საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 666-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.102639
666-IIმს-XIმპ
12/06/2025
ვებგვერდი, 13/06/2025
030000000.05.001.102639
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII29 თავი:

„თავი VII29. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით

მუხლი 21​111. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე

კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

მუხლი 21​​​112. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობა კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა −  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნით, მაგრამ ეს ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს:

ა) იმ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

ბ) იმ კომერციული ბანკის, მიკრობანკის დასახელება, რომლისგანაც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა მიიღოს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოთხოვნილი კონფიდენციალური ინფორმაციის აღწერა;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.

მუხლი 21113. კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები

1. მოსამართლე კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

2. მოსამართლე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობას ერთპიროვნულად განიხილავს. სასამართლო სხდომაზე ამ შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი და ის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ან მისი წარმომადგენელი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხდომაზე მხარეების მოწვევა ვერ ხერხდება).

3. სასამართლო სხდომაზე მხარეების გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) ის კომერციული ბანკი, მიკრობანკი, რომელმაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს;

დ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა;

ე) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.

6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:

ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;

გ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

7. კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მეორე – მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზეც გამოიცა ეს ბრძანება, მესამე – იმ კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, რომელმაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, ხოლო მეოთხე რჩება სასამართლოში.

8. კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის  შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

9. კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გაუქმების შესახებ საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში მხარისთვის აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.

10. საჩივარს სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 10 დღის ვადაში.

11. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2025 წ.

N666-IIმს-XIმპ