„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 859-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.102752
859-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 03/07/2025
470000000.05.001.102752
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მყარი ვეგეტატიური მდგომარეობა − ქრონიკული უგონო მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს სიფხიზლისა და ძილის მონაცვლეობა, აგრეთვე ქცევითი ან თავის ტვინის აქტიურობისთვის დამახასიათებელი გაცნობიერებული ქმედებებისა და გარე გამღიზიანებლებსა და მოვლენებზე ადეკვატური რეაქციის არარსებობა;“;

ბ) „ტ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ1) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება − სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება ან შესაძლებლობის შეზღუდვა;“;

გ) „ტ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ4) პალიატიური მზრუნველობა − მულტიდისციპლინური მიდგომით მომსახურება, რომელიც ტკივილისა და სხვა ფიზიკური და ფსიქოსოციალური საჭიროებების ადრეული გამოვლენის, სწორი შეფასებისა და მკურნალობის, ფსიქოსოციალური და სულიერი თანადგომის, ტანჯვის პრევენციისა და შემსუბუქების გზით აუმჯობესებს ქრონიკული დაავადების ან/და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს;“.

2. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტისა და დაავადების მქონე პირის დისკრიმინაციისგან დაცვა სამედიცინო დახმარების გაწევისას;“.

3. 68-ე და 69-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 68

სახელმწიფო ხელს უწყობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დახმარების გაწევას.

მუხლი 69

ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის უფლებებისა და ინტერესების დაცვის საკითხები წესრიგდება, აგრეთვე ამ პირთან მომუშავე სამედიცინო პერსონალისა  და მასთან უშუალო კავშირის მქონე სხვა პირთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N859-IIმს-XIმპ