დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025015 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№4304-XIVმს-Xმპ, 27/06/2024 წ.) მე-2 მუხლის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში:
1. მე-2 მუხლს 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი: „32. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა − პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული თევზჭერა, რომლის დანიშნულებაა მეცნიერული ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის, ზედაპირული წყლის ობიექტში მონიტორინგის წარმოების ან/და თევზის რესურსის მარაგის, თევზის სახეობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის დადგენა.“. 2. მე-2 მუხლს 26-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 − 263 პუნქტები: „261. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა − ელექტრონული მუხტის მქონე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. 262. თევზჭერის ელექტროიარაღი − ქარხნულად ან კუსტარულად დამზადებული ხელსაწყო, რომლის მუშაობის პრინციპია ელექტროდენით წყლის ცოცხალი ორგანიზმების მოზიდვა ან/და მათი სიცოცხლისუნარიანობის ან ფიზიკური აქტივობის დაქვეითება ან/და მათი დახოცვა. 263. რეგისტრაცია − სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაცია ელექტრონულ რეესტრში.“. 3. მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თევზჭერის ელექტროიარაღით, ასევე თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობით (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისა);“. 4. მე-6 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „ მუხლი 61. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაცია 1. ნებისმიერი პირი ვალდებულია, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული, მათ შორის, საზღვარგარეთიდან შემოტანილი თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა დაარეგისტრიროს ელექტრონულ რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტო. 2. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განაცხადს თან უნდა ერთოდეს ამ მოწყობილობის ტექნიკური პასპორტი. 3. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის პარამეტრები და ამ მოწყობილობის ტექნიკური პასპორტის მიმართ მოთხოვნილი ინფორმაცია განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №41-ის შესაბამისად. 4. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაციამდე გაიცემა მოწყობილობის შენახვის, ტარების, გადაცემის ან გასხვისების დროებითი მოწმობა. ასეთი მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით პირმა წინასწარ უნდა მიმართოს სსიპ − ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს. 5. სსიპ − ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციიის შესახებ ინფორმაცია რეგისტრაციის განხორციელებისთანავე უნდა აისახოს ელექტრონულ რეესტრში. 6. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ელექტრონულ რეესტრში აისახება შემდეგი სარეგისტრაციო მონაცემები: ა) მესაკუთრისა და მოსარგებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში − სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში − სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი); ბ) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №41-ში მითითებული მოთხოვნების მიხედვით; გ) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის შენახვის ადგილი; დ) დამატებითი ინფორმაცია − ივსება საჭიროების შემთხვევაში და შესაძლოა, მოიცავდეს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც არ არის ასახული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ელექტრონულ რეესტრში შესატან აუცილებელ მოთხოვნებში.“. 5. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 16. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა 1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა დაშვებულია თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით. 2. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თევზჭერის განმახორციელებელ სუბიექტს მიღებული აქვს სამინისტროს წერილობითი თანხმობა და თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა რეგისტრირებულია ელექტრონულ რეესტრში. 3. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენების პირობების აღწერასთან დაკავშირებით. განაცხადს აგრეთვე თან უნდა ერთოდეს მოწყობილობის სარეგისტრაციო მოწმობა. 4. ამ ტექნიკური რეგლამენტით თევზჭერისთვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები, გარდა ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე.“. 6. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №41 – „თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები“. |
| მუხლი 2 |
იმ პირებმა, რომლებსაც საკუთრებაში ან/და მფლობელობაში აქვთ თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობები, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყონ მათი რეგისტრაცია ელექტრონულ რეესტრში.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 10 ივნისიდან. |
|
„დანართი №41
|
თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები
|
1. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციისთვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს (დიაპაზონებს):
ა) ძაბვა (Voltage): 0-1500 ვოლტი (V). დაბალი გამტარობის წყლებში (მაგ.: მტკნარი წყლები) საჭიროა უფრო მაღალი ძაბვა, ხოლო მაღალი გამტარობის წყლებში (მაგ.: ზღვის წყლები) – უფრო დაბალი; ბ) დენის ძალა (Current): 0.1-100 ამპერი (A). დენის ინტენსივობა უნდა იყოს საკმარისი თევზების ეფექტიანად მოზიდვისთვის, მაგრამ არა იმდენად მაღალი, რომ გამოიწვიოს მათი დაზიანება. საშუალო რეკომენდებული დიაპაზონი: 0.1-2 ამპერი; გ) იმპულსის სიხშირე (Pulse Frequency): 1-1200 ჰერცი (Hz). ოპტიმალური სიხშირე უნდა შეირჩეს თევზის სახეობის მიხედვით; საშუალო რეკომენდებული დიაპაზონი: 30-60 ჰერცი (Hz); დ) იმპულსის ხანგრძლივობა (Pulse Duration): 0.1-5 მილიწამი (ms). ოპტიმალური ხანგრძლივობა უნდა შეირჩეს თევზის სახეობის მიხედვით; საშუალო რეკომენდებული დიაპაზონი: დ.ა) 0.1-1 მილიწამი (ms) – მოკლე პულსები, რომლებიც გამოიყენება მცირე და მგრძნობიარე თევზებისთვის, რათა მინიმუმამდე შემცირდეს დაზიანების რისკი; დ.ბ) 1-5 მილიწამი (ms) – შედარებით ხანგრძლივი პულსები, რომლებიც ეფექტიანია უფრო დიდი თევზებისთვის, თუმცა, შესაძლოა, გაზარდოს მათი დაზიანების რისკი. 2. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხოების ელემენტებით, მათ შორის, იზოლაციით, სათანადო დამიწებით, დამცავი გარსაცმებით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი წყალგაუმტარობა, რათა დაიცვას მომხმარებელი ელექტროდარტყმისგან. 3. თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის ტექნიკური პასპორტი, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მოწყობილობის დასახელება (მოდელი, სერია); ბ) მწარმოებელი (მწარმოებელი ქვეყანა, კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია); გ) გამოშვების თარიღი; დ) შესაბამისობის სერტიფიკატები (CE, ISO, ადგილობრივი სტანდარტები), ასეთის არსებობის შემთხვევაში. 4. უცხოენოვან ტექნიკურ პასპორტს თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები