საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-574
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.030.016345
01-574
25/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
010320020.22.030.016345
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-574

2025 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის №34 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი




საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატი (შემდგომში – დირექტორატი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უმაღლესი და მაღალი დონის სახელმწიფო/სამთავრობო დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საკონსულო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან ურთიერთობა.

2. დირექტორატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 2. დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების და მათთან გათანაბრებული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების, საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტების და შეხვედრების ორგანიზება და ხელშეწყობა, საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, მინისტერიალების დაგეგმვა, ორგანიზება და ხელშეწყობა;

ბ) კონსულტაციის გაწევა საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისადმი ოფიციალური დელეგაციების მიღების ორგანიზებისა და დიპლომატიური პროტოკოლის ნორმების დაცვის საკითხებში;

გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დაგეგმვა- ორგანიზება;

დ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ასევე მათ წინაშე წამოჭრილ სხვადასხვა ოპერატიულ საკითხზე დირექტორატის კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიული რეაგირება;

ე) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების აკრედიტაციის პროცესის უზრუნველყოფა.

ვ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომელთა იმუნიტეტებსა და პრივილეგიებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი;

ზ) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს (მუდმივი) წარმომადგენლის, თავდაცვის (სამხედრო) ატაშეს დანიშვნისა და აკრედიტაციისათვის აუცილებელი პროცედურების გატარება (აგრემანის მოთხოვნა, რწმუნებათა სიგელების დამზადება, დანიშვნის შესახებ მინისტრის წერილის მომზადება და სხვ.);

თ) საქართველოს ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნავ, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის/საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების მონაწილეობის უზრუნველყოფა-ხელშეწყობა.

მუხლი 3. დირექტორატის ხელმძღვანელობა

1. დირექტორატს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დირექტორატის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დირექტორატს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დირექტორატზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა (მოადგილეებსა) და დირექტორატის სხვა თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დირექტორატის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს, ვიზას ადებს დირექტორატში მომზადებულ და სამინისტროდან გასაგზავნ დოკუმენტებს;

ვ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს დირექტორატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დირექტორატისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის შესახებ;

თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დირექტორატის თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დირექტორატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) პერიოდულად ისმენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის (მოადგილეების) ანგარიშს მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დირექტორატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე.

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დირექტორატის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ბ) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;

გ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნისას, მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება ხელმძღვანელის მოადგილეს.

7. დირექტორატის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 4. დირექტორატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. ვიზიტების და ღონისძიებების ორგანიზების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების და მათთან გათანაბრებული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების, საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტების ორგანიზება და ხელშეწყობა, საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, მინისტერიალების დაგეგმვა, ორგანიზება და ხელშეწყობა;

ბ) კონსულტაციების გაწევა საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისადმი უცხოელი სტუმრების მიღების ორგანიზებისა და დიპლომატიური პროტოკოლის ნორმების დაცვის საკითხებში;

გ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დაგეგმვა- ორგანიზება;

დ) საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრისათვის/მინისტრის მოადგილისათვის/დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის ხელმძღვანელისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის დაგეგმვა- ორგანიზება;

ე) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ყოველდღიური შეხვედრების ორგანიზება;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვადასხვა ღონისძიებაზე (მიღება, სადილი, კონფერენცია) მონაწილეობის ორგანიზება;

ზ) საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების (კონფერენცია, ფორუმი, „დიპლომატიური ტური“, ელჩების კონფერენცია და სხვა) ორგანიზება და განხორციელება;

თ) საქართველოში ვიზიტად მყოფი უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების სამახსოვრო საჩუქრებით უზრუნველყოფა;

ი) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მოადგილეების ხელმძღვანელობით საზღვარგარეთ ვიზიტისას, ოფიციალური დელეგაციების უზრუნველყოფა მიმღები მხარისათვის გადასაცემი სამახსოვრო საჩუქრებით;

კ) საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის სამახსოვრო საჩუქრების შერჩევა;

ლ) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილების ვადის გასვლისას დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების სამახსოვრო საჩუქრებით უზრუნველყოფა;

მ) საპროტოკოლო ატრიბუტიკის დიზაინის შერჩევა და მათი დამზადების ორგანიზება;

ნ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით საახალწლო მისალოცი ბარათების დამზადების ორგანიზება;

ო) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გაცემული საჩუქრების აღრიცხვა;

პ) საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ელჩების პირველად ჩამოსვლისას და მისიის დასრულებისას აეროპორტის სამთავრობო დარბაზის მომზადება და დახვედრა/გაცილება; საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაცნობითი და გამოსამშვიდობებელი შეხვედრების დაგეგმვა;

ჟ) რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა არარეზიდენტი ელჩების ვიზიტის პროგრამის შედგენა;

რ) საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტების (გასვლითი და შემომავალი) გრაფიკის შემუშავება;

ს) დირექტორატის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა ფუნქციების შესრულება.

2. დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ასევე მათ წინაშე წამოჭრილ სხვადასხვა ოპერატიულ საკითხზე დირექტორატის კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიული რეაგირება;

ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების აკრედიტაციის პროცესის უზრუნველყოფა; აღნიშნულ პირებზე პირადობის და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათების გაცემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 16 ნოემბრის №01-212 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელ თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა აკრედიტაციის წესის“ შესაბამისად;

გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომელთა იმუნიტეტებსა და პრივილეგიებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი;

დ) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს (მუდმივი) წარმომადგენლის დანიშვნისა და აკრედიტაციისათვის აუცილებელი პროცედურების გატარება (აგრემანის მოთხოვნა, რწმუნებათა სიგელების დამზადება, დანიშვნის შესახებ მინისტრის წერილის მომზადება და სხვ.);

ე) საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს ელჩის აკრედიტაციისთვის აუცილებელი პროცედურების გატარება;

ვ) საზღვარგარეთ საქართველოს თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგი თანამდებობის პირების დანიშვნის და/ან აკრედიტაციისთვის საჭირო პროცედურების გატარება;

ზ) საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების თავდაცვის/სამხედრო ატაშეს აკრედიტაციის პროცედურების განხორციელება;

თ) საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა ოფიციალური უწყებების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ი) არარეზიდენტი დანიშნული ელჩების მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის მომზადების საორგანიზაციო მხარდაჭერა;

კ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების შესახებ ინფორმაციის შემცველი „დიპლომატიური სიის“ განახლება

მუხლი 5. დირექტორატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა

1. დირექტორატში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურული ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;

ე) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს;

ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესთან შეთანხმებით პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) მინისტრის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის მითითებით ახორციელებს ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.