„2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე

„2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 630-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016818
630-IIმს-XIმპ
12/06/2025
ვებგვერდი, 20/06/2025
010100000.09.001.016818
„2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

„2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე

„2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს.

ანგარიშის საფუძვლიანმა ანალიზმა გამოააშკარავა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, ისე გარკვეული გამოწვევები.

ანგარიშში აღნიშნულია საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები:

მისასალმებელია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2023 წლის 13 ივნისს შეტანილი ცვლილება სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის ნაწილში, რომლის ამოქმედების ვადად 2024 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. აღნიშნული მარეგულირებელი ნორმით სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის სრულიად ახალი, ბევრად გამარტივებული მოდელი დადგინდა, ამავე დროს, კანონმდებლობის დონეზე გამარტივდა სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯარო ინფორმაციის სახით მიღება;

ასევე მისასალმებელია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2024 წლის 29 მაისს შეტანილი ცვლილება, რომლითაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევად არ მიიჩნევა სასამართლო რეფორმის შესახებ, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების თაობაზე ან/და სამართლის განვითარების სხვა საკითხზე მოსამართლის მეცნიერული ან/და ანალიტიკური მსჯელობა;

დადებითად ფასდება ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ზემოაღნიშნული, 2024 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი მივლინების საერთო ვადის 4 წლიდან 3 წლამდე შემცირებით;

მისასალმებელია საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, რომლითაც „ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შეტყობინების თაობაზე“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 4 ნოემბრის №211-გ ბრძანება სრულად გასაჯაროვდა;

ასევე მისასალმებელია, რომ საქართველოს პროკურატურა განაგრძობს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი, მათ შორის, რელიგიური ნიშნით მოტივირებული, დანაშაულების თაობაზე მონაცემების გამოქვეყნებას;

დადებითად ფასდება რელიგიურ უმცირესობათა საკულტო ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის მიზნით შესაბამისი სამუშაოების ჩატარება;

მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებისას გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის პოზიცია და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლეს დაზარალებულის პოზიციის ზეპირი მოსმენით გამართულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის დაუსწრებლად გარკვევა დაავალა;

დადებითად ფასდება გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2024 წელს გაგრძელდა პენიტენციურ დაწესებულებებში ციფრული სწავლების დანერგვა;

მისასალმებელია, რომ ზოგიერთ პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე მოეწყო ვიდეოპაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და პატიმრებმა შეძლეს ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობა;

დადებითად ფასდება საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არასრულწლოვანი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად სასაუბრო დროის დაფინანსება თვის განმავლობაში 60 წუთის ხანგრძლივობით;

აღსანიშნავია, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკასთან დაკავშირებით გასული წლის დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ძირითადად, დასაბუთებულია და ამ კუთხით სისტემური ხარვეზები არ იკვეთება; 

ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც პრევენციული ვიზიტები განხორციელდა, უზრუნველყოფილი იყო ექიმ-თერაპევტის მომსახურება;

მისასალმებელია, რომ საქართველოში უვადო თავისუფლების აღკვეთისა და საშეღავათო მექანიზმების მარეგულირებელი ნორმები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება;

გასული წლის მსგავსად, დადებითად ფასდება მიგრანტთათვის გამოყოფილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული პირებისთვის ტელეფონისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე მათ მიერ მნახველებისა და ამანათების მიღების შესაძლებლობის არსებობა;

მისასალმებელია, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაბამისი დადგენილებით უზრუნველყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მონაცემების ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეტანა;

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველო ქალთა ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების მაჩვენებლით 68-ე ადგილიდან 54-ე ადგილზე დაწინაურდა;

მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2024 წელს დადასტურებული სესხების რაოდენობის 60% და მათი მოცულობის 59% მოდის მეწარმე ქალებზე ან ისეთ მეწარმე სუბიექტებზე, რომელთა 100% წილის მფლობელი ქალია;

დადებითად ფასდება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაძლიერების კუთხით ინსტიტუციურ დონეზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა;

მისასალმებელია, რომ 2024 წელს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის დამატებითი თავშესაფარი და კრიზისული ცენტრები გაიხსნა;

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოქმედებს „მობილური იუსტიციის სახლი“, რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება;

2024 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ღონისძიებები პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისთვის, რამაც ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით − მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და მისი ეფექტიანობის გაზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა;

დადებითად ფასდება სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების ფინანსური უზრუნველყოფისთვის გაწეული ძალისხმევა. კერძოდ, მნიშვნელოვანია ონკოლოგიური მედიკამენტების პაციენტისთვის მიწოდების სქემის დანერგვის ღონისძიებები. ასევე დადებითად უნდა შეფასდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციის უფასო სერვისის არსებობა, რომლითაც სარგებლობენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები;

აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული;

საანგარიშო წელს განახლდა სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია, რის შედეგადაც ეს მეთოდოლოგია მეტად შეესატყვისება თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, აგრეთვე მეტად უზრუნველყოფს მოწყვლადი ოჯახების გამოვლენასა და მიზნობრივი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) პროგრამაში ჩართვას;

დადებითად ფასდება საქართველოს მთავრობის ინიციატივა უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 125 უსახლკარო ოჯახს უკვე გადაეცა საცხოვრებელი ბინა სარგებლობის უფლებით;

შშმ პირთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისა და მათთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის. შშმ ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით გადამზადება გაიარეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა. სიახლე იყო აგრეთვე მხარდაჭერის მიმღებ პირთა საჭიროებების შესახებ საინფორმაციო-სასწავლო მოდულის შემუშავება;

დადებითად ფასდება პასუხისმგებელი უწყებების მიერ შშმ პირთა უფლებების/ღირსების პატივისცემის საკითხზე ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი პირების გადამზადების, რთული ქცევის მქონე, 10-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა რეფერირების პროგრამებში ჩართვისა და შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიური გადაწყვეტის შემუშავების მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელი მრავალპროფილური კლინიკების მოდელის დანერგვის, სტაციონარგარე ფსიქიატრიული სერვისების/ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტების გაძლიერებისა და პანსიონური მომსახურების სტანდარტის შემუშავების კუთხით;

დადებითად ფასდება საანგარიშო პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 94 სკოლის სრული რეაბილიტაცია, 200-მდე სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, 3 სკოლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება და 11 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაპროექტების/მშენებლობის დაწყება;

2024 წელს გაგრძელდა სახელმწიფო ენის სწავლების გასაუმჯობესებლად ზოგიერთი სასწავლო რესურსის განახლება და ბილინგვური განათლების სპეციალისტების გადამზადება;

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (ე. წ. 1+4 პროგრამის) ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებულია საჯარო სამსახურში სტაჟირება. მისასალმებელია, რომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა;

2024 წელს დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის უფლებათა სწავლებისთვის სათანადო ნორმატიულ საფუძველს ქმნის;

დადებითი სიახლეა 2024 წელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ ეროვნული უმცირესობების ენებზე 35 საკანონმდებლო აქტის თარგმნა და საკუთარ ვებგვერდზე განთავსება;

2024 წელს გაორმაგდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ზოგადი უნარების ტესტების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება. ამ დადებითი სიახლის შედეგად დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა;

მისასალმებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საინფორმაციო გამოშვებების აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნასა და სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსებას, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებას;

აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში (კორპუსების სართულებზე, სატელეფონო საუბრების ოთახებში და სხვაგან) რამდენიმე ენაზე, მათ შორის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, არის გამოკრული ინფორმაცია პატიმრის უფლებებისა და მოვალეობების, აგრეთვე მომსახურების შესახებ. ასევე ხელმისაწვდომია ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა დაწესებულების ცხელი ხაზის ნომრები. ამასთანავე, სხვადასხვა დაწესებულებაში მზადდება მრავალენოვანი ბროშურები რეაბილიტაციისა და სამედიცინო სერვისების შესახებ. გარდა ამისა, მსჯავრდებულებისთვის მიმდინარეობს ქართული ენის შემსწავლელი კურსი;

სამხედრო ნაწილებში ვიზიტების დროს სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს არ მიუღია ინფორმაცია ზემდგომი ან სხვა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო მოსამსახურის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის შესახებ;

მისასალმებელია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული პრევენციული ვიზიტების დროს მწვავე ინფრასტრუქტურული პრობლემები არცერთ სამხედრო ნაწილში არ გამოვლენილა.

საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და ადგენს:

1. საქართველოს მთავრობამ:

ა) შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანი იქნება პატიმართა რაოდენობის შემცირება, და ამ პროცესში გაითვალისწინოს როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის №R (99) 22 რეკომენდაცია ციხის გადატვირთულობასა და ციხის მობინადრეთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ისე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის მიერ მომზადებული დოკუმენტი ციხის გადატვირთულობის შესახებ (PC-CP (2015) 6 rev 7); 

ბ) შეიმუშაოს საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით აღიარებული საშინაო ვალის ანაზღაურების წესი, მათ შორის, განსაზღვროს პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა რიგითობა და დაზარალებული მოსახლეობის წინაშე აღიარებული ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმი; 

გ) შეისწავლოს საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი;

დ) ეროვნული რეფერირების მექანიზმის ქმედითობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად კოორდინაცია გაუწიოს უწყებებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, აგრეთვე მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ) შემუშავებისა და განახლების პროცესში;

ე) უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის კუთხით ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის ინკლუზიურობა ყველა შესაბამისი, დაინტერესებული მხარის ჩართულობით, აგრეთვე მათთვის სათანადო დროისა და რესურსების გამოყოფით/გათვალისწინებით;

ვ) უზრუნველყოს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შესამუშავებელი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომლის მიზანი იქნება ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და სტერეოტიპების შემცირება;

ზ) წყლის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების უზრუნველყოფისთვის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად გააგრძელოს სამოქმედო გეგმის დამტკიცების პროცესი და განახორციელოს მისი შესრულების მონიტორინგი;

თ) მიზანმიმართულად და შედეგზე ორიენტირებით გააძლიეროს მუნიციპალიტეტების რესურსული შესაძლებლობები წყლის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების ეფექტიანად და თანდათანობით გასაუმჯობესებლად, აგრეთვე თანასწორობის უზრუნველსაყოფად;

ი) 2025 წელს შეიმუშაოს და დაამტკიცოს საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ახალი ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა;

კ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის №551 დადგენილების შესაბამისად, გააგრძელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოში შემავალი შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;

ლ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის №551 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, გააგრძელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომების გამართვა;

მ) კრიტიკულად გააანალიზოს არსებული პრევენციის სისტემა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობით მოტივირებული მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეებთან დაკავშირებით და საკვანძო უწყებების, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მონაწილეობით იმუშაოს პრევენციის სისტემის დასახვეწად.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:

ა) მაქსიმალურად უზრუნველყოს №2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა მსჯავრდებულებისგან იზოლირება, სულ მცირე, ერთმანეთისგან განცალკევებულ საკნებში;

ბ) გააგრძელოს მუშაობა, პენიტენციური დაწესებულებების სპეციფიკის გათვალისწინებით, მათი საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა რაოდენობის გასაზრდელად;

გ) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი სტანდარტების სრულყოფილად აღსასრულებლად, დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსებისას პერიოდულად განახორციელოს სათანადო მონიტორინგი;

დ) პერიოდულად განახორციელოს დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსებისას სამედიცინო პერსონალის ჩართულობის მონიტორინგი;

ე) არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილი სპეციალური სარეაბილიტაციო დაწესებულების − არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ინფრასტრუქტურული კონცეფციის შემუშავებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს მათი საჭიროებები;

ვ) გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც არასრულწლოვანები არიან მოთავსებული, ბავშვზე მორგებული გარემოს და მასთან უწყვეტი მულტიდისციპლინური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური სივრცეების შესაქმნელად;

ზ) დეესკალაციის ოთახში შექმნას კიდევ უფრო უსაფრთხო გარემო;

თ) საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მონიტორინგი დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსებისას პენიტენციური კოდექსით დადგენილი სტანდარტების სრულყოფილად აღსასრულებლად;

ი) უზრუნველყოს, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცალკევებით მოთავსებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ღონისძიების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ამ ღონისძიების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს;

კ) საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს პენიტენციური დაწესებულებების დებულებების იმ ნორმების აღსრულების მონიტორინგი, რომლებიც პატიმრის სრული შემოწმებისას მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების საკითხს არეგულირებს;

ლ) საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმებისას ე. წ. ბუქნების გაკეთების მოთხოვნის პრაქტიკის მონიტორინგი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

მ) გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება პენიტენციური სისტემის შედარებით მცირე პენიტენციურ დაწესებულებებად დაყოფისა და დაბალანსებული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით;

ნ) გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ე. წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლების სრულად გასაუქმებლად;

ო) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული თითოეული ბრალდებულის 4 კვ. მ საცხოვრებელი ფართობით პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ ვადაში დაკმაყოფილება;

პ) პენიტენციურ დაწესებულებებში ექთნების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფის მიზნით გააძლიეროს მუშაობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე შესაბამისი სპეციალისტების მოსაზიდად;

ჟ) უზრუნველყოს ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციების სიხშირის ისე განსაზღვრა, რომ პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გონივრულ ვადაში გაეწიოს;

რ) უზრუნველყოს გეგმური სამედიცინო რეფერალის „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტების, პრევენციული მომსახურების პაკეტისა და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის №381 ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში განხორციელება;

ს) გააგრძელოს პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფებისთვის სკრინინგული გამოკვლევების ჩატარება;

ტ) შეისწავლოს სამედიცინო პერსონალსა და პატიმარს შორის შეხვედრების მაქსიმალურად კონფიდენციალურ გარემოში, ექიმის ან/და პაციენტის უსაფრთხოების დაცვით გამართვის საკითხი შესაბამისი სტანდარტის დახვეწის/ამაღლების უზრუნველსაყოფად;

უ) გააგრძელოს მუშაობა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციისთვის პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის დასანერგად;

ფ) პერიოდულად განახორციელოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგის ინსტრუმენტის ფუნქციონირების მონიტორინგი;

ქ) უზრუნველყოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გააგრძელოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტის ამოქმედებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება;

ღ) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში დაყოვნების გახანგრძლივების აუცილებლობის შემთხვევაში იგი ფსიქიატრის რეკომენდაციით დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებულ გარემოში;

ყ) პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა ჯანმრთელობის დასაცავად საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად გააგრძელოს მათთვის სათანადო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება;

შ) პრიორიტეტულად უზრუნველყოს „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანების პენიტენციური კოდექსის 139-ე მუხლით (ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი) დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა;

ჩ) გააგრძელოს საჭიროების შემთხვევაში ყველა უცხოენოვანი პატიმრის თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფა, მათ შორის, პატიმრებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და მარეგულირებელი ნორმების შესახებ ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენებზე მიწოდება;

ც) გააგრძელოს პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის პროფესიული ტრენინგებისა და სწავლების საშუალებით გადამზადება;

ძ) გააგრძელოს პერიოდული სისტემური შემოწმების გზით №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ გასეირნების უფლებით სარგებლობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;

წ) გონივრულ ვადაში შეიმუშაოს შესაბამისი გეგმა და უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებაში ახლად მოთავსებული ბრალდებულისთვის სატელეფონო ბარათის გადაცემამდე მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დაკავშირების შესაძლებლობის მიცემა;

ჭ) პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფის მიზნით გააძლიეროს მუშაობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე შესაბამისი სპეციალისტების მოსაზიდად;

ხ) გააგრძელოს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებსა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სასეირნო ეზოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;

ჯ) გააგრძელოს სამედიცინო შემოწმებაზე პასუხისმგებელი ექიმებისთვის პატიმრის დაზიანებების სრულყოფილად აღრიცხვის, დოკუმენტირებისა და ფოტოგადაღების შესახებ ტრენინგების ჩატარება, აგრეთვე უზრუნველყოს, რომ შესაბამისმა სამსახურმა ზედამხედველობა გაუწიოს ექიმების მიერ ამ ტრენინგებით მიღებული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებას;

ჰ) იმსჯელოს პატიმრის მიმართ დისციპლინური სახდელისა და უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების პერიოდში მისთვის ტელეფონით ადვოკატთან დაკავშირების უფლების მინიჭების მიზანშეწონილობაზე და წარმოადგინოს არგუმენტირებული პოზიცია;

1) პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პატიმრებთან მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გააგრძელოს სათანადო ტრენინგმოდულების შემუშავება და ამ პერსონალის გადამზადება;

2) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მიერ საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნა და მონიტორინგის გზით პერიოდულად შეისწავლოს აღნიშნული უფლების რეალიზების მდგომარეობა;

3) გააგრძელოს დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსებისას სათანადო გადაწყვეტილებების პენიტენციური კოდექსით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიღება;

4) გააგრძელოს მუშაობა თითოეული არასრულწლოვანი ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის სრულწლოვანებისგან განცალკევებით მათზე მორგებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოს უზრუნველსაყოფად;

5) გააგრძელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა პენიტენციური ჯანდაცვის მის სისტემაში შემდგომი შესაძლო ინტეგრაციის მიზნით;

6) გააგრძელოს მუშაობა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების გასაფართოებლად;

7) გააგრძელოს ციფრული სწავლების ეტაპობრივად დანერგვა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა;

8) გააგრძელოს მსჯავრდებულის სხვადასხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებაში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად ისეთი მექანიზმების მოძიება, დახვეწა და გაძლიერება, რომლებიც უშუალო გავლენას მოახდენს დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე;

9) გააგრძელოს ინტენსიური მუშაობა მომზადებისა და გადამზადების კურსების, დასაქმების პროექტებისა და მათში ჩართულ პირთა რაოდენობის გასაზრდელად;

10) გააგრძელოს უცხოენოვანი მსჯავრდებულების სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი შემთხვევის მართვის პროცესში შეფასების ეტაპზე მათთვის თარჯიმნის მიერ დახმარების გაწევის უზრუნველყოფა, აგრეთვე მსჯავრდებულთათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ქართული ენის შემსწავლელი კურსის დანერგვა;

11) გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება პატიმარი საქართველოს მოქალაქის მიერ, რომლის ოჯახიც ქვეყნის ფარგლების გარეთ ცხოვრობს, აგრეთვე უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო ზარის განხორციელების ფასის შესამცირებლად;

12) გააგრძელოს პენიტენციურ დაწესებულებებში საერთაშორისო ზარის ყოველდღე განხორციელების უზრუნველყოფა;

13) გააგრძელოს მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დახვეწის შესაძლებლობის შესწავლა, რათა მსჯავრდებულმა შეძლოს ვიდეოპაემნის უფრო აქტიურად და ხშირად განხორციელება;

14) განახორციელოს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობის მონიტორინგი;

15) უზრუნველყოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა გააგრძელოს:

15.ა) პერიოდული შემოწმების გზით პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

15.ბ) პატიმართა მიმოწერის უფლების კუთხით გამოვლენილი დარღვევების შესახებ სტატისტიკის წარმოება;

15.გ) პატიმართა მიმოწერის უფლების დამრღვევი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება;

16) ეტაპობრივად უზრუნველყოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება პატიმართა სატელეფონო საუბრების კონფიდენციალურ გარემოში მიმდინარეობა;

17) ნორმატიულ დონეზე განსაზღვროს ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრის მიერ ღია წერილის გაგზავნის ფაქტების აღრიცხვას შემდეგი პროცედურების დაცვით:

17.ა) შემთხვევის ადმინისტრატორის მიერ ღია წერილის მიღების/ჩაბარების დროს 2 ეგზემპლარად შედგება და ბეჭდით დადასტურდება დოკუმენტი, რომელშიც პატიმრის თანდასწრებით შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: წერილის ავტორის სახელი და გვარი; წერილის მიმღები შემთხვევის ადმინისტრატორის სახელი და გვარი; წერილის ჩაბარების თარიღი; წერილის ადრესატი; ფურცლების რაოდენობა;

17.ბ) დოკუმენტის ორივე ეგზემპლარს ხელს მოაწერენ პატიმარი და შემთხვევის ადმინისტრატორი;

17.გ) შევსებული დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი პატიმარს გადაეცემა, ხოლო მეორე ეგზემპლარი შემთხვევის ადმინისტრატორთან დარჩება;

18) გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის მინის ბარიერის გარეშე, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელების უზრუნველსაყოფად;

19) მაქსიმალურად უზრუნველყოს პატიმრის იმ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება, რომელიც მისი ოჯახის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარეობს;

20) შეისწავლოს დასავლეთ საქართველოში ქალთა მცირე დაწესებულების მოწყობის მიზანშეწონილობის საკითხი პატიმარი ქალის მისი ოჯახის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად;

21) უზრუნველყოს, რომ პენიტენციურმა დაწესებულებებმა პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს ამანათების შეგზავნაზე დაწესებული შეზღუდვების დროებით მოხსნის შესახებ ინფორმაცია გონივრული დროით ადრე მიაწოდონ;

22) უზრუნველყოს სასყიდლიანი ხელშეკრულების რეგისტრაციის პროექტის გონივრულ ვადაში დასრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების განხორციელება;

23) გააგრძელოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მსჯავრდებულთა ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამების გასაუმჯობესებლად და მათში მოძალადე მსჯავრდებულთა ჩართულობის გასაზრდელად, მათ შორის, ეფექტიანი წახალისების სისტემის დანერგვით;

24) უზრუნველყოს, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გააგრძელოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ქალებისთვის სამედიცინო ჩვენებით ჩასატარებელი აბორტის დაფინანსება სხვა გინეკოლოგიური სერვისის მსგავსად;

25) სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ სააღსრულებო საქმეების აღსრულების რიგითობის განსაზღვრისას გაითვალისწინოს მხარეთა უფლებრივი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და გამორიცხოს ამ ქონების მესაკუთრის უფლების აღდგენის გაუმართლებელი დაყოვნება;

26) გააგრძელოს საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლებისთვის შშმ პირთა უფლებების შესახებ ტრენინგების ჩატარება;

27) უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პატიმრებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსის შესახებ ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენებზე მისაწოდებლად ბუკლეტების ინდივიდუალურად გადაცემა, აგრეთვე აღნიშნული შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის პენიტენციური დაწესებულებების საცხოვრებელი კორპუსების კედლებზე გამოკვრა;

28) უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პატიმრებისთვის პატიმრის მიმართ პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა მოპყრობის, მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის, დისციპლინური სამართალწარმოების წესების, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და სახეების, პატიმრის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენებზე თარგმნა და პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკაში, კორპუსის სართულებზე, გასეირნების სივრცეებთან და სატელეფონო საუბრების ოთახებში განთავსება;

29) უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი იმ პატიმრებისთვის, რომლებმაც საერთოდ ან სათანადოდ არ იციან ქართული ენა, პატიმრის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ბუკლეტების მათთვის გასაგებ ენებზე მომზადება და გადაცემა;

30) შეისწავლოს პატიმრებს შორის ინტერეთნიკური კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად გრძელვადიანი გეგმის შემუშავების საჭიროება;

31) გააგრძელოს ინტერდისციპლინური, განგრძობითი და ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული ინტერვენციის სერვისი, რომელიც მიმართული იქნება როგორც 14 წლამდე ასაკის, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული ბავშვებისკენ, აგრეთვე მათი ოჯახებისა და უახლოესი გარემოცვისკენ. 

3. საქართველოს პროკურატურამ:

ა) უზრუნველყოს თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, თამაზ გინტურის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა;

ბ) უზრუნველყოს 2023 წელს კურორტ შოვში მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა და სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებების შესაბამისად დანაშაულის კვალიფიკაციის შესაძლო დაზუსტება;

გ) უზრუნველყოს მოქალაქე ი. წ.-ს მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა;

დ) უზრუნველყოს 2024 წლის აპრილ-მაისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა;

ე) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მიერ 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მარტამდე პერიოდში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ძალადობის მუქარის, აგრეთვე ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა;

ვ) განახორციელოს ღონისძიებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის (დევნა) გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით;

ზ) უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთა (წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებათა) სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა და სავარაუდო დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა;

თ) გააგრძელოს საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა გადამზადება შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისთვის მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

ა) გააგრძელოს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირისთვის მისი უფლებების განმარტების პრაქტიკის შესწავლა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად;

ბ) უზრუნველყოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა გააგრძელოს დაკავებული პირის მიერ თავისი ოჯახისთვის ან ადვოკატისთვის მისი დაკავების შესახებ შეტყობინების მოთხოვნის სათანადოდ დოკუმენტირების პრაქტიკაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დაკვირვება;

გ) გააგრძელოს პოლიციის დაწესებულებაში დაკავებულ პირსა და ადვოკატს შორის შეხვედრების კონფიდენციალურად გამართვის პრაქტიკაზე დაკვირვება და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;

დ) გაზარდოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს;

ე) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ახლად დასაქმებული ექიმების გადამზადება დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღებისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის საკითხში;

ვ) თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, შეისწავლოს საერთაშორისო პრაქტიკა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა სამხრე კამერებით აღჭურვის საკითხზე;

ზ) პატრულ-ინსპექტორთა მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებისას გააგრძელოს მათთვის მოქალაქეებთან ურთიერთობის პროცესის ვიდეოგადაღების კომპონენტის სწავლება;

თ) თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, შეისწავლოს საერთაშორისო პრაქტიკა პოლიციის ავტომანქანების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვის საკითხზე;

ი) თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, შეისწავლოს საერთაშორისო პრაქტიკა დაკავებული პირის პოლიციის ავტომანქანაში ყოფნის პერიოდის უწყვეტი ვიდეოგადაღების საკითხზე;

კ) უზრუნველყოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა შეისწავლოს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის“ №9 დანართით გათვალისწინებული ფორმის (ადმინისტრაციული დაკავების ოქმი №000 000 000) შევსების პრაქტიკა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად;

ლ) გააგრძელოს დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნების, აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორში განსათავსებელ პირთა აღრიცხვის წარმოების პრაქტიკის შესწავლა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად;

მ) გააგრძელოს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელთა სწავლება ადამიანის უფლებებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ნ) გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არასრულწლოვანთა და მცირეწლოვანთა/ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული გარემოს შესაქმნელად;

ო) უზრუნველყოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არასრულწლოვანის მოთავსების შემთხვევაში მუდმივად იმყოფებოდეს ფსიქოლოგი და მას ჰქონდეს არასრულწლოვანთან პირადი კონტაქტის შესაძლებლობა, აგრეთვე არასრულწლოვანის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში ყველა მოქმედებაში სოციალური მუშაკი იყოს ჩართული;

პ) გაზარდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ არასრულწლოვანთა სუფთა ჰაერზე გასეირნების დრო და არასრულწლოვანებს შესთავაზოს მათზე მორგებული აქტივობები, მათ შორის, საგანმანათლებლო აქტივობები;

ჟ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული არასრულწლოვანებისთვის მათი უფლებებისა და გასაჩივრების მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მათთვის მარტივად გასაგებ ენაზე მიწოდება;

რ) გააგრძელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის თანამშრომელთა სწავლება კონფლიქტების პრევენციისა და მართვის საკითხებზე;

ს) უზრუნველყოს, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 6 მაისის №231 ბრძანების 25-ე მუხლით გათვალისწინებული მკაცრი ზედამხედველობის ოთახში პირის მოთავსება გამოიყენებოდეს უკიდურესი ღონისძიების სახით, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა შეისწავლოს მკაცრი ზედამხედველობის ოთახში პირის მოთავსების პრაქტიკა და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში შეიმუშაოს წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად;

ტ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ითანამშრომლოს შესაბამის საგამოძიებო სამსახურთან;

უ) შეისწავლოს საერთაშორისო პრაქტიკა საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისას სამხრე ვიდეოკამერების გამოყენების საკითხზე;

ფ) გააგრძელოს 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციების პარალელურად განხორციელებული ე. წ. სატელეფონო მუქარების საქმის ეფექტიანი გამოძიება;

ქ) გააგრძელოს მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებზე თავდასხმის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება;

ღ) შეისწავლოს საერთაშორისო პრაქტიკა სპეციალურ ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავ პირთა მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების საკითხზე;

ყ) უზრუნველყოს, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 6 მაისის №231 ბრძანების 25-ე მუხლით გათვალისწინებული გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვა გამოიყენებოდეს უკიდურესი ღონისძიების სახით;

შ) გააგრძელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული პირის მიერ დღის განმავლობაში ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერით სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით;

ჩ) განიხილოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული პირების მიერ მნახველთა მიღების საათების გაზრდისა და მათთან შეხვედრის დროის გახანგრძლივების შესაძლებლობა არსებული ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის გათვალისწინებით;

ც) გააგრძელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ინტენსიური, განგრძობადი გადამზადება საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების საკითხში;

ძ) სხვა, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით გააგრძელოს მუშაობა ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და მისი თანამდევი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად;

წ) გააგრძელოს პოლიციელებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რისკის შეფასების დოკუმენტის შევსების საკითხზე ტრენინგების ჩატარება;

ჭ) გააგრძელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში აღკვეთის სინდრომის სამართავად ერთიანი სახელმძღვანელოს შესამუშავებლად, რომლითაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე იზოლატორში გასაწევი დახმარების მოცულობა;

ხ) უზრუნველყოს თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, თამაზ გინტურის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ეფექტიანად განხორციელება.

5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:

ა) გააგრძელოს სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენებისა და ჯგუფური დასჯის პრაქტიკის მონიტორინგი და აღნიშნული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;

ბ) გააგრძელოს საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისთვის ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, მარტივად გასაგები ენით (რთული სამართლებრივი ტერმინებისა და ფორმულირებების გარეშე) დაწერილი ბროშურის გავრცელებისა და ამ ინფორმაციის მისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში გამოკვრის გზით;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების შესაბამისად, გააგრძელოს შენობა-ნაგებობების სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, პირადი შემადგენლობისთვის სანიტარიულ-ჰიგიენური კვანძების მოწყობა და სამხედრო მოსამსახურეების ინვენტარით უზრუნველყოფა;

დ) გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საჭიროებიდან გამომდინარე, წყლის დისპენსერების შესყიდვის მიზნით;

ე) გააგრძელოს საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისთვის სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სწავლება;

ვ) შეინარჩუნოს სამედიცინო პერსონალის ზრდის ტენდენცია, ამასთანავე, გააგრძელოს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში არსებული ვაკანტური თანამდებობების დაკომპლექტებისთვის სამედიცინო პერსონალის მოძიება/შერჩევა/დანიშვნა;

ზ) გააგრძელოს სამხედრო ნაწილების სამედიცინო პერსონალის პროფესიული ტრენინგებისა და სწავლების საშუალებით გადამზადება;

თ) გააგრძელოს შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები საქართველოს თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გასავრცელებლად;

ი) გააგრძელოს სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამხედრო სამსახურის გავლის თავისებურებების გათვალისწინებით, არასამუშაო საათებში.

6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შესაბამის შეხვედრებზე და საერთაშორისო ფორმატებში გააგრძელოს მუშაობა სამართალდამრღვევ პირთა მიმართ სამართლის აღსრულების საკითხზე.

7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ა) შეისწავლოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების სამედიცინო მომსახურების თანაგადახდისა და მათთვის სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხი;

ბ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სტომატოლოგიური მომსახურების „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით დამტკიცებული „ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების სანებართვო პირობების“ დაცვით უზრუნველყოფის საკითხი;

გ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტებისთვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგული გამოკვლევების ჩატარების საკითხი;

დ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გადაყვანის შემდეგ პაციენტების გარდაცვალების შემთხვევები მათთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კუთხით;

ე) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და მისი თანამდევი, გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა;

ვ) საჭიროების შემთხვევაში შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტების მიმართ პერსონალის ძალადობის ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

ზ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც მოიცავს პაციენტის უფლებების დაცვისა და მისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტებს;

თ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს შორის კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების ქმედითი მექანიზმი, რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე ძალადობის მსხვერპლი პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება;

ი) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი ამ დაწესებულებების მიერ სიტუაციის ესკალაციის რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად;

კ) განიხილოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის შემუშავების საკითხი;

ლ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა სხვა პაციენტებისგან ხანგრძლივად განცალკევების პრაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში აღმოფხვრას იგი;

მ) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დეესკალაციის ოთახების შექმნის ვალდებულების მონიტორინგი განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში;

ნ) შეიმუშაოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-იდან შემოსულ ფსიქიატრიული შემთხვევების თაობაზე შეტყობინებებზე რეაგირებისთვის გაგზავნილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მიერ პაციენტის ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე დარწმუნების გზით დაყოლიების, მისი ფსიქიატრიულ სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსების საჭიროების განსაზღვრისა და პაციენტისთვის მისი უფლებების განმარტების დეტალური ინსტრუქცია;

ო) შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების მათი რეალური ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის ფაქტები და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების მათი რეალური ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შესახებ ინსტრუქცია;

პ) გადახედოს „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესს“ პაციენტის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე ამ წესის მე-13 დანართით გათვალისწინებული №IV-300-12/ა ფორმის (პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე) შევსების აუცილებლობის შესასწავლად;

ჟ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე ინფორმირებული თანხმობის ამჟამად მოქმედი, ერთიანი ფორმის ცვლილების საჭიროება;

რ) შეისწავლოს ინფორმირებული თანხმობის ამჟამად მოქმედი ფორმის ცვლილების საჭიროება პაციენტისთვის ფსიქიატრიული დახმარების ბიოფსიქოსოციალური მიდგომის შესახებ ინფორმაციის მიწოდების კუთხით;

ს) გადახედოს იმ მარეგულირებელ ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულებას, პაციენტისგან სტაციონარში მოთავსებაზე თანხმობის მიღების შემდეგ მას მიაწოდოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია ფსიქიატრიული დახმარების ბიოფსიქოსოციალური კომპონენტების შესახებ და მიიღოს პაციენტის გაცნობიერებული თანხმობა თითოეულ კომპონენტზე;

ტ) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებისთვის ინექციების/მედიკამენტების იძულებით, ნების საწინააღმდეგოდ გაკეთების/მიცემის შემთხვევები და გააუმჯობესოს მათი პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმები;

უ) შეისწავლოს პაციენტის მიერ ფსიქიატრიული სტაციონარის ხანმოკლე ვადით, სტაციონარიდან გაწერის გარეშე დატოვების პრაქტიკა და მექანიზმები მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;

ფ) უზრუნველყოს სტაციონარში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებებისა და მათი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გაწერისა და სათემო სერვისებზე გადამისამართების შესაძლებლობის შეფასება;

ქ) შეისწავლოს არსებული პრაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს მინისტრის ბრძანება, რომლითაც განისაზღვრება ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, პაციენტის სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ, რეგულარულად უზრუნველყოს მისთვის გასაგები ენით სტაციონარის შინაგანაწესისა და პაციენტის უფლებების შესახებ ინფორმაციის ზეპირად და წერილობით მიწოდება;

ღ) შეიმუშაოს და მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა და ჰოსპიტალგარე პროცედურები;

ყ) მონიტორინგის გზით შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდეგ მათი სტატუსის გადასინჯვის საკითხი;

შ) საჭიროების შემთხვევაში მონიტორინგის გზით შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შეზღუდვის მეთოდების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა;

ჩ) შეისწავლოს და საჭიროების შემთხვევაში გააუმჯობესოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დოკუმენტაციის წარმოების სპეციფიკური წესები, რომლებითაც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე პაციენტის სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირებისა და საგამოძიებო ორგანოსთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის წესები;

ც) გადახედოს ჰოსპიტალგარე სახელმწიფო ზედამხედველობისა და ფსიქიატრიული მომსახურების ხარისხისა და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის არსებულ მექანიზმს, შეაფასოს მისი ეფექტიანობა და საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს მუშაობა ჰოსპიტალგარე სახელმწიფო ზედამხედველობისა და ფსიქიატრიული მომსახურების ხარისხისა და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის ახალი მექანიზმის შესამუშავებლად;

ძ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის სწავლება მის მიერ „კლოზაპინის“ გვერდითი ეფექტების ამოსაცნობად, რომლებმაც შესაძლებელია პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს;

წ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების მონიტორინგი ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალისთვის, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე სწავლების/ტრენინგების ჩატარების კუთხით: დეესკალაციის ტექნიკა, ფსიქიკურ აშლილობათა მართვა, პაციენტის უფლებები და ეთიკის სტანდარტები, განსაკუთრებით − ფსიქიატრიული დახმარების ბიოფსიქოსოციალური მოდელის მნიშვნელობის გააზრებისა და მისი პრაქტიკაში განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;

ჭ) შშმ პირთა საცხოვრისის სერვისებისთვის შეიმუშაოს ბენეფიციარებს შორის კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სტრატეგია;

ხ) შეისწავლოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ თავშესაფრის, აგრეთვე ბედიანისა და ძევრის შშმ პირთა პანსიონატების ბენეფიციართა საცხოვრებელი პირობები, მათ შორის, ბენეფიციართა დეინსტიტუციონალიზაციის შესაძლებლობა, და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

ჯ) გადახედოს შშმ პირთა საცხოვრისის სერვისების ბენეფიციართა განთავსების მარეგულირებელ ნორმებს და საჭიროების შემთხვევაში გაზარდოს დარღვევებზე პერიოდული რეაგირების სიხშირე;

ჰ) შეისწავლოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა თავშესაფრებისა და საცხოვრისების ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობა გასაჩივრების პრაქტიკის კუთხით;

1) შეისწავლოს სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების არსებული მოდელი და საჭიროების შემთხვევაში გადადგას ქმედითი ნაბიჯები თავშესაფრებისა და საცხოვრისების ბენეფიციარებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების სრულად და დროულად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;

2) შეისწავლოს საცხოვრისის სერვისების ბენეფიციარებისთვის − ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფებისთვის სკრინინგული გამოკვლევების ჩატარების საკითხი და საჭიროების შემთხვევაში ხელი შეუწყოს ამ პროგრამაში მათ ჩართვას;

3) შეისწავლოს საცხოვრისის სერვისებში მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;

4) ყველა ტიპის საცხოვრისის სერვისის მიმწოდებლისთვის განსაზღვროს ვალდებულება, ადგილზე იქონიოს ბენეფიციარებისთვის გადაუდებლად საჭირო მედიკამენტების მარაგი;

5) შეისწავლოს შშმ პირთა საცხოვრისის სერვისების ბენეფიციარებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების არსებული პრაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ამ ინფორმაციის მიწოდების მარეგულირებელი ნორმების დამატებითი რეგლამენტაციისა და პრაქტიკული აღსრულების გაუმჯობესების მიზნით;

6) გააგრძელოს ზედამხედველობის გაძლიერება შშმ პირთა საცხოვრისის სერვისების მიმწოდებლების მიერ ბენეფიციარებისთვის მათი უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად;

7) გააგრძელოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პირობების „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებებით“ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;

8) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განიხილოს პენიტენციური ჯანდაცვის დამოუკიდებლად ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკების დაზღვევის საკითხი;

9) განსაზღვროს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების დაარქივების ვადა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;

10) შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სედაციური ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარების საკითხი და შეაფასოს მისი მკურნალობის ტაქტიკის პროტოკოლებთან შესაბამისობა;

11) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შეხვედრების კონფიდენციალური სივრცის შექმნის ვალდებულების მონიტორინგი განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში;

12) შეისწავლოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრებისა და ალტერნატიული საცხოვრისების ბენეფიციარების, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების მიერ ტელეფონებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის კუთხით არსებული მდგომარეობა და პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში გადადგას ქმედითი ნაბიჯები მის გადასაჭრელად;

13) შეისწავლოს არსებული მარეგულირებელი ნორმები და საჭიროების შემთხვევაში გადადგას ნაბიჯები სამედიცინო დაწესებულებებში იმ მეთოდების/პრეპარატების გამოყენების დაშვების უზრუნველსაყოფად, რომლებითაც შესაძლებელია ჰემოტრანსფუზიის პროცედურის ჩანაცვლება;

14) ჩაატაროს კვლევა შშმ პირებისთვის სამედიცინო დაწესებულებებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის საჭიროების შესასწავლად, აგრეთვე უზრუნველყოს სამედიცინო საქმიანობაში ჩართულ პირთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადამზადება შშმ პირებისთვის ღირსებაზე დამყარებული, კონფიდენციალური სერვისის მისაწოდებლად მათთან კომუნიკაციის განხორციელების საკითხში;

15) გააძლიეროს მუშაობა დამსაქმებელთა ცნობიერების ასამაღლებლად, მათ შორის, გონივრული მისადაგების პრინციპის გამოყენებასთან დაკავშირებით, სამუშაო ადგილებზე შშმ პირთა ინდივიდუალური მხარდაჭერის სერვისების/თანამედროვე დამხმარე ტექნოლოგიების დანერგვისა და დროებითი წამახალისებელი მექანიზმების შემუშავების მიზნით;

16) გააგრძელოს დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდებისთვის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისა და რესურსების შესახებ საინფორმაციო კამპანიების განხორციელება და არსებული რესურსების/შესაძლებლობის ფარგლებში გააფართოოს მათი განხორციელების არეალი;

17) გააგრძელოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რეპროდუქციული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება და არსებული რესურსების/შესაძლებლობის ფარგლებში გააუმჯობესოს აღნიშნული პროგრამები;

18) რეგიონებში რეგულარულად გამართოს შეხვედრები პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრისა და სკრინინგპროგრამების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად;

19) სისტემატურად გადაამზადოს სოციალური მუშაკები ბავშვთა ქორწინებისა და მათ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების საკითხებში;

20) უზრუნველყოს პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარების ერთიანი, მკაფიო, შესრულების ვადების, ინდიკატორებისა და მონიტორინგის მექანიზმის მქონე გეგმის დანერგვის მონიტორინგის ეტაპობრივად განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ამ სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კუთხით რეგიონების უთანასწორობის აღმოფხვრას, ისე აღნიშნული სერვისების დაფინანსების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, პროფესიული კადრების მოზიდვას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას სისტემის ეფექტიანობისა და პაციენტებზე ორიენტირებულობის გაზრდის მიზნით;

21) შეიმუშაოს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის ინსტრუმენტები ამ პროგრამის გავლენის, შედეგებისა და პროცესის ინდიკატორებით (პაციენტების რეგისტრაციის, გლუკოზის კონტროლის, გართულებების პრევენციისა და კმაყოფილების მაჩვენებლებით), უზრუნველყოს აღნიშნული შედეგების რეგულარულად გამოქვეყნება და გამჭვირვალობა, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს ჩაუტაროს ტრენინგები და გაზარდოს პროგრამაში პაციენტების ჩართულობა საინფორმაციო კამპანიების საშუალებით;

22) მკურნალობისა და მედიკამენტების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად განახორციელოს მონიტორინგი ონკოლოგიური პაციენტების ყოვლისმომცველი სერვისების მხარდასაჭერად (გვერდითი ეფექტების მკურნალობისა და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ჩათვლით), აგრეთვე გაზარდოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დაფინანსება;

23) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიებზე მიმდინარე სამეურნეო სამუშაოებზე და ამავე ტერიტორიებზე მდებარე კერძო საწარმოებში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვის შესამოწმებლად ყოველწლიურად განახორციელოს გეგმური ინსპექტირება;

24) მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით მიიღოს ზომები სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ეტაპობრივად გადახედვისა და განახლებისთვის;

25) შესაბამის, კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად შეიმუშაოს რეკომენდაციები უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტის დასადგენად, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ამ მომსახურებისთვის განკუთვნილი მენიუს კალორაჟი, საკვების ხარისხი და უსაფრთხოება, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, კვების ბლოკების კეთილმოწყობა, აღჭურვა, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სხვა საკითხები;

26) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა რეაბილიტაციის სერვისების შეცვლა საჭიროების შემთხვევაში როგორც ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების, ისე ამ სერვისების ბენეფიციარების რაოდენობის გეგმაზომიერი ზრდის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად;

27) ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული სტაციონარული საწოლების დეფიციტის აღმოფხვრას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის, შესაძლებელია, მულტიპროფილურ საავადმყოფოებში ფსიქიატრიული განყოფილებების გახსნით;

28) გააგრძელოს საქართველოს 2022−2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიის 2022−2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების დროულად განხორციელება, მათ შორის, უზრუნველყოს 2024 წელს შეუსრულებელი აქტივობებისთვის თვალყურის დევნება და მათი დროულად განხორციელება;

29) შეისწავლოს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების შშმ პირებისთვის ადაპტირების საკითხი, უზრუნველყოს მონიტორინგის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

30) უზრუნველყოს სამშობიარო/ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების ექიმებისა და ექთნების გადამზადების მონიტორინგი შშმ პირთა სპეციფიკის გათვალისწინებით;

31) უზრუნველყოს ტექნიკური რეგლამენტის − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების განახლება და სკოლა-პანსიონის ზრუნვის სტანდარტის მასში ინტეგრირების პროცედურების დასრულება;

32) უზრუნველყოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის დადგენილ ვადებში შესრულება შშმ პირთა აქტიური ჩართულობით;

33) შეისწავლოს იმ შშმ პირთა საკითხი, რომელთაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი 2007 წლამდე მოქმედი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროების მიერ უვადოდ აქვთ დადგენილი, აგრეთვე უზრუნველყოს ამ პირთა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის ოპტიმალური გზების გამონახვა ბენეფიციართა უფლების ნაკლები ბიუროკრატიული პროცედურებით რეალიზებისთვის;

34) გააძლიეროს/გააუმჯობესოს არსებული მექანიზმები/ზომები არჩევნებში საარჩევნო უფლების მქონე, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ შშმ პირთა აქტიური, ინფორმირებული და დამოუკიდებელი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;

35) გააძლიეროს სათემო სერვისების მიმწოდებლებთან თანამშრომლობა და განავითაროს მათი საინფორმაციო მხარდაჭერის პრაქტიკა ისე, რომ იგი უფრო მეტად/სრულად უპასუხებდეს ამ პირთა საქმიანობის სპეციფიკას და აღნიშნული სერვისების ბენეფიციართა საჭიროებებს;

36) გააგრძელოს სათემო სერვისების მიმწოდებლების საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობაზე ორიენტირებულ მიდგომას, აგრეთვე გააუმჯობესოს ზედამხედველობა ამ სერვისების მიმწოდებლების მიერ დადგენილი სტანდარტით განსაზღვრული დოკუმენტაციის დეტალურად წარმოების წესის დაცვის უზრუნველსაყოფად და ხელი შეუწყოს ანონიმური უკუკავშირის მექანიზმის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას;

37) გააძლიეროს შშმ პირთა საცხოვრისის სერვისების ბენეფიციართა სოციალური ინკლუზიის, ინდივიდუალური განვითარებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობა, განსაკუთრებით − მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების პროგრამებში ჩართვისა და შრომით ბაზარზე ამ პირთა შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერით, მათი ინდივიდუალური საჭიროებებისა და არსებული სირთულეების გათვალისწინებით;

38) გადახედოს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე შშმ პირთა საცხოვრისის სერვისების ბენეფიციართა თანხმობის ფორმებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ სერვისების მიმწოდებლებისთვის აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების გაწევისა და ზედამხედველობის ინტენსივობის ზრდა;

39) შშმ პირთა საცხოვრისის სერვისების ბენეფიციართა მდგომარეობის გათვალისწინებით კიდევ უფრო გააძლიეროს მათი მხარდაჭერა ინდივიდუალური მუშაობის კუთხით, განსაკუთრებით − მომსახურების ინდივიდუალური გეგმების მომზადების პროცესში მათთვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევით;

40) გააძლიეროს შშმ პირთა საცხოვრისის სერვისების ბენეფიციართა მხარდაჭერა შესაბამისი სპეციალისტების (განსაკუთრებით − მომვლელის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და თერაპევტის) ჩართვით და უზრუნველყოს დასაქმებული კადრების „პროფესიული გადაწვის“ პრევენციის მექანიზმების განვითარება ამ სერვისების ხარისხის ამაღლებისა და მათი ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ზრდის ხელშეწყობის მიზნით;

41) გააძლიეროს შშმ პირთა საცხოვრისის სერვისების პერსონალის შშმ პირთა უფლებების, მათი ქცევის პოზიტიური მართვის, დეესკალაციის ვერბალური ტექნიკის, ამ პირთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, მათ მიერ ალკოჰოლური საშუალებების ჭარბი მოხმარების პრევენციის, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვისა და მხარდაჭერის მოცულობისა და პრაქტიკული რეალიზაციის საკითხებში სისტემატური გადამზადების პროცესი;

42) გადახედოს შშმ პირთა საცხოვრისის სერვისების ბენეფიციართა უფლებების დაცვის მექანიზმებს და გააძლიეროს ამ უფლებებისა და მექანიზმების შესახებ აღნიშნულ პირთა ცნობიერების ამაღლების პროცესი მათი ინფორმირებულობის გაზრდისა და უფლებების აქტიური რეალიზების ხელშეწყობის მიზნით;

43) დაიწყოს მუშაობა ბავშვებისთვის გასაწევი ფსიქიკური ჯანმრთელობის, ადიქციის დაძლევისა და სარეაბილიტაციო მომსახურებების გასაძლიერებლად, რათა შეიქმნას ბავშვზე მორგებული რეგიონული და სათემო სერვისები, მათ შორის, შემუშავდეს კრიზისული ინტერვენციის, ადიქციის მართვის, პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამები, რომლებიც იქნება ხელმისაწვდომი, კონფიდენციალური და კულტურულად მგრძნობიარე და რომლებშიც ჩართული იქნებიან ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად გადამზადებული სპეციალისტები;

44) სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 24-საათიანი თავშესაფრისა და დღის ცენტრის ამოქმედება;

45) გააგრძელოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში დასაქმებული სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის ზრდის დადებითი დინამიკა და თანამიმდევრულად დანერგოს ამ ორგანოდან პროფესიონალთა გადინების პრევენციის მექანიზმი;

46) მეტად გააუმჯობესოს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვებისთვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული საცხოვრებელი პირობები;

47) იდენტიფიცირებული საჭიროების გამოკვეთის საფუძველზე შეისწავლოს ხანდაზმულთათვის 24-საათიანი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებისთვის მომსახურების მინიმალური სტანდარტების დადგენის ეფექტიანობა და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები;

48) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფოში მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის თითოეული სერვისის შესახებ ინფორმაციის რეგულარულად, მათთვის გასაგებ ენებზე მიწოდება საინფორმაციო შეხვედრების გამართვით, რომლებშიც მაქსიმალურად იქნება ჩართული სამედიცინო პერსონალი;

49) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ტერიტორიულ ერთეულებში გაზარდოს სახელმწიფოში მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების შესახებ ინფორმირებულობა კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით;

50) უზრუნველყოს დევნილი ოჯახების ინფორმირება მიმდინარე მშენებლობისა და მშენებლობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შესაბამის ვებგვერდზე განახლებით ან სხვა ფორმით;

51) გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროულად დასრულებისა და დევნილთა გრძელვადიანი განსახლების უზრუნველსაყოფად;

52) გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ე.წ. ნგრევად ობიექტებში მცხოვრები დევნილები უზრუნველყოს უსაფრთხო საცხოვრებლით;

53) განიხილოს ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების შესასყიდად დაწესებული ლიმიტის გაზრდის საკითხი არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით;

54) გააგრძელოს 2004−2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემა;

55) უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობებისთვის შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის (worknet.gov.ge) ხელმისაწვდომობის გაზრდა სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით, მათ შორის, ინფორმაციის სხვადასხვა ენაზე გავრცელებით;

56) დაამუშაოს სტატისტიკური მონაცემები შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში (worknet.gov.ge) რეგისტრირებული/დასაქმებული/დასაქმების შეთავაზების მქონე პირების მოქალაქეობისა და საქართველოში მათი სტატუსის (ჰუმანიტარული სტატუსის/ლტოლვილის სტატუსის/თავშესაფრის მაძიებლის/საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის) მიხედვით;

57) სოციალური ქსელისა და შესაბამისი ვებგვერდის საშუალებით რამდენიმე ენაზე გაავრცელოს ინფორმაცია ინტეგრაციის პროგრამების შესახებ;

58) აამუშაოს ინტეგრაციის საკომუნიკაციო პლატფორმა;

59) განახორციელოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომდევნო 10 წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ სტაციონარულ საწოლებზე სავარაუდო მოთხოვნილების სისტემური ანალიზი და შეიმუშაოს გეგმა სხვადასხვა ადგილზე სათანადო ფსიქიატრიული დახმარების გაწევის, მათ შორის, ამბულატორიული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესაძლებლობის, უზრუნველსაყოფად;

60) შეისწავლოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესში არსებული ნაკლოვანებები და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს მათი აღმოფხვრის გზები;

61) შეიმუშაოს სოციალური საცხოვრისის მოწყობის მინიმალური სტანდარტები საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

62) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი სამუშაოს მაძიებლების კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად განახორციელოს მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები.

8. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ:

ა) გააგრძელოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში მონაწილე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ქართული ენის სწავლება; სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შესთავაზოს ქართული ენის სასწავლო პროგრამები;

ბ) მინისტრის ბრძანებით სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის დაამტკიცოს ერთიანი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ) ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, მათზე ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების შესახებ;

გ) უზრუნველყოს საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მასწავლებლებისთვის (არანაკლებ 50 პირისთვის) შშმ პირთა უფლებების შესახებ ტრენინგების (5 ტრენინგის) ჩატარება;

დ) საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლები გადაამზადოს ბავშვთა გამოხატვის თავისუფლებისა და მისი რეალიზების, აგრეთვე ამ პროცესში ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის საკითხებში;

ე) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გააფართოოს სკოლამდელი ბილინგვური პროგრამების განხორციელების არეალი;

ვ) იმ სკოლებში, სადაც სწავლება ეროვნული უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს, დანერგოს ბილინგვური სწავლების მოდელი, შეიმუშაოს ბილინგვური სწავლებისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები და მოამზადოს/გადაამზადოს ორენოვანი მასწავლებლები;

ზ) განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები საქართველოს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, მათი გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით წარმართვის უზრუნველსაყოფად;

თ) ხელი შეუწყოს სათემო ორგანიზაციებს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენებზე (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობასა და მასწავლებელთა გადამზადებაში;

ი) ბილინგვური პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით განახორციელოს სტუდენტთა და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები საქართველოს ფარგლებში;

კ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში უზრუნველყოს სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამების ხელმისაწვდომობა;

ლ) უზრუნველყოს საგნისთვის „მე და საზოგადოება“ სასკოლო სახელმძღვანელოს შესარჩევად გრიფირების გამოცხადება ან ამ სახელმძღვანელოს დადგენილი წესით შეთანხმება;

მ) ზემოაღნიშნული სასკოლო სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საკითხებზე სავალდებულო, განგრძობადი ტრენინგპროგრამების შემუშავება და შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრისთვის ტრენინგების ჩატარება;

ნ) შეიტანოს ცვლილებები შემდეგ დარგობრივ მახასიათებლებში:

ნ.ა) „ზოგადი განათლების საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 19 დეკემბრის MES 5 24 0001633146 ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებელში;

ნ.ბ) „ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 5 დეკემბრის №1646651 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 17 ნოემბრის MES 7 24 0001477052 ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებელში; 

ნ.გ) „მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 30 მაისის №597510 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2024 წლის 17 ნოემბრის MES 8 24 0001477053 ბრძანებით დამტკიცებულ დარგობრივ მახასიათებელში;

ნ.დ) კერძოდ, ზემოაღნიშნული ცვლილებებით გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი:

ნ.დ.ა) ნაწილს „ცოდნა და გაცნობიერება“ დაემატოს მითითება, რომ კურსდამთავრებული აღწერს ადამიანის უფლებათა/ბავშვის უფლებათა ძირითად პრინციპებს და მსჯელობს მათზე;

ნ.დ.ბ) ნაწილს „სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება“ დაემატოს ადამიანის უფლებათა კომპონენტი, კერძოდ, მითითება, რომ კურსდამთავრებულმა ადამიანის უფლებათა პრინციპების გამოყენება უნდა შეძლოს როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვის, ისე მისი წარმართვისა და შეფასების ნაწილში;

ნ.დ.გ) ნაწილს „პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა“ „პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირების“ ასპექტში დაემატოს მითითება, რომ კურსდამთავრებული აღიარებს ადამიანის უფლებათა პრინციპების მნიშვნელობას პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირების პროცესში;

ო) უზრუნველყოს დამატებითი საჭიროებების მქონე ჯგუფების საჭიროებების შეფასების სისტემის დანერგვა პროფესიული განათლების საფეხურზე;

პ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გააფართოოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის გეოგრაფიული არეალი და გაზარდოს ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი პროგრამების ფარგლებში გადამზადებულ მასწავლებელთა რაოდენობა;

ჟ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პოპულარიზაცია და გააფართოოს ამ პროგრამის განხორციელების, მათ შორის, მობილური ჯგუფების საქმიანობის, გეოგრაფიული არეალი.

9. საქართველოს კულტურის სამინისტრომ:

ა) გააგრძელოს რელიგიურ უმცირესობათა რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია სარესტავრაციო ძეგლების მდგომარეობის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს კულტურის სფეროს მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებზე მუშაობის პროცესის გამჭვირვალობა;

გ) უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების ოფიციალური ვებგვერდების შექმნა/განახლება და ონლაინპლატფორმებზე შესაბამისი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა;

დ) საქართველოს კულტურის სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს პროგრამებში/ქვეპროგრამებში გაითვალისწინოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებში/სოფლებში კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებების განხორციელების ხელშემწყობი მიმართულებები;

ე) გააძლიეროს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის პროცესი და გააგრძელოს ამ ძეგლების კონსერვაცია ან/და რესტავრაცია.

10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ და მისმა საოკუპაციო რეჟიმებმა საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნით და ე. წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით დაიცვან მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება;

ბ) აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებელთა სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შესაბამის შეხვედრებზე და საერთაშორისო ფორმატებში გააგრძელოს მუშაობა სამართალდამრღვევ პირთა მიმართ სამართლის აღსრულების საკითხზე;

დ) გააგრძელოს სამშვიდობო პროცესებში კონფლიქტით დაზარალებული ქალების მიერ დასახელებულ საკითხებზე რეაგირება ყველა არსებული (როგორც შიდა, ისე საერთაშორისო) მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის, მოლაპარაკებების ფორმატში მათი დაყენებით.

11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაზარდოს სოფლად მცხოვრებ ქალებთან (როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მეწარმეებთან) მეწარმეობის საკითხზე გასამართი საინფორმაციო შეხვედრებისა და მათთვის ჩასატარებელი ტრენინგების რაოდენობა, მათ შორის, ამ შეხვედრებისა და ტრენინგების გეოგრაფიული არეალის გაფართოებით.

12. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეისწავლოს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებული სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის სასმელი წყლის ხარისხის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) უახლეს, 2022 წლის სახელმძღვანელო მითითებებთან შესაბამისობა, აგრეთვე უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტის შემუშავება და მიღება.

13. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა:

ა) გააგრძელოს სამშვიდობო პროცესებში კონფლიქტით დაზარალებული ქალების მიერ დასახელებულ საკითხებზე რეაგირება ყველა არსებული (როგორც შიდა, ისე საერთაშორისო) მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის, მოლაპარაკებების ფორმატში მათი დაყენებით;

ბ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები 1+4 სტაჟირების პროგრამის შესახებ სამიზნე სეგმენტის ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად.

14. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა:

ა) არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებით, სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, უმოკლეს ვადაში დაგეგმონ და გადადგან ქმედითი ნაბიჯები შესაბამის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ლიცენზირებული მიმწოდებლის მიერ უზრუნველსაყოფად;

ბ) მაქსიმალური ძალისხმევა გასწიონ წყლის ხელმისაწვდომობის კუთხით მოქალაქეების, მათ შორის, ქალების, ხანდაზმულების, შშმ პირებისა და სხვა პირთა ჯგუფების, საჭიროებების გამოსაკვლევად და დასაკმაყოფილებლად;

გ) ალტერნატიული გზებით უზრუნველყონ წყალმომარაგება იმ მოქალაქეთათვის, რომელთაც პირადი და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის საჭირო მინიმალური ოდენობის წყალზე ხელი არ მიუწვდებათ;

დ) უზრუნველყონ უფასო სასადილოების მენიუს შედგენა და სეზონის მიხედვით შეცვლა კალორიების აუცილებელი დღიური ოდენობისა და სადილის ენერგეტიკული ღირებულების გათვალისწინებით;

ე) შეიმუშაონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უფასო სასადილოების მონიტორინგის დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მონიტორინგის განხორციელებისას საკვების ხარისხისა და კალორაჟის კონტროლი;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიაწოდონ ინფორმაცია ეკომიგრაციის პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

ზ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებმა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში უზრუნველყონ სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამების ხელმისაწვდომობა;

თ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებმა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სწავლების ხარისხის ამაღლებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით უზრუნველყონ პედაგოგთა, მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა, გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მათთვის მიწოდება;

ი) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებმა უზრუნველყონ ამ მუნიციპალიტეტების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში არსებულ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ეროვნული უმცირესობების მშობლიურ ენებზე;

კ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიებმა უზრუნველყონ ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ მიღებული, საზოგადოების ინტერესის გამომწვევი ნორმატიული აქტების, მათ შორის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების, ხელმისაწვდომობა აღნიშნული მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მშობლიურ ენებზე;

ლ) უზრუნველყონ, რომ გორის, ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერიებმა სოციალური საცხოვრისების ბენეფიციარები უზრუნველყონ ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო, შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებლით.

15. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ:

ა) გასწიოს შესაბამისი ძალისხმევა, მათ შორის, ორხევში, მუხაძის ქ. №12-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მყოფ პირებთან სპეციალისტების დახმარებით წარმართოს ინტენსიური მოლაპარაკებები შენობის დატოვებასა და ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით;

ბ) უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირება, მათ შორის:

ბ.ა) უმოკლეს ვადაში განაახლოს საბჭოს შემადგენლობა;

ბ.ბ) უზრუნველყოს საბჭოს უპირატესად შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და შშმ პირებით დაკომპლექტება;

ბ.გ) უზრუნველყოს საბჭოს სხდომების მისი დებულებით განსაზღვრული პერიოდულობით გამართვა.

16. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გააგრძელოს მუნიციპალიტეტებისა და სხვა უწყებების მიმართვების საფუძველზე ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების მომზადება, რომლებშიც შეფასებული იქნება მოქალაქეთა ოჯახების (კომლების) საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების გეოდინამიკური მდგომარეობა, და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები გადაუდებელი ღონისძიებების განსახორციელებლად.

17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ:

ა) უზრუნველყოს სასამართლო აქტების პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) გააუმჯობესოს დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურა კლიენტსა და ადვოკატს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად;

გ) გააძლიეროს ძალისხმევა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევის დასაძლევად.

18. საქართველოს საერთო სასამართლოებმა გააძლიერონ ძალისხმევა ამ სასამართლოებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემების/ინფორმაციის დასამუშავებლად.

19. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − გარემოს ეროვნულმა სააგენტომ:

ა) უზრუნველყოს მყინვარულ ხეობებში დეტალური კვლევის დროს გამოვლენილ მაღალი რისკის ზონებში პრევენციული ღონისძიებების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების დროულად განხორციელება;

ბ) უზრუნველყოს მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და მოსახლეობისთვის ოპერატიულად მისაწოდებლად თანამედროვე ტექნოლოგიების (ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია და სხვა) დანერგვა;

გ) გააგრძელოს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების, მუნიციპალიტეტების, სხვა უწყებებისა და ცალკეული მოქალაქეების მიმართვების საფუძველზე ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების მომზადება, რომლებშიც შეფასებული იქნება მოქალაქეთა ოჯახების (კომლების) საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების გეოდინამიკური მდგომარეობა, და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები გადაუდებელი ღონისძიებების განსახორციელებლად.

20. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ:

ა) ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსის შესახებ ბრძანების პროექტით განსაზღვროს საზოგადოებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო კონტროლის (მონიტორინგის) პროგრამის შედეგები, ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი პარამეტრების ნორმების გადაჭარბების შესახებ, რჩევები წყლის მოხმარების შეზღუდვასა და წყლით გამოწვეული რისკების აცილებასთან დაკავშირებით და სხვა ინფორმაცია;

ბ) საჭიროების შემთხვევაში სასმელი წყლის ხარისხის კონტროლისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით გამართოს შეხვედრები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან;

გ) სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის გასაფართოებლად 2026 წლიდან გაზარდოს სათანადო ფინანსური რესურსების ოდენობა და საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

21. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული სერვისების განვითარების მიზნით ისეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შეზღუდვა გამოიწვიოს, უზრუნველყოს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

22. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გააგრძელოს პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, მოქალაქეთა საკუთრებაზე მათი ზეგავლენის შესწავლა და შეფასება, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და სხვა საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელება აღნიშნული პროექტების ფარგლებში შედგენილი განსახლების სამოქმედო გეგმების შესაბამისად.

23. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა:

ა) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გააძლიეროს ეროვნული უმცირესობების ენებზე მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების პოპულარიზაცია აუდიტორიის გასაზრდელად;

ბ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული მედიაპროდუქტების, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტების, ხელმისაწვდომობას ტრანსლაციის ყველა არსებული საშუალებით, აგრეთვე უზრუნველყოს ამ საქმიანობის პოპულარიზაცია.

24. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ:

ა) განახორციელოს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის ფარულობისადმი საზოგადოების ნდობის განსამტკიცებლად საჭირო ყველა ღონისძიება, მათ შორის, დაგეგმოს და ეფექტიანად წარმართოს საინფორმაციო კამპანია, აგრეთვე მიიღოს ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად;

ბ) უზრუნველყოს კენჭისყრისთვის ისეთი სივრცეების შერჩევა, რომლებიც საარჩევნო უბნების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის, მათ შორის, დამკვირვებელთა მიერ თავიანთი უფლებამოსილებების სრულფასოვნად და დაუბრკოლებლად განხორციელებისთვის, მაქსიმალურად ოპტიმალური იქნება; 

გ) უზრუნველყოს ამომრჩეველთა მარკირების წესების ნებისმიერი დარღვევის პრევენცია საარჩევნო კომისიების წევრთა სათანადოდ მომზადებით;

დ) გააგრძელოს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა უწყვეტი გადამზადება შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ;

ე) გააგრძელოს ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნებზე მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა მიერ აქტიური საარჩევნო ხმის უფლების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად;

ვ) სათანადო ნორმატიულ აქტებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ხელი შეუწყოს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მიერ საქმიანობის შეუფერხებლად, უწყვეტად და ეფექტიანად განხორციელებას.

25. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლითაც მაუწყებლებს, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გამომდინარე, განემარტებათ, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარების უფლებამოსილებას.

26. იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 27 ივნისის №4332-XIVმს-Xმპ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული დავალებების შესასრულებლად.

27. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერიოდულად გაუწიოს მონიტორინგი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშები წარედგინოს 2026 წლის 1 მარტამდე.

28. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

12 ივნისი 2025 წ.

N630-IIმს-XIმპ