დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 876-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.102790 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-40 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ2“ ქვეპუნქტი: „ვ2) უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;“. 2. 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად სასჯელად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, სამხედრო წოდების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 472 მუხლი: „მუხლი 472. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 1. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი უცხოელის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფას და მისთვის საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვის დაწესებას. ამ სასჯელის მიზნებისთვის უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − ორიდან ათ წლამდე ვადით; ბ) მძიმე დანაშაულისთვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − ხუთიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის უცხოელის საქართველოში დარჩენა. 4. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ გამოიყენება უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევებისას, რომელშიც: ა) იგი იდევნება პოლიტიკური მრწამსისთვის ან იმ ქმედებისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება; ბ) იგი იდევნება ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისთვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისთვის; გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება; დ) მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ანდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე შეექმნება. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლის არსებობის შესახებ დასკვნას პროკურორის ან გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე 30 დღის ვადაში გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს დასკვნა აუცილებელი არ არის, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რომლის პირობა ითვალისწინებს სასჯელის სახით უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის დანიშვნას. 6. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის. 7. დამატებით სასჯელად დანიშნული უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება აღსრულდეს: ა) უცხოელის მიერ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე ან მისი ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში; ბ) უცხოელის მიერ სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი; გ) გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ უცხოელს სასამართლომ პირობითი მსჯავრი დაუნიშნა. 8. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ აღსრულდება, თუ უცხოელის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ექვემდებარება გაძევებას ექსტრადიციის ინიციატორ სახელმწიფოში და მის ექსტრადიციას მხოლოდ ეს სახელმწიფო ითხოვს. 9. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მოხდის ვადა აითვლება უცხოელის საქართველოდან გაძევების დღიდან.“. 4. 2862 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების (გარდა გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“. 5. 3221 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“. 6. 344-ე და 3441 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 344. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა – ისჯება ჯარიმით ან უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ორიდან ათ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ორიდან ათ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. 2. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ შენიშვნის პირველი ნაწილის შესაბამისად. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება აგრეთვე პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა. მუხლი 3441. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით – ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ორიდან ათ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ; გ) მიგრანტის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნით; დ) მიგრანტის მიმართ არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობით, მისი ექსპლუატაციის ჩათვლით; ე) ყალბი საბუთების გამოყენებით, − ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ხუთიდან ოც წლამდე ან უვადოდ ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) რამაც გამოიწვია მიგრანტის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ხუთიდან ოც წლამდე ან უვადოდ ან თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“. 7. 362-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების (გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“. 8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3801 მუხლი: „მუხლი 3801. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა 1. იმ პირის მიერ, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ან რომლის მიმართაც არსებობს საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა უცხოელის მიერ სამგზავრო დოკუმენტის განზრახ განადგურებით, ხოლო ამ დოკუმენტის არქონის შემთხვევაში − აღნიშნული დოკუმენტის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურისთვის თავის არიდებით ან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის თავის სხვაგვარად არიდებით, – ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ხუთიდან ოც წლამდე ან უვადოდ ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ექვს წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ხუთიდან ოც წლამდე ან უვადოდ ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N876-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები