„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.025034
144
13/05/2025
ვებგვერდი, 14/05/2025
470000000.10.003.025034
„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №144 

2025 წლის 13 მაისი

   ქ. თბილისი

 

„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2024, 470000000.10.003.024868) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №17 დანართის („იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ (პროგრამული კოდი 27 03 03 06)):

1. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტის:

ა) „დ.ო.ბ.ბ“ და „დ.ო.ბ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ო.ბ.ბ) პაციენტის ყოველდღიური შეფასება (ვიტალური ფუნქციები), მედიკამენტის ინექცია და მეთვალყურეობა/მონიტორინგი ინექციების დაწყებიდან 30 დღის განმავლობაში ხორციელდება პედიატრიული სერვისის მიმწოდებელ მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, დღის სტაციონარის პირობებში, პედიატრის ან ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ;

დ.ო.ბ.გ) ინექციების დაწყების (ამ მუხლის „დ.ო.ბ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადის გათვალისწინებით) შემდგომ, პედიატრიული სერვისის მიმწოდებელი მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ექიმის (პედიატრის/ენდოკრინოლოგის) რეკომენდაციით დასაშვებია, შემდეგი 60 დღის განმავლობაში ინექციების განხორციელება გაგრძელდეს სტაციონარული ან ამბულატორიული სამედიცინო სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში, პაციენტის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით. ექიმის რეკომენდაცია გაიცემა პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როცა მისი სხვა დაწესებულებაში გადამისამართება არ არის საფრთხის შემცველი. ამასთან, ექიმი უფლებამოსილია, პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით, არ გასცეს რეკომენდაცია პაციენტის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე. ამ შემთხვევაში ინექციები გაგრძელდება ამავე მუხლის „დ.ო.ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პედიატრიული სერვისის მიმწოდებელ მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში;“;

ბ) „დ.ო.ბ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ო.ბ.გ1“ ქვეპუნქტი:

„დ.ო.ბ.გ1) „დ.ო.ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის (60 დღის) შემდეგ, იმ პედიატრიული სერვისის მიმწოდებელი მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ექიმის (პედიატრის/ ენდოკრინოლოგის) რეკომენდაციით, სადაც განხორციელდა პირველადი შეფასება და დაიწყო ინექციები, დასაშვებია, ინექციები ჩატარდეს ბინაზე. რეკომენდაცია გაიცემა პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით, პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ 60-დღიანი ვადის განმავლობაში არ ფიქსირდება რაიმე გართულება და პაციენტს ან/და მის წარმომადგენელს/წარმომადგენლებს, ინექციის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით, გავლილი აქვს/აქვთ მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ექიმების მიერ ჩატარებული შესაბამისი სწავლება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარმომადგენელი არის სამედიცინო პერსონალი). პაციენტის კანონიერ წარმომადგენელზე გაიცემა მედიკამენტის 3 დღის დოზა (უქმე და დასვენების დღეების გათვალისწინებით, შესაძლებელია, გაიცეს შესაბამისი რაოდენობის დოზა მომდევნო სამუშაო დღის დოზამდე). ყოველი მომდევნო დოზა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი სათანადოდ უზრუნველყოფს სახლის პირობებში ინექციას და გამოყენებული ფლაკონების დაბრუნებას, ასევე ინექციის პროცესის (ფლაკონის გახსნა/ინექცია) ვიდეოგადაღებას მე-9 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული ადმინისტრირების წესების შესაბამისად. უწყვეტ 30-დღიან პერიოდში დადგენილი პირობების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში (მათ შორის, მე-9 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვიდეოჩანაწერის წესის დარღვევა, ინექციის ჩატარება არაუფლებამოსილი პირის მიერ, მედიკამენტის გაუვარგისება და სხვ.), ინექცია განხორციელდება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში. მედიკამენტის გაუვარგისების შემთხვევაში, პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, აანაზღაუროს გაუვარგისებული ფლაკონის ღირებულება, განმახორციელებლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინექცია განხორციელდება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში. ბინაზე ინექციების დაწყებიდან 2 თვის ვადის გასვლის შემდეგ, პროცესის შეუფერხებლად წარმართვის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულების ექიმის (პედიატრის/ ენდოკრინოლოგის) რეკომენდაციით შესაძლებელია, ბინაზე გაიცეს 7 დღის სამყოფი დოზა.“;

გ) „დ.ო.ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ო.ბ.ე) პაციენტის პერიოდული შეფასება (გაზომვა) და მონიტორინგი (ინექციის დაწყებიდან ყოველ მე-3 თვეს) ხორციელდება იმ პედიატრიული სერვისის მიმწოდებელ მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც განხორციელდა პირველადი შეფასება. შეფასების/მონიტორინგის ან/და ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ო.ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პედიატრიული სერვისის მიმწოდებელი მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი ინექციების სტაციონარულ ან ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებაში ან ბინაზე გაგრძელების თაობაზე;“.

2. მე-9 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აქონდროპლაზიით დაავადებულთათვის შესყიდული მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ადმინისტრირების წესი (მათ შორის, ბინაზე ინექციების განხორციელების ადმინისტრირების) მტკიცდება განმახორციელებლის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ დანართის მე-3 მუხლის „დ.ო.ბ.გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აქონდროპლაზიით დაავადებული პაციენტების მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ინექციების ბინაზე განხორციელების შემთხვევაში, პაციენტის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, აწარმოოს ინექციის პროცესის (ფლაკონის გახსნა/ინექცია) ვიდეოგადაღება, სადაც იდენტიფიცირებული იქნება როგორც პაციენტი, ასევე ინექციის განმახორციელებელი პირი. ინექცია უნდა განახორციელოს სამედიცინო პერსონალმა ან პირმა, რომელსაც, ინექციის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით, გავლილი აქვს მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ექიმების მიერ ჩატარებული შესაბამისი სწავლება. გადაღებული ვიდეომასალა პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარედგინება მედიკამენტის გამცემ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც გასცემს შემდეგ დოზას, ამ დანართის მე-3 მუხლის „დ.ო.ბ.გ1“ ქვეპუნქტის პირობების შესაბამისად. სამედიცინო დაწესებულება ვიდეომასალას მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში აგზავნის განმახორციელებელთან. ვიდეომასალა ექვემდებარება განადგურებას შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შემდეგ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე