დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 849-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.05.001.102757 |
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებული პირი, ქრონიკული დაავადების ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი, აგრეთვე ისეთი დასახიჩრების, დაავადების ანდა ფიზიკური ან ინტელექტუალური მონაცემების მქონე პირი, რომელიც/რომლებიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;“. 2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაუშვებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების ან/და სპეციალური საშუალების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებს ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.“. 3. მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დაუშვებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება სხვისი დაშავების საფრთხის შემცველ ადგილას ანდა ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილას, აგრეთვე ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებს, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან სხვა პირის სიცოცხლეს.“. 4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავის თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევით. ზარალს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, თუ ეს არ არის მისი უკანონო ქმედების შედეგი, მას სრულად აუნაზღაურებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის შესაძლებლობის შეზღუდვის ან/და დასახიჩრების, ტრავმირების, დაღუპვის ან ტრავმირებით გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევა არის სადაზღვევო რისკი, რომლის დროსაც ამ თანამშრომელს ან მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან აღნიშნული სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან/და შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში – 7 000 ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 4 000 ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 2 000 ლარი; დ) გარდაცვალების შემთხვევაში − 15 000 ლარი. ამასთანავე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აანაზღაურებს გარდაცვლილი პირის გადასვენებასა და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N849-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები