„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 693-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060000.04.001.018137
693-IIმს-XIმპ
24/06/2025
ვებგვერდი, 25/06/2025
110060000.04.001.018137
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.04.001.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე − პროკურატურის უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, კანცელარიის უფროსი, საქმისწარმოების სამმართველოს/განყოფილების უფროსი, პროკურატურის უფროსი სპეციალისტი,  სპეციალისტი, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი, კოორდინატორი, სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი პირი ან მისი მოადგილე, რომელიც არ არის პროკურორი და ინიშნება პროკურატურის სისტემაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციაა საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელება.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8−მე-10 პუნქტები:

„8. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი − პროკურატურის თანამშრომელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი.

9. მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი.

10. სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირი − პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის დაკავებული ან რომელსაც სხვაგვარად აქვს შეზღუდული თავისუფლება, აგრეთვე პირი, რომლის გადაადგილების თავისუფლება და ადგილსამყოფლის თავისი ნების შესაბამისად დატოვების უფლება ფაქტობრივად არის შეზღუდული მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თუ მისი ფარგლების გარეთ.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ქვემდებარეობა და სამოქმედო ტერიტორია

1. საქართველოს პროკურატურა სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას შემდეგ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441−1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლითა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა, მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა ჩაიდინა;

ბ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი ნების საწინააღმდეგოდ აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ;

გ) საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−116-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე−124-ე, 126-ე, 126​​1, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−1511 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა ჩაიდინა;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს;

ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე−163-ე და 1644 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა ჩაიდინა;

ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი საქართველოს პროკურატურამ ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას გამოავლინა.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული პროკურატურის თანამშრომელმა ჩაიდინა, სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო ქვემდებარეობასა და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული იმ დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომელმა ჩაიდინა, საპროცესო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესს, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიებს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.“.

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო წოდების ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ დანაშაულის ჩადენისას;“.

4. 34-ე მუხლის:

ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს ან პროკურატურიდან ითხოვს გენერალური პროკურორი.“;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან შრომით ხელშეკრულებას, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით, დებს ან წყვეტს გენერალური პროკურორი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესებით.“.

5. 361 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის რანგირება“.

6. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, საკლასო დანამატი, წოდებისთვის დადგენილი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელს უნარჩუნდებათ აგრეთვე რანგის დანამატი.“.

7. 76-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად იძიებს საქართველოს პროკურატურა.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 841 მუხლი:

„მუხლი 841. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმება, მათი შედეგები და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები

1. 2025 წლის 1 ივლისიდან ლიკვიდირებულ იქნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და გაუქმდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა. 2025 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაცია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2025 წლის 14 მაისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში თანამდებობაზე მყოფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2025 წლის 1 ივლისიდან გენერალურმა პროკურორმა დანიშნოს საქართველოს პროკურატურაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – მის თანამდებობაზე დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი გენერალურ პროკურორს არ წარუდგენს წერილობით თანხმობას, მასზე 2025 წლის 1 ივლისიდან არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ პირს არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2025 წლის 30 ივნისის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. მას 2025 წლის 1 ივლისიდან კანონის შესაბამისად მიეცემა კომპენსაცია 3 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით და სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორებმა წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2025 წლის 1 ივლისიდან სტაჟირების გავლა გააგრძელონ საქართველოს პროკურატურაში, გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომელზე, რომელიც საქართველოს პროკურატურაში პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან სტაჟიორის თანამდებობაზე დაინიშნება, არ გავრცელდეს ამ კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსამართლეობის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატისთვის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი მოქმედების 10-წლიანი ვადა.

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების, ფინანსური რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის 2025 წლის 1 ივლისიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია უზრუნველყოს 2025 წლის 1 ივლისიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების, ფინანსური რესურსების,  მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის ერთი ნაწილის პირდაპირ გადაცემა საქართველოს პროკურატურისთვის, ხოლო მეორე ნაწილისა − შესაბამისი სამსახურისთვის. გენერალური პროკურატურის საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას არაუმეტეს იმავე კანონით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი დაადგინოს საქართველოს მთავრობამ.

3. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დადებული კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივლისიდან. ასეთი გარიგების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების წესი კანონის შესაბამისად დაადგინოს საქართველოს მთავრობამ.

4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ არსებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები გაგრძელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. გენერალურმა პროკურორმა 2025 წლის 1 ივლისამდე ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობისა და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრა.

6. გენერალურმა პროკურორმა უზრუნველყოს მიმდინარე და დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეთა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით განაწილება.

7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა 2025 წელს ფინანსდება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის დამტკიცებული პროგრამული კოდიდან (51 00). საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების შესაბამისი სამსახურისთვის მიზნობრივი განაწილება.

8. შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივლისისა, მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“.

9. 85-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2025 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099).“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე პროკურატურაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიღებული პირი ჩაითვალოს პროკურატურის საჯარო მოხელედ და უკონკურსოდ დაინიშნოს შტატით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

24 ივნისი 2025 წ.

N693-IIმს-XIმპ