დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 580-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460070000.05.001.102616 |
|
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 460070000.05.001.102213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯ) ტურისტული გიდი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად ტურისტებს აწვდის სწორ ინფორმაციას კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი და სხვა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ტურთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტურისტული რესურსების დაცვის ნორმების გაცნობას;“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ კანონის საფუძველზე გამოსცეს ნორმატიული აქტი − ბრძანება. ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ მისაღები წესები და პირობები მტკიცდება მისი ნორმატიული აქტით.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ამ კანონის მიზნების მისაღწევად ტურიზმის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები უფლებამოსილი არიან დაამუშაონ სათანადო სუბიექტის პერსონალური მონაცემები (მათ შორის, ეს მონაცემები სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცენ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას დაიცვან შესაბამისი სუბიექტის პერსონალური მონაცემები.“. 3. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცალკე განისაზღვრება ის რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლები ვალდებული არიან საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ჰქონდეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა. იმავე დადგენილებით განისაზღვრება ამ დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი.“. 4. 34-ე მუხლის მე-3−მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი. 4. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შესაბამისად სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირების მიმართულებით. 5. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო აწარმოებს სერტიფიცირებული სამთო გამყოლების, სათხილამურო გამყოლებისა და ალპური გამყოლების რეესტრს და გასცემს სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის ოფიციალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რომლის ფორმას ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 6. ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 7. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია პირის სერტიფიცირების, აგრეთვე შესაბამისი სერტიფიკატის გაუქმების ან/და შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. 8. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს სერტიფიცირებული სამთო გამყოლების, სათხილამურო გამყოლებისა და ალპური გამყოლების რეესტრის საჯაროობა და მუდმივი განახლება. 9. სერტიფიცირებული პირების მიერ სერტიფიცირების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათ მიმართ სათანადო ზომების მიღებას. 10. სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი ვალდებული არიან საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. ამ დაზღვევის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 11. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“. 5. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქმიანობის განხორციელებისას თან იქონიონ ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.“. 6. 36-ე მუხლის მე-3−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ტურისტული გიდის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ტურისტული გიდის სერტიფიცირების მიმართულებით. 4. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის საჯაროობა და მუდმივი განახლება, აგრეთვე მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაზიარება. 5. იმ ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესი, პირობები და საფასური, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ტურისტული გიდი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 6. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“. 7. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტურისტული გიდის ოფიციალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს გასცემს ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო.“. 8. 49-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილი თანამშრომელი ან იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–13 პუნქტები: „11. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა შეიძლება შეადგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შედგენის შემდეგ შესაბამისი მოწყობილობის საშუალებით იბეჭდება და სამართალდამრღვევს გადაეცემა. 12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ამ ოქმის ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს ოქმში, რის შემდეგაც ოქმის ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა; ბ) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს გადაეცემა ამ ქვითრის ასლი, ხოლო თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ქვითრის ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში, რის შემდეგაც ქვითრის ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა. 13. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმასა და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, აგრეთვე მათი შედგენის, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის, ალპური გამყოლის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს: ა) შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიკატი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; ბ) პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“; დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“; ე) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: „14. პირისთვის დაკისრებული ჯარიმის აღსრულების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირი უფლებამოსილია დაჯარიმებული პირის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუზიაროს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.“. 9. 50-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 2026 წლის 1 ივნისამდე დადგენილებით განსაზღვროს: გ.ა) იმ ტურისტული გიდის რეგისტრაციის წესი, პირობები და საფასური, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა; გ.ბ) სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირების განმახორციელებელი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის საფასურები;“; ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) 2026 წლის 1 ივნისამდე დადგენილებით განსაზღვროს: ე.ა) რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხა და რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების წესი; ე.ბ) რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლები ვალდებული არიან ჰქონდეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, აგრეთვე ამ დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი; ე.გ) რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი; ე.დ) სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი;“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 2026 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა;“; ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები: „ბ1) 2025 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ტურისტული გიდის სერტიფიცირების განმახორციელებელი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესი და ტურისტული გიდის სერტიფიცირების წესი; ბ2) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირების განმახორციელებელი პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესი და სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირების წესი;“; ბ.გ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 2025 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესი და პირობები და ამ ნიშნის ფორმა, აგრეთვე ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ტურისტული გიდების რეესტრის წარმოების წესი და ტურისტული გიდის რეგისტრაციის ფორმა; დ) 2026 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ სერტიფიცირებული სამთო გამყოლების, სათხილამურო გამყოლებისა და ალპური გამყოლების რეესტრის წარმოების წესი და რეესტრის ფორმა;“. 10. 51-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ კანონის 36-ე მუხლის პირველი−მე-4 და მე-6 პუნქტები და 37-ე მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან. 7. ამ კანონის 33-ე−35-ე მუხლები, 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 49-ე მუხლის მე-2−მე-6 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 14 მაისი 2025 წ. N580-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები