„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 761-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 130040000.05.001.102686
761-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
130040000.05.001.102686
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 149) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სადაზვერვო დაწესებულებები“.

2. მე-7 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სადაზვერვო დაწესებულებები“;

ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადაზვერვო დაწესებულებებია: დაზვერვის სააგენტო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები.

3. სადაზვერვო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას შემდეგ სფეროებში:

ა) დაზვერვის სააგენტო – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროებში;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები – სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ, სამხედრო-ეკონომიკურ, სამხედრო-ტექნიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროებში.“;

დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეზე ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფის მოსამსახურეზე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფის მოსამსახურეზე − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები.

6. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სადაზვერვო დაწესებულების მოსამსახურე შეიძლება მივლენილ იქნეს სხვა სადაზვერვო დაწესებულებაში.“.

3. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სადაზვერვო დაწესებულების ამოცანები

სადაზვერვო დაწესებულების ამოცანებია:

ა) საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, არსებული და მოსალოდნელი საგარეო საფრთხეების, გამოწვევებისა და რისკების განსაზღვრა და გამოვლენა;

ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების გეგმების, ზრახვებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოპოვების, შეგროვების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და ანალიზის შედეგად ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად;

გ) საფრთხეების პრევენციის ან/და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელება;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული, რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების დამუშავება, ვითარების შეფასება, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და კრიზისული სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან არსებობის შემთხვევაში ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება, თუ ეს მის უფლებამოსილებებს მიეკუთვნება;

ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა.

მუხლი 9. სადაზვერვო დაწესებულებების თანამშრომლობა

1. სადაზვერვო დაწესებულებებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის წესს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას სადაზვერვო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნების დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებს შორის საუწყებათაშორისო მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის შესახებ.“.

4. მე-11 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სადაზვერვო დაწესებულებებისთვის დახმარების გაწევა“.

5. IV თავი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N761-IIმს-XIმპ