დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 175 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 08/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.025067 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2023, 010240030.10.003.024359) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების“:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ – „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი; ზ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტი; თ) პროფესიული განათლების დეპარტამენტი; ი) უმაღლესი განათლების დეპარტამენტი; კ) მეცნიერების დეპარტამენტი;“. 2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი კომპეტენცია 1. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) კომპეტენციაა: ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; ბ) სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თითოეული თანამდებობის სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენა; გ) პერსონალის შერჩევის მიზნით, კონკურსების ორგანიზება და ჩატარება, ასევე სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება; დ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა; ე) სამინისტროს პერსონალისა და სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება, მათი პირადი საქმეების წარმოება; ვ) სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი; ზ) სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა /ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი რესურსების მოძიება; თ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება; ი) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; კ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; ლ) სამინისტროს არქივის მართვა, დოკუმენტების დაცულობისა და მათზე სწრაფი წვდომის უზრუნველყოფა; მ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის შესაბამისად; ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება; ო) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე შესაბამისი რეაგირება; პ) საშვთა ბიუროს გამართულად და ეფექტიანად მუშაობის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მისაღების მართვა; ჟ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან, ასევე სხვა უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი; რ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში ტენდენციებისა და რეფორმების ანალიზი; ს) განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ ანგარიშების, შეფასებებისა და ანალიზის მომზადება; ტ) სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან მონაცემთა გაზიარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; უ) ანალიტიკური მიმართულების გასაძლიერებლად, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება; ფ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში დაგეგმილი სიახლეებისა და რეფორმების შესრულების კოორდინაცია; ქ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა; ღ) სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ყ) სამინისტროს სისტემაში ინსტიტუციური გაძლიერების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; შ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროექტების დანერგვისა და განვითარების მხარდაჭერა და კოორდინაცია; ჩ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობის უზრუნველყოფა პროექტების განხორციელების პროცესში; ც) საგანგებო სიტუაციების (სტიქიური მოვლენები, ინფრასტრუქტურული კრიზისები, ჯანმრთელობის სფეროს საგანგებო მდგომარეობები და სხვ.) შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ერთიანი რეაგირების კოორდინაცია; ძ) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა; ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, მათ შორის, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; ე) სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებებისა (გარდა შრომითი/ადმინისტრაციული, შესყიდვის და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისა) და მემორანდუმების პროექტების მომზადება; ვ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებთან და მათი ვიზირება; ზ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა; თ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილის მიერ დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს; ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; კ) იურიდიული დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობით, ერთიანი საკომუნიკაციო კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; ბ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და უკუკავშირის მიღება; გ) საზოგადოებასთან, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება; დ) სამინისტროს საკომუნიკაციო ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება და აღსრულება; ე) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეებისა და მიღწეული შედეგების საკომუნიკაციო მხარდაჭერა; ვ) სამინისტროს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა/ ორგანიზება; ზ) საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; თ) ციფრული მედიაარხების განვითარება – სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სოციალური ქსელებისთვის საჭირო და ხარისხიანი საკომუნიკაციო მასალების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს ოფიციალური სატელეფონო ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიკურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ე) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ვ) სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება და მონიტორინგი; ზ) საქმიანობის პროცესში ყველა საჭირო ინფორმაციის, განმარტებისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა/მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის მოთხოვნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის ან/და განმარტების მიღების მიზნით, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის მოწვევა. აღნიშნულ კომპეტენციასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის; თ) დეპარტამენტის მიერ შედგენილ ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებზე შემოწმებული ობიექტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაციის შესაბამის ვადებში წარდგენის კონტროლი; ი) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების (მათ შორის, ელექტრონული) შეგროვება, დამუშავება და შესწავლა-ანალიზი; კ) სამინისტროს სისტემიდან დეპარტამენტში შესული ინფორმაციების დამუშავება, ანალიზი და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ლ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში სხვადასხვა საკითხზე მონიტორინგის განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და ფინანსური საქმიანობის მხრივ არსებული პრობლემების გამოვლენის მიზნით; მ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; ნ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ო) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; პ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ჟ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; რ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ს) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; ტ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; უ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი და სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება; ფ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. ეკონომიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; ბ) სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა; გ) სამინისტროში ფინანსური რეგულაციების სრულყოფილად დანერგვის ხელშეწყობა; დ) ჰარმონიზაციის ცენტრთან თანამშრომლობით, სამინისტროს ფინანსური საქმიანობისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა; ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის მხარდაჭერა ფინანსური მართვისა და კონტროლის გეგმის მომზადების, დანერგვის, განვითარებისა და განხორციელების მონიტორინგის პროცესში; ვ) სამინისტროს შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება; ზ) სამინისტროს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება, სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თ) ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; ი) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით, მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი; კ) სამინისტროს მოსამსახურეთა სხვადასხვა გასაცემლის, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორება, აღრიცხვა და კონტროლი; ლ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენა; მ) სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა; ნ) სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირებისათვის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოების ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება; ო) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა; პ) სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით მიღებული (გაცემული) და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული (გაცემული) მოძრავი აქტივების აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემაზე/ განაწილებაზე კონტროლი; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ჟ) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობათა, ასევე სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე კონტროლი; რ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირებისათვის უძრავი ქონების აღრიცხვისა და ელექტრონული რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა; ს) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირებისათვის საჭირო უძრავ-მოძრავი ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით სარგებლობაში გადაცემასა და განკარგვასთან, ასევე ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა-მომზადების უზრუნველყოფა; ტ) ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 6. საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაცია; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება, მათი განხორციელების, ევროკავშირის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია და ამ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში; დ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა, საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამების კოორდინაცია; ვ) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის ხელშეწყობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; თ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების/განხორციელების პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა და წარმართვა; ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო დახმარება, განათლებისა და მეცნიერების სფეროების მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით; კ) განათლებისა და მეცნიერების სფეროებში/დარგებში ინკლუზიური განვითარების (საზოგადოების მარგინალიზებული/მოწყვლადი და ნაკლებად დაცული ჯგუფების ჩართულობის) ხელშეწყობა, ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სხვა პროგრამების/პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია; ლ) სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; მ) სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგში; ნ) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოებისა/კომისიებისა და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება; ო) საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 7. სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სკოლამდელი და ზოგადი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა, ასევე სკოლამდელი განათლების პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში და ზოგადი განათლების პოლიტიკის განხორციელება; ბ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; გ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფაში მონაწილეობა და საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება; დ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა და ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტის განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა; ვ) ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა; ზ) ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობა; თ) ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის მდგრადი პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრა; კ) საგანმანათლებლო რესურსების/სახელმძღვანელოების განვითარების ხელშეწყობა; ლ) ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრირების ხელშეწყობა, მათ შორის, ბილინგვური მიდგომით სასწავლო პროცესის მხარდაჭერა; მ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხარდაჭერა და მართვა; ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების − სკოლების კოორდინაცია და ზედამხედველობა; ო) რესურსსკოლების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და კოორდინაცია; პ) ეროვნული სასწავლო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება; ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა; რ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; ს) სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, სასკოლო საზოგადოების წევრებთან თანამშრომლობა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისთვის; ტ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 8. პროფესიული განათლების დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) პროფესიული განათლების პოლიტიკის ფორმირებაში ჩართულობა და განხორციელება; პროფესიული განათლების სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების კოორდინაცია; ბ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფაში მონაწილეობა და საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება; გ) პროფესიულ განათლებაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა და განათლების სხვა საფეხურებთან კავშირის გაძლიერება; დ) ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა; ე) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა; ვ) პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ზ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა; თ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება; ი) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მათი სტრატეგიული განვითარების გეგმების განხორციელების ხელშეწყობა; კ) პროფესიული განათლების სფეროში მიზნობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ლ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, მათი ინსტიტუციური მოწყობის ანალიზი და, საჭიროების შესაბამისად, სათანადო ღონისძიებების განხორციელება; მ) პროფესიული განათლების სფეროში პარტნიორობის მხარდაჭერა; ნ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; თანამშრომლობის კოორდინაცია; ო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესის კოორდინაცია; პ) პროფესიული განათლების დაფინანსების მექანიზმების/მოდელის განსაზღვრისა და პროფესიული განათლების დაფინანსების პროცესის კოორდინაცია; ჟ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; რ) პროფესიული განათლების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 9. უმაღლესი განათლების დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) უმაღლესი განათლების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება; გ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას; დ) სისტემის სრულყოფის მიზნით, უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება; ე) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა; ვ) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება; ზ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება; თ) უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება; ი) უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, ბოლონიის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფში (BFUG) მონაწილეობა, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინირება, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ბოლონიის პროცესის ეროვნული ანგარიშების მომზადება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ასევე შესაბამის საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა; კ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი, ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით; ლ) საერთაშორისო დონორების, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერით, უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; მ) უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; ნ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა; ო) უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირება და პოპულარიზაცია; პ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ჟ) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა; რ) უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 10. მეცნიერების დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) მეცნიერების განვითარების ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, მეცნიერების ეროვნული პრიორიტეტების დადგენის პროცესში ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა; ბ) სამეცნიერო-კვლევითი სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება; გ) მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებული ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულობა; დ) სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა; ე) სამეცნიერო კვლევების საგრანტო პროგრამების შემუშავება-შეფასებაში ჩართულობა; ვ) სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პერსონალის ახალი ცოდნისა და უნარების განვითარების მექანიზმების ხელშეწყობა; თ) მეცნიერებისა და კვლევის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, მათ შორის, საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებში მონაწილეობის მხარდაჭერა (ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების ჩათვლით); ი) სამეცნიერო კულტურის განვითარების ხელშეწყობა; კ) მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა/გაზიარება, რესურსებზე წვდომისა და მეცნიერების პოპულარიზაციის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით. ასევე საერთაშორისო ქსელებსა და პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ჩართულობას მეცნიერებაში; ლ) ქართველოლოგიური კვლევების პოპულარიზაცია. ქართული ენის, ისტორიის, კულტურისა და იდენტობისადმი ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. დიასპორის ჩართულობა; მ) საზღვარგარეთ ქართველოლოგიისა და ქართული ენის ცენტრებთან პარტნიორობის (კავშირების) დამყარება და მათი განვითარების მხარდაჭერა; ნ) ქართული ენის სწავლების მხარდაჭერა. ქართული ენის ფლობისა და დადასტურების ერთიანი სტანდარტის შემუშავებისა და მისი შემდგომი სრულყოფის პროცესში ჩართულობა; ო) ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა „ირბახის“ განხორციელება; პ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა) ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შეთანხმება; ჟ) Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის საქმიანობის კოორდინაცია და პოპულარიზაციის ხელშეწყობა; რ) მეცნიერების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 11. ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, კოორდინაცია და ანგარიშგება; ბ) ახალგაზრდობის სფეროს, ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობა; გ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა; დ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობა და, საჭიროების შემთხვევაში, ამ მიმართულებით მათი საქმიანობის კოორდინაცია; ე) ახალგაზრდობის სფეროს განვითარებისთვის, გაძლიერებისა და ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად კოორდინაციის გაწევა; ვ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 8 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები