230.210.000.10.003.001.153
,,საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №208

2008 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 30-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებით (სსმ III, 2006 წ., №176, მუხლი 2391) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„6. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ოთხი სახისაა:

ა) არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი (დანართი №1);

ბ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A“ (დანართი №2);

გ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;

დ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1“;

ბ) ინსტრუქციის პირველ მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ყურძნისეულ ნედლეულზე დამზადებულ ალკოჰოლიან სასმელებზე) მიერ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად.“;

გ) ინსტრუქციას დაემატოს მე-13 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის EUR.1 ფორმის შევსების ენა და გაცემა

1. წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზედაც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

2. წარმოშობის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე.

3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან შეინახონ სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს.

4. სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე.

5. წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.

6. ფერადი და ერთი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.

7. წარმოშობის სერტიფიკატის ფერადი და თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს, საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.

8. წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი.

9. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.

10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.

11. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან სულ გვიან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

12. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.

13. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ;

გ) კონტრაქტი;

დ) ანგარიშ-ფაქტურა;

ე) ყურძნისეულ ნედლეულზე დამზადებულ ალკოჰოლიან სასმელებზე – ექსპერტიზის აქტი და თითეული დასახელების ნიმუშის თითო ბოთლი.

14. სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.“.  

2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე