დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სახელმწიფო ორგანოებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემის წესისა და პირების, მათი გამოყენებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/586 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 14/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.020.22.024.008.893 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.020.22.024.008.893
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/586
2006 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ორგანოებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემის წესისა და პირობების, მათი გამოყენებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილების და და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო ორგანოებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემის წესი და პირობები, მათი გამოყენებისა და დაცვის წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. თურნავა
მინისტრის პირველი მოადგილე
სახელმწიფო ორგანოებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემის წესი და პირობები, მათი გამოყენებისა და დაცვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო ორგანოებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემის წესი და პირობები, მათი გამოყენებისა და დაცვის წესი შემუშავებული იქნა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სახელმწიფო ორგანოებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემის წესსა და პირობებს, ასევე მათი გამოყენებისა და დაცვის წესს.
2. სახელმწიფო ორგანოებს (საკანონმდებლო აღამასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების და პროკურატურის) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები გადაეცემათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში ხელშეკრულება არ ფორმდება. მხარეთა შორის ფორმდება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტი.
3. გადაწყვეტილებას სახელმწიფო ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობების გადაცემის თაობაზე იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემა ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) სახელმწიფო ორგანოებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები გადაეცემათ მათ კომპეტენციაში არსებული ფუნქციების, ამოცანებისა და საკითხების განსახორციელებლად;
ბ) სახელმწიფო ორგანოებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები გადაეცემათ უსასყიდლოდ.
მუხლი 2. სახელმწიფო ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემის პირობები
1. სახელმწიფო ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემა ხორციელდება:
ა) სახელმწიფო ორგანოების თხოვნის საფუძველზე;
ბ) საქართველოს მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო ორგანოს თანხმობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემის თხოვნით მიმართავენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
3. სახელმწიფო ორგანოების თხოვნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემის თაობაზე უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დასახელება და ადგილმდებარეობა;
ბ) გადაცემის ვადა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შემოსულ თხოვნას იხილავს და გადაწყვეტილებას ღებულობს ერთი თვის ვადაში.
5. სახელმწიფო ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებებების გადაცემის თაობაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფო ორგანოსათვის გადაცემის შესახებ.
მუხლი 3. სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გამოყენების და დაცვის წესი
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემის თაობაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, 1 თვის ვადაში გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც აღინიშნება:
ა) სახელმწიფო ორგანოს დასახელება;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დასახელება, მისამართი, შენობა-ნაგებობების და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის მონაცემები და საბალანსო ღირებულება;
გ) შენობა-ნაგებობის გადაცემის ვადა;
დ) სახელმწიფო ორგანოს ვალდებულება, რომ:
დ.ა) შენობა-ნაგებობები გამოიყენოს პირდაპირი დანიშნულებით მის კომპეტენციაში არსებული ფუნქციების, ამოცანებისა და საკითხების განსახორციელებლად;
დ.ბ) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციისა და სანიტარიული ნორმები;
დ.გ) გადაიხადოს შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის კომუნალური გადასახადები (მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარების საფასური მოქმედი ტარიფის შესაბამისად);
დ.ე) დაუყოვნებლივ აცნობოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, თუ შენობა-ნაგებობა განადგურდა ან დაზიანდა;
დ.ვ) უზურნველყოს შენობა-ნაგებობა გარეშე პირთა ხელყოფისაგან და სხვა საფრთხისაგან;
დ.ზ) საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობას ჩაუტაროს სარემონტო სამუშაოები.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 20 დღის ვადაში სახელმწიფო ორგანოსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სახელმწიფო ორგანოს დასახელება;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დასახელება და მისამართი
გ) შენობა-ნაგებობების და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის მონაცემები;
დ) საბალანსო ღირებულება.
მუხლი 4. სახელმწიფო ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად ან/და ბათილად ცნობა
1. სახელმწიფო ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემის თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადკარგულად და ბათილად ცნობის საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.
2. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
3. სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის გადაცემის პერიოდში წამოჭრილი სადაო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები