დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნების და ნებაყოფლობით, ხელახლა გაწევრიანების წესის“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი |
| მიღების თარიღი | 07/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280030000.73.085.016034 |
|
„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნების და ნებაყოფლობით, ხელახლა გაწევრიანების წესის“ დამტკიცების შესახებ
|
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, 22-ე მუხლის, 33-ე მუხლის, საქართველოს კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 27/06/2024, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.102317) მე-2 მუხლის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2025 წლის 6 მაისის №5 სხდომის ოქმის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2025 წლის 7 მაისის №02 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნების და ნებაყოფლობით, ხელახლა გაწევრიანების წესი“ ამ ბრძანებაზე თანდართული ფორმით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნების და ნებაყოფლობით, ხელახლა გაწევრიანების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს და აწესრიგებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო აქტივების დაბრუნების/გადახდის, ასევე ხელახლა ან/და ნებაყოფლობით გაწევრიანების საკითხებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) კანონი – საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“; ბ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – საპენსიო ფონდისათვის სამართლებრივი დახმარების ან მომსახურების გამწევი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ამ წესის შესაბამისად. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის შემთხვევაში მის შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი) გამოქვეყნებული იქნება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე www.pensions.ge; გ) უფლებამოსილი თანამშრომელი – საპენსიო ფონდის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი, ვინც ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას; დ) ინდივიდუალური საპენსიო გვერდი – ელექტრონულ სისტემაში დასაქმებულისათვის შექმნილი სამუშაო სივრცე, რომლიდანაც მას აქვს წვდომა თავის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და რომელსაც იყენებს საპენსიო ფონდისაგან ინფორმაციის მიღებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებების განხორციელების მიზნით; ე) სახაზინო ანგარიში – საპენსიო ფონდისათვის სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი სახაზინო ანგარიშები; ვ) წარმომადგენელი – დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი, კონტექსტის შესაბამისად; ზ) საპენსიო სქემა – კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემა; თ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა – განიმარტება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ი) კვალიფიციური ელექტრონული შტამპი – განიმარტება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 3. საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების მქონე დასაქმებული და ამ უფლებით სარგებლობის ვადები 1. დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტოს 24:00 საათი) შეუსრულდა 40 წელი და არ სურს იყოს საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანების თარიღიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანების თარიღიდან 3 (სამი) თვისა, გავიდეს საპენსიო სქემიდან ამ წესის შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული არ ისარგებლებს ამ წესის შესაბამისად საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, ის რჩება საპენსიო სქემის მონაწილედ. მუხლი 4. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანება 1. საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანების უფლებამოსილება აქვს ყველა დასაქმებულს, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტოს 24:00 საათი) შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, და თვითდასაქმებულისთვის (ასაკის მიუხედავად), თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. 2. საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით, ხელახლა გაწევრიანების უფლებამოსილება აქვს ნებისმიერ დასაქმებულს, რომელმაც კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე უარი თქვა დაგროვებით საპენსიო სქემაზე და ასევე დასაქმებულს, რომელმაც კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, ერთიანი გადახდით მიიღო შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსია. 3. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში, დასაქმებული/თვითდასაქმებული ჩაითვლება საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრიანებულად და არ იქნება უფლებამოსილი დატოვოს საპენსიო სქემა. ამასთანავე, დასაქმებულმა, რომელმაც კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე მიიღო პენსია ერთიანი გადახდით, საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში მას ასევე აღარ ექნება უფლება, კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნა და გაცემა. 4. საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანებული მონაწილის სახელით და მის სასარგებლოდ, კანონით დადგენილი წესით, საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა დასაქმებულის მიერ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, ხოლო თვითდასაქმებულის მიერ თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. მუხლი 5. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები 1. საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების მქონე დასაქმებული, რომელსაც სურს საპენსიო სქემიდან გასვლა ან ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასაქმებული, რომელსაც სურს საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით და ხელახლა გაწევრიანება, აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია: ა) პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს საპენსიო ფონდის, საპენსიო ფონდის მისამართზე გამოცხადების გზით ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მის ტერიტორიულ ორგანოებში (ფილიალებში) გამოცხადების გზით და ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად წარადგინოს შესაბამისი განცხადება, ან ბ) ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით, საპენსიო ფონდს წარუდგინოს შესაბამისი განცხადება. 2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასაქმებული/თვითდასაქმებული, რომელიც არასდროს ყოფილა საპენსიო სქემის მონაწილე და სურს აღნიშნულ სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანება, უფლებამოსილია მიმართოს საპენსიო ფონდს/უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის საფუძველზე. მუხლი 6. საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანების მიზნით განცხადების წარდგენა 1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული განცხადებით საპენსიო ფონდისთვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით დასაქმებული/თვითდასაქმებული ან წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. დასაქმებულის/თვითდასაქმებულის მიერ გაცემული მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება) დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. 2. ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და მისი წარმდგენი პირის იდენტიფიცირებისთანავე, უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის შესაბამის გრაფაში უთითებს დასაქმებულის პირად ნომერს და დაბადების წელს. აღნიშნული ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეყვანის შემდგომ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში აგენერირებს დასაქმებულის საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობს აღნიშნულ პირს ან მის წარმომადგენელს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გენერირებული დასაქმებულის საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის გათვალისწინებით, თუ პირის შესაბამისი მოთხოვნა ექვემდებარება დაკმაყოფილებას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს მოთხოვნის შესაბამისი შინაარსის განცხადების გენერირებას, ამობეჭდვას და პირისთვის ან მისი წარმომადგენლისათვის გაცნობის და ხელმოწერის მიზნით გადაცემას. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გენერირებული დასაქმებულის სტატუსის გათვალისწინებით, თუ შესაბამისი მოთხოვნა კანონის საფუძველზე არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ელექტრონული სისტემა არ დააგენერირებს შესაბამისი შინაარსის მქონე განცხადებას და უფლებამოსილი თანამშრომელი დასაქმებულს ან წარმომადგენელს მიაწვდის ინფორმაციას ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული იმ ცნობების შესახებ, რომლებიც შესაბამისი პირისთვის მის საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის გათვალისწინებით, შესაძლოა ავტომატურ რეჟიმში გენერირებულ იქნეს ელექტრონული სისტემის მიერ. შესაბამისი ცნობის ან ცნობების მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის/ცნობების მოთხოვნის შესახებ განცხადების/განცხადებების გენერირებას, ამობეჭდვას და დასაქმებულისათვის ან წარმომადგენლისათვის გაცნობის და ხელმოწერის მიზნით გადაცემას. 5. ეს მუხლი, გარდა პირველი პუნქტისა, არ ვრცელდება პირზე, რომელსაც სურს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანდეს როგორც თვითდასაქმებული. აღნიშნული პირის შესაბამისი განცხადების წარმოდგენა/მიღება ხორციელდება მისი სტატუსის გადამოწმების გარეშე. მუხლი 7. საპენსიო სქემიდან გასვლის ან საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ხელახლა გაწევრიანების შესახებ განცხადებით ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით ფონდისთვის მიმართვის წესი 1. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია შეავსოს მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული შესაბამისი განცხადების ფორმა, განახორციელოს შევსებული განაცხადის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო ფონდისათვის ელექტრონული ფორმით წარდგენა. 2. საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადების შევსების, ხელმოწერის და საპენსიო ფონდისათვის წარდგენის დეტალური ინსტრუქციის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე, ასევე საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას. მუხლი 8. საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის შესახებ ცნობის გაცემის წესი 1. დასაქმებული უფლებამოსილია პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ამ წესის შესაბამისად, მიმართოს საპენსიო ფონდს ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვოს: ა) ცნობა საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის შესახებ; ბ) ცნობა კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების/სტატუსის შესახებ; გ) ცნობა საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობის მიღების მიზნით, საპენსიო ფონდისათვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის შემთხვევაში, პირი ან წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. 3. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს სურს საპენსიო ფონდისაგან ისეთი ცნობის მიღება, რაც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლით და რომელსაც ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში არ აგენერირებს, აღნიშნული პირი უფლებამოსილია საპენსიო ფონდისათვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის გზით წარადგინოს შესაბამისი განცხადება, რომელსაც საპენსიო ფონდი განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში. 4. დასაქმებული ასევე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობა/ცნობები მიიღოს ელექტრონული სახით, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით, შესაბამისი განცხადების წარდგენის გარეშე. ასეთ ცნობას ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში დაესმება კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. მუხლი 9. საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანების ან ცნობის მისაღებად წარდგენილი განცხადებ(ებ)ის მიღება და განხილვის შედეგები 1. ამ წესის შესაბამისად, ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი განცხადება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) დასაქმებულის/თვითდასაქმებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ბ) წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და პირადი ნომერი; გ) განცხადების ნომერი და თარიღი; დ) დასაქმებულის/თვითდასაქმებულის ან წარმომადგენლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში – წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი და მისამართი; ე) დასაქმებულის/თვითდასაქმებულის ან წარმომადგენლის შესაბამისი მოთხოვნა; ვ) დასაქმებულის/თვითდასაქმებულის ან წარმომადგენლის ხელმოწერის გრაფა. 2. საპენსიო ფონდისთვის/უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვისას, იმ შემთხვევაში, თუ პირი ან წარმომადგენელი ეთანხმება ამ წესით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალურად ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს. იმ შემთხვევაში, თუ პირი ან წარმომადგენელი უარს განაცხადებს ამ წესით გათვალისწინებული განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვას, შესაბამისი მიზეზის მითითებით. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვას. 4. ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებულის/თვითდასაქმებულის ან წარმომადგენლის მიერ შესაბამისი განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შესაბამის გადაწყვეტილებას/შეტყობინებას, განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით: ა) იმ განცხადების შემთხვევაში, რომლითაც მოთხოვნილია საპენსიო სქემიდან გასვლა – დასაქმებული გასულია საპენსიო სქემიდან; ხოლო ბ) იმ განცხადების შემთხვევაში, რომლითაც მოთხოვნილია დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანება – დასაქმებულის/თვითდასაქმებულის მოთხოვნის მიღების შესახებ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პირს მიენიჭება მონაწილის სტატუსი პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების შემდგომ. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შინაარსის მქონე შეტყობინება წარმოადგენს საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებას. უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული შეტყობინების ამობეჭდვას, ამობეჭდილი შეტყობინების ელექტრონულ ფორმასთან სისწორის შესაბამისი შტამპით და საკუთარი ხელმოწერით დადასტურებას, დასაქმებულისთვის/თვითდასაქმებულისთვის ან წარმომადგენლისათვის გადაცემას და დასაქმებულის/თვითდასაქმებულის ან წარმომადგენლის მიერ აღნიშნული შეტყობინების გაცნობის ფაქტის დადასტურებას შესაბამის გაცემის ბარათზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალური ფორმით ხელმოწერის გზით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი გაცემის ბარათი ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი გაცემის ბარათის ელექტრონულ სისტემაში ასახვას. 6. ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, განცხადების ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში, განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში და ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში დაგენერირებული შესაბამისი გადაწყვეტილება/შეტყობინება ავტომატურად განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება დასაქმებულისათვის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე. 7. ამ წესის საფუძველზე დასაქმებულის საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღნიშნული დაკმაყოფილების თარიღის შემდეგ, დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შევსებისას, შესაბამისი დასაქმებულის საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაცია საპენსიო ფონდისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით აისახება აღნიშნულ საშემოსავლო დეკლარაციაში. 8. საპენსიო სქემაში დასაქმებულის/თვითდასაქმებულის ნებაყოფლობით გაწევრიანების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღნიშნულ დასაქმებულს/თვითდასაქმებულს გადაეცემა საპენსიო გვერდზე პირველადი ავტორიზაციის პარამეტრები სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად. 9. ამ წესის შესაბამისად, საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრიანებული დასაქმებულის/თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განცხადების წარდგენის საფუძველზე, პირველი საპენსიო შენატანის განხორციელება გამოიწვევს ელექტრონულ სისტემაში მის შესახებ საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის/თვითდასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებას და შექმნის მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გააქტიურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან შექმნის საფუძველს. 10. ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ცნობ(ებ)ის გაცემის მიზნით, საპენსიო ფონდში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შესაბამის ცნობას. უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის ამობეჭდვას, ამობეჭდილი ცნობის ელექტრონულ ფორმასთან სისწორის შესაბამისი შტამპით და საკუთარი ხელმოწერით დადასტურებას, დასაქმებულისთვის/თვითდასაქმებულისთვის ან წარმომადგენლისათვის გადაცემას და აღნიშნული ცნობის მიღების ფაქტის დადასტურებას შესაბამის გაცემის ბარათზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალური ფორმით ხელმოწერის გზით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი გაცემის ბარათი ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი გაცემის ბარათის ელექტრონულ სისტემაში ასახვას. მუხლი 10. საპენსიო აქტივების დაბრუნება 1. კანონისა და ამ წესის შესაბამისად, საპენსიო სქემიდან დასაქმებულის გასვლის შემთხვევაში საპენსიო ფონდი, შესაბამისი გადაწყვეტილების თარიღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, გამოითვლის დასაქმებულის საპენსიო აქტივების ღირებულებას და აღნიშნული ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს შესაბამისი გადაწყვეტილების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში, უზრუნველყოფს: ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და ხარჯით მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანის და საპენსიო შენატანზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგისა და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, გადარიცხვას დამსაქმებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში შერჩეულ საბანკო ანგარიშზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს არ აქვს შერჩეული ასეთი საბანკო ანგარიში, მის ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა საპენსიო შენატანი. საპენსიო შენატანის მიღების შემდეგ დამსაქმებელი ვალდებულია, იმოქმედოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; ბ) სახელმწიფო დამსაქმებლის (როგორც ეს განმარტებულია საპენსიო ფონდის შესაბამის ნორმატიულ აქტში) მიერ დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანის შესაბამისი სახელმწიფო დამსაქმებლისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მეშვეობით გადარიცხვას; გ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებულ საპენსიო შენატანზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, გადარიცხვას, სახაზინო სამსახურის მეშვეობით, შესაბამისი დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით დაბეგვრის შემდგომ; დ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანის და ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, დაბრუნებას დამსაქმებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში შერჩეულ საბანკო ანგარიშზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს არ აქვს შერჩეული ასეთი საბანკო ანგარიში, მის ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა საპენსიო შენატანი; ე) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანის დაბრუნებას ფონდის სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ვ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის გადარიცხვას საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში. 2. დამსაქმებელი და სახელმწიფო დამსაქმებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიღებული თანხა სრულად დაუბრუნოს დასაქმებულს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით დაბეგვრის შემდგომ, დამსაქმებლის საბანკო ანგარიშზე საპენსიო ფონდისგან შესაბამისი თანხის მიღებიდან არაუმეტეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში. 3. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ფონდი არ ფლობს ინფორმაციას დამსაქმებლის საბანკო ანგარიშის შესახებ, საპენსიო ფონდი წერილობითი ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართავს დამსაქმებელს და მოითხოვს საბანკო რეკვიზიტების (ბანკის დასახელება, ბანკის კოდი, ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი) წერილობითი ფორმით წარდგენას. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი საპენსიო ფონდს არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას ასეთი მიმართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საპენსიო ფონდი წერილობითი ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეატყობინებს დასაქმებულს, რომ ვერ ახდენს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნებას, დამსაქმებლის საბანკო რეკვიზიტების არქონის გამო. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 60 კალენდარული დღის ვადა აითვლება დამსაქმებლის მიერ საბანკო რეკვიზიტების საპენსიო ფონდისათვის წერილობითი ფორმით წარდგენის დღიდან. 4. თუ დასაქმებულის საპენსიო სქემიდან გასვლისას ან ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო შენატანისა და საპენსიო შენატანებზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგისა და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, დამსაქმებლისათვის გადარიცხვის დროისთვის დამსაქმებელი ლიკვიდირებულია, მაშინ საპენსიო ფონდი: ა) დასაქმებულს წერილობით ან/და ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს შეტყობინებას დამსაქმებლის ლიკვიდაციის შესახებ და მოითხოვს იმ საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტების წარდგენას, რომელზეც სურს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და ხარჯით, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანისა და ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავალის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით მიღება. დასაქმებულის მიერ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების წარდგენის შემთხვევაში აღნიშნული თანხა გადაირიცხება დასაქმებულის ან დასაქმებულის წარმომადგენლის მიერ განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით წყაროსთან დაბეგვრის შემდგომ; ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ საპენსიო შენატანებსა და ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხულ შემოსავალს, ნამეტ შემოსავალს და სხვა შემოსავალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, გადარიცხავს ამ თანხების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის წერილობითი მიმართვისა და ამ თანხების მიღების უფლებამოსილების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტაციის საფუძველზე; გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ საპენსიო შენატანის გადარიცხვას განახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით. მუხლი 11. საპენსიო სქემიდან გასული პირის უფლებები 1. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ დასაქმებულის ინდივიდუალური საპენსიო გვერდი არ უქმდება და დასაქმებულს უნარჩუნდება ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე წვდომა. 2. საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებული და ასევე საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, გამოიყენოს ინდივიდუალური საპენსიო გვერდი ერთმანეთთან კომუნიკაციის მიზნებისათვის. მუხლი 12. ადმინისტრაციული წარმოების წესი ამ წესის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას და მასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები. მუხლი 13. პერსონალური მონაცემების დამუშავება 1. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშაოს დასაქმებულის, თვითდასაქმებულის, მისი წარმომადგენლის ან/და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით. 2. ელექტრონულ სისტემაში და ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე ასახული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები ინახება მუდმივად. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები