დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17-27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/11/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 21/09/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016828 |
|
შეთანხმება
თანამშრომლობის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის |
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,
ითვალისწინებენ რა თავისი წვლილის შეტანის აუცილებლობას ევროპისა და მთელი მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში, მშვიდობის, ნდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიის სულისკვეთებით, დადებითად აფასებენ რა ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებს, გამოხატავენ რა თავიანთ მისწრაფებას ურთიერთსასარგებლო და ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე დამყარებული თანამშრომლობისაკენ, შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
1. ხელშემკვრელი მხარეები, წინამდებარე შეთანხმებაში აღნიშნული ვალდებულებების შესრულებისას თანამშრომლობენ თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპით. 2. ხელშემკვრელი მხარეები წინამდებარე შეთანხმების დებულებების რეალიზაციისას ხელმძღვანელობენ ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
მუხლი 2 1. ხელშემკვრელი მხარეები განახორციელებენ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: ა. სამხედრო-ეკონომიკური; ბ. სამხედრო-ტექნიკური; გ. სამხედრო-სამეცნიერო; დ. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და მართვა; ე. სამხედრო მოსამსახურეების სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება; ვ. სამხედრო ტოპოგრაფია და კარტოგრაფია; ზ. დასვენება; თ. სამხედრო მედიცინა; ი. კულტურული და სპორტული საქმიანობა; კ. საერთო ინტერესების სხვა სფეროები. 2. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, თანამშრომლობის ცალკეულ სფეროებში ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილ პირთა მიერ ხელი ეწერება შესაბამის ოქმებს. ეს ოქმები არის წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. 3. წინამდებარე შეთანხმების დებულებების რეალიზაციის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები შეიმუშავებენ თანამშრომლობის ყოველწლიურ ორმხრივ გეგმებს.
მუხლი 3 1. ხელშემკვრელი მხარეები განახორციელებენ თანამშრომლობას შემდეგი ფორმებით: ა. თავდაცვის მინისტრების და გენერალური (მთავარი) შტაბების უფროსების, აგრეთვე სხვა სამხედრო ხელმძღვანელთა ოფიციალური ვიზიტები; ბ. სამუშაო ვიზიტები, კონსულტაციები, გამოცდილების გაზიარება სწავლების, სპეციალიზაციისა და კადრების მომზადების სფეროში; გ. ურთიერთშეთანხმებით ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცვლა; დ. სწავლებებში, თათბირებსა და სემინარებში ერთობლივი მონაწილეობა; ე. ერთობლივი მონაწილეობა ხელშემკვრელ მხარეთა ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში; ვ. სხვა, ურთიერთშეთანხმებით დადგენილი ფორმებით.
მუხლი 4 1. ხელშემკვრელი მხარეები, მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ თანამშრომლობის დროს გაცვლილი ინფორმაციის დაცვა. 2. თანამშრომლობის დროს გაცვლილი ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელშემკვრელ მხარეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ. 3. ასეთი ინფორმაციის გადაცემა მესამე მხარისათვის დაიშვება მხოლოდ ინფორმაციის მომწოდებელი ხელშემკვრელი მხარის სპეციალური წერილობითი თანხმობით.
მუხლი 5 1. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ თავის თავზე წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯებს, ნაცვალგების პრინციპის გამოყენებით. 2. სატრანსპორტო ხარჯებს მიმღები ხელშემკვრელი მხარის ორმხრივად შეთანხმებულ პუნქტამდე ანაზღაურებს წარმგზავნი ხელშემკვრელი მხარე. 3. მიმღები ხელშემკვრელი მხარე თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს წარმგზავნი ხელშემკვრელი მხარის დელეგაციის წევრებს: ა. განთავსებით და კვებით; ბ. ტრანსპორტით ვიზიტის პროგრამის შესაბამისად; გ. კულტურული პროგრამით; დ. სასწრაფო სამედიცინო დახმარებით. 4. იმ შემთხვევაში, თუ დელეგაცია ჩამოდის სამხედრო თვითმფრინავით, მიმღები ხელშემკვრელი მხარე თავისი ხარჯით უზრუნველყოფს ეკიპაჟის წევრთა განთავსებას, კვებას, აგრეთვე ამ თვითმფრინავის სადგომს და დაცვას.
მუხლი 6 ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ შესწორებები და დამატებები წინამდებარე შეთანხმებაში წერილობითი ფორმით გამოხატული ურთიერთთანხმობის არსებობისას.
მუხლი 7 1. დავები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან, გადაიჭრება ხელშემკვრელი მხარეების მიერ ორმხრივი მოლაპარაკებების გზით. 2. თუ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში დღიდან შეტყობინებისა, რომელშიც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე ითხოვს მოლაპარაკებების დაწყებას, თანხმობა არ იქნა მიღწეული, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს მუხლი 8.3 დებულების თანახმად უფლება აქვს, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.
მუხლი 8 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ბოლო ნოტის მიღების დღიდან, რომელშიც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს ეროვნული პროცედურების შესრულების შესახებ. 2. წინამდებარე შეთანხმება იდება 5 (ხუთი) წლის ვადით და ავტომატურად გრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით. 3. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს აქვს უფლება შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება 6 (ექვსი) თვის ვადის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც მეორე ხელშემკვრელ მხარეს მიღებული ექნება წერილობითი შეტყობინება მისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება. 4. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში მე-4 მუხლის დებულებები რჩება ძალაში.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1998 წლის 26 ნოემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები