„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 557-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 380000000.05.001.102627
557-IIმს-XIმპ
13/05/2025
ვებგვერდი, 16/05/2025
380000000.05.001.102627
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტს წიაღით სარგებლობის სახეობის მიხედვით უწესდება მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობს, ფუჭი ქანის სანაყაროს, აგრეთვე კუდის ან სხვა ნარჩენის განთავსების ადგილს. იგი სარეკულტივაციო მიწებს განეკუთვნება. კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესებისა და მისი ზომების განსაზღვრის საკითხს განიხილავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებული მიწის მინაკუთვნი წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესის შესაბამისად შეიტანება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში, როგორც წიაღის ფონდის მიწა, რის შემდეგაც იგი საჯარო რეესტრში აღირიცხება. წიაღის ფონდის მიწაზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ტექნოგენური საბადოთი დაფარული მიწის ფართობის განაშენიანება, ხოლო წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტის დროებითი განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში იგი წიაღით სარგებლობისთვის არ გამოიყენება. თუ წიაღით სარგებლობის ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე წიაღით სარგებლობა არ დაწყებულა, შესაძლებელია შესაბამისი მიწის ფართობით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა 1 წლამდე ვადით, ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწის საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ლიცენზირებული წიაღით სარგებლობის ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე.“.

2. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულებას აკონტროლებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.

მუხლი 2

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს და იგი ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ის ფუნქციები და უფლებამოსილებები, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლს უკავშირდება, გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და იგი ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლს უკავშირდება. 

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებას.

5. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისთვის დართული დოკუმენტით „ინფორმაცია 2025 წლის ცენტრალური ბიუჯეტის შესახებ“  (პროგრამული კოდი: 24 26 − სასარგებლო წიაღის მართვა და კოორდინაცია) გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლის ნაწილში − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

6. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ახალი ფუნქციების შესრულებისა და უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებული რიცხოვნობა შეიძლება აჭარბებდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ რიცხოვნობას არაუმეტეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლის ფუნქციების შესრულების მიზნით შტატით გათვალისწინებული რიცხოვნობის ოდენობით.

7. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში:

ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული პირები (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლის მიმართულებით დასაქმებული პირებისა) ჩაითვალონ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში იმავე თანამდებობებზე დასაქმებულ პირებად, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში;  

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის შესაბამისად უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული პირების უკონკურსოდ დანიშვნა იმ თანამდებობების შესაბამის/ტოლფას თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში;  

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მის სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი−მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი−მე-6 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 მაისი 2025 წ.

N557-IIმს-XIმპ