დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 792-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300190000.05.001.102786 |
|
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.06.2023, სარეგისტრაციო კოდი: 300190000.05.001.020929) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სააგენტო − ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა, მისი პირობების შეცვლა, ამ ნებართვის გაუქმება და მასთან დაკავშირებული საკითხები; ამ კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის, აგრეთვე შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-12 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განაცხადისა და საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, აგრეთვე აღნიშნული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 3. სკოპინგის დასკვნის დაჩქარებული წესით გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის რეგისტრაციიდან 1 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ განაცხადისა და სკოპინგის ანგარიშის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“; ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან/გამოქვეყნებიდან არაუადრეს მე-10 სამუშაო დღისა და არაუგვიანეს მე-15 სამუშაო დღისა სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას. სააგენტო პასუხისმგებელია სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის და უზრუნველყოფს მისი ორგანიზების, მათ შორის, სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების, ხარჯების ანაზღაურებას. სააგენტო წარმართავს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის პროცესს. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ოქმს. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 8. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ამ საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია აღნიშნული საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება − სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.“; გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. სააგენტო სკოპინგის პროცედურის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განაცხადის, სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი (მათი) ნაბეჭდი ეგზემპლარის (ეგზემპლარების) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“. 4. მე-14 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სააგენტო უზრუნველყოფს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების, აგრეთვე საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას, აგრეთვე უზრუნველყოფს აღნიშნული განაცხადის, დოკუმენტებისა და ცნობის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამავე კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ვადების ფარგლებში სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შენიშვნების ან დასაბუთებული უარის წარუდგენლობის შემთხვევაში სათანადო საკითხი აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებულად ითვლება და სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შესაბამისი გადაწყვეტილება.“. 5. მე-16 მუხლის: ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით უზრუნველყოფს საჯარო განხილვის ჩატარებას განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 75-ე სამუშაო დღისა (დაჩქარებული წესით მომსახურების შემთხვევაში − არაუგვიანეს 47-ე სამუშაო დღისა). 2. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. სააგენტო წარმართავს საჯარო განხილვის პროცესს. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს საჯარო განხილვის შესახებ ოქმს. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. სააგენტოს წარმომადგენელი საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს საჯარო განხილვის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში. 3. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ ორგანოსთან შეთანხმებით. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება ამ საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია აღნიშნული საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება − სააგენტოს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.“; ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებულ ან/და სააგენტოსთვის წარდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, რომლებიც საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს არ ეხება, სააგენტო უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ორგანოებს)/მუნიციპალიტეტს (მუნიციპალიტეტებს).“. 6. მე-17 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემიდან, გადახედვიდან ან განახლებიდან ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილებისა და საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ ინფორმაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა არ წარმოშობს ამ ნებართვის მქონე პირის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებას ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მოიცავს მხოლოდ საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს.“. 7. მე-19 მუხლის: ა) მე-3−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს საქმიანობის განმახორციელებელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის წარსადგენად. სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ის საქმიანობის განმახორციელებელი, რომელზედაც ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვასთან ერთად გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ვალდებულია დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადთან ერთად სააგენტოს დამატებით წარუდგინოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად მომზადებული სკრინინგის განცხადება. თუ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის შემდეგ იცვლება წყალაღების ან/და წყალჩაშვების პირობები ან/და საჭიროა ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღება, რაც იწვევს საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის ან/და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადში ასახოს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. თუ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურა. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“. 5. სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს სათანადო დოკუმენტების შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებასა და გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში − მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ამ განაცხადის დადგენილი წესით საჯარო გაცნობისთვის განთავსებიდან/გამოქვეყნებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. სააგენტო იხილავს აღნიშნულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. 6. სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის წარდგენიდან 60 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, არის თუ არა დაგეგმილი ცვლილება არსებითი ცვლილება და, შესაბამისად, საჭიროებს თუ არა ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა ამ კანონის II თავით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებას. თუ სააგენტო დაგეგმილი ცვლილების შესახებ განაცხადის განხილვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით დაადგენს, რომ ეს ცვლილება არსებითი ცვლილება არ არის, მას იმავე გადაწყვეტილებით შეაქვს აღნიშნული ცვლილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში. სააგენტო ამ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.“; ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებს განიხილავს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების დამტკიცებიდან 4 წლის ვადაში, რის შემდეგაც საქმიანობის განმახორციელებელს განუსაზღვრავს საქმიანობის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ახალ დასკვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსთვის სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გონივრულ ვადას. სააგენტო აღნიშნულ ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი თავისუფლდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მოსაკრებლის გადახდისგან. 9. სააგენტო უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობით შეიტანოს ცვლილება ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში, თუ დეპარტამენტმა ინსპექტირების საფუძველზე გამოავლინა საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობის ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ასახულ გარემოებებთან შეუსაბამობა და სააგენტო დაადგენს, რომ ეს შეუსაბამობა არსებითი შეუსაბამობა არ არის. სააგენტო ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანამდე შესაბამის ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე. საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, 15 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინონ სააგენტოს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები. სააგენტო იხილავს აღნიშნულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ და ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში სათანადო ცვლილება შეაქვს 30 სამუშაო დღის ვადაში. სააგენტო მიღებულ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.“; გ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემის შესახებ განცხადებას იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემის შესახებ გამოიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − ბრძანება. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემის შესახებ სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე სააგენტო გასცემს ახალ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას და მას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.“. 9. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე.“. 10. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე აქვეყნებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის: ა) სააგენტოსთვის წარდგენილ ემისიის მონიტორინგის შედეგებს, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესაბამისად; ბ) ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ (საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N792-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები