დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 5 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.81.094.016006 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/04/2025 - 29/04/2025)
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ
–
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 5 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 5 აგვისტოს №5 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 05/08/2024; 040030000.81.094.016005) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი” ქვეპუნქტი: „ი) კანონის შესაბამისად, გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება;“. 2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, სათანადო ღონისძიებების გატარება.“. 3. მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტი;“. 4. მე-6 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულების დეპარტამენტი;“. 5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ბიუროს ეფექტიანი მართვისა და ხელმძღვანელობის ხელშეწყობა, მათ შორის, შიდა სტანდარტების შემუშავება; ბ) დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; გ) ბიუროს არქივის მუშაობის ორგანიზება; დ) ადამიანური რესურსების მართვა; ე) ბიუროს თანამშრომლებისთვის განსაზღვრული ეთიკისა და ქცევის წესების შესრულების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ვ) ბიუროში დისციპლინური სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ბიუროს თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტიანობის კვლევა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება; თ) დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული წესის შემუშავება; ი) მონიტორინგის მიზნით, ყოველწლიურად შესამოწმებელი თანამდებობის პირის შერჩევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება; კ) ბიუროს მიერ დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი; ლ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება; მ) ბიუროს საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა, ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა; ნ) საბუღალტრო საქმიანობის უზრუნველყოფა; ო) ბიუროს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა; პ) ბიუროში შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ამ მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება; ჟ) საჯარო ინფორმაციის გაცემა; რ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება; ს) დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 6. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1 “ პუნქტი: „კ1) საიდუმლო საქმისწარმოება;“. 7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტი გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) გრანტის, აგრეთვე ფულადი ან ნატურალური ფორმით უსასყიდლოდ გადაცემული იმ სახსრების, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გაცემულია კანონმდებლობით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით, თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების, მიზნობრიობის მუდმივი/უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება; ბ) მონიტორინგის ფარგლებში: ბ.ა) პირისგან ფინანსური ანგარიშის გამოთხოვა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის (დარღვევის) თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას. ბ.ბ) ფიზიკური პირის გამოკითხვა ან ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის მიზნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა; ბ.გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა; ბ.დ) შესაბამის საჯარო უწყებებთან კოორდინაცია; გ) კანონმდებლობით მინიჭებულ ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; დ) გრანტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა; ე) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება; ვ) დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 8. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტი ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება; ბ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება; გ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების ზედამხედველობა და ამ მიზნით სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; დ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესანგარიშების, წლიური ანგარიშების და შეფასების ანგარიშების მომზადება; ე) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიით ან/და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ორგანოებსა და ორგანიზაციებში კორუფციული რისკების შეფასების შედეგად გამოვლენილ საკითხებზე სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ვ) დეპარტამენტის ძირითადი ამოცანების შესრულების მიზნით საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა; ზ) დეპარტამენტის ძირითადი ამოცანების შესრულების მიზნით შესაბამის ორგანოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია; თ) ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე პოლიტიკის დოკუმენტების, მათ შორის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი; ი) საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; კ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკის შესწავლა, შესაბამისი კვლევების ჩატარება და განზოგადება; ლ) საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ნორმების დარღვევაზე ინფორმაციის მოძიების მეთოდოლოგიის შემუშავება; მ) საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების რისკების შეფასება; ნ) ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, კონფიდენციალური კონსულტაციების გაწევა; ო) საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და შესაბამისი წინადადებების მომზადება; პ) საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ნორმების დაცვის არსებული მექანიზმების შეფასება, სათანადო რეკომენდაციების გაცემა და მათი შესრულების მონიტორინგი; ჟ) კეთილსინდისიერების საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესწავლა და გაანალიზება; რ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება; ს) დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 9. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულების დეპარტამენტი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესაბამისად, რეგისტრაციის განცხადებ(ებ)ის მიღება, აღრიცხვა და დაარქივება; ბ) რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირებთან კომუნიკაცია, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ აღსრულების მიზნით; გ) რეგისტრაციის განცხადებ(ებ)ისა და თანდართული დოკუმენტების შინაარსისა და ფორმის საქართველოს კანონმდებლობასა და ბიუროს უფროსის მიერ დამტკიცებულ რეგულაციებთან შესაბამისობის შემოწმება; დ) საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით, რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შემცველი ინფორმაციის დამუშავება და საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირების მიერ საინფორმაციო მასალის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება, აღრიცხვა და დაარქივება; ვ) გავრცელებული საინფორმაციო მასალის დახარისხება, კატეგორიზაცია და საჯაროობის უზრუნველყოფა; ზ) რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირების პროაქტიული გამოვლენა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; თ) რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის მიერ საინფორმაციო მასალის გავრცელების პროაქტიული გამოვლენა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ი) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; კ) საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ აღსრულების მიზნით, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა; ლ) სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაცია, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ აღსრულების მიზნით; მ) საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსადგენი ანგარიშების მომზადება; ნ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციების გაწევა. საქართველოს კანონმდებლობითა და ბიუროს უფროსის მიერ დამტკიცებული რეგულაციებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკონსულტაციო დასკვნების პროექტების მომზადება; ო) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება; პ) საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ აღსრულების მიზნით დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
მუხლი 2.
|
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2, მე-6 და მე-13 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2, მე-6 და მე-13 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 31 მაისს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები