დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 843-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170000000.05.001.102760 |
|
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საავადმყოფოში, სხვა სტაციონარულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში ან სანატორიუმში სამკურნალოდ მყოფი პირის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ საავადმყოფოს, სხვა სტაციონარული სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ან სანატორიუმის მთავარი ექიმის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის ან მორიგე ექიმის მიერ; ხანდაზმულთა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები პირის ანდერძი, რომელიც დადასტურებულია ამ სპეციალიზებული დაწესებულების დირექტორის ან მთავარი ექიმის მიერ; ჰოსპიტალში, სანატორიუმში ან სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულებაში სამკურნალოდ მყოფი სამხედრო მოსამსახურის ან სხვა პირის ანდერძი და რწმუნებულება, რომლებიც დადასტურებულია ამ ჰოსპიტლის, სანატორიუმის ან სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულების უფროსის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის, სამედიცინო ნაწილის უფროსის ან მორიგე ექიმის მიერ;“. 2. 50-ე მუხლის მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ პირი, რომელიც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს, ყრუა ან მეტყველების უნარის არმქონე პირია, ნოტარიუსმა საჭიროების შემთხვევაში მისთვის სანოტარო მოქმედების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების განსამარტავად შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით უნდა ისარგებლოს. ამ სპეციალისტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ მან აღნიშნულ პირს განუმარტა სანოტარო მოქმედების შინაარსი და ის მის ნებას შეესაბამება. 4. იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის გამო ანდა სხვა მიზეზით არ შეუძლია ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ამ დოკუმენტს მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით და იმ მიზეზის მითითებით, რომლის გამოც პირს არ შეუძლია აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერა. 5. თუ პირი, რომელიც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს, უსინათლოა ან წერა-კითხვის არმცოდნე პირია, ნოტარიუსმა მას უნდა წაუკითხოს შესაბამისი დოკუმენტის ტექსტი და ამის შესახებ სათანადოდ უნდა მიუთითოს შესაბამის დოკუმენტში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N843-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები