საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 510-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.102603
510-IIმს-XIმპ
29/04/2025
ვებგვერდი, 01/05/2025
420000000.05.001.102603
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის „ჰ31“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​31) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი − საფრენი აპარატი (გარდა EASA-ს მიერ სერტიფიცირებული საფრენი აპარატისა), რომელშიც არის არაუმეტეს 2 სავარძლისა, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას არ აღემატება 600 კგ-ს, ხოლო წყლის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას − 650 კგ-ს და რომლის კლასიფიცირებას ახდენს და დამატებით ტექნიკურ მახასიათებლებს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.“.

2. 8მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10−მე-17 ნაწილები:

„10. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად ჩაატაროს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება (ტესტირება).

11. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმებას (ტესტირებას) ატარებს სპეციალური ხელსაწყოს (შემდგომ – ალკოტესტის აპარატი) მეშვეობით.

12. ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად შემოწმება (ტესტირება) ტარდება საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მიერ ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვით. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მიერ ჰაერის ნაკადის ამოსუნთქვისას აუცილებელია მისი ფიზიკური კონტაქტი ალკოტესტის აპარატთან. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრმა ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვა უნდა მოახდინოს სპეციალური მილაკის მეშვეობით, ალკოტესტის აპარატზე საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე.

13. ალკოტესტის აპარატზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სისხლში ეთანოლის შემცველობის 0,2 პრომილეს ან 0,2-ზე ნაკლები პრომილეს ოდენობით დაფიქსირება ადასტურებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას.

14. ალკოტესტის აპარატზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სისხლში ეთანოლის შემცველობის 0,2-ზე მეტი პრომილეს ოდენობით დაფიქსირება ადასტურებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს. თუ ალკოტესტის აპარატზე დაფიქსირებული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,2 პრომილეზე მეტია, იგი უფლებამოსილია ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მოსთხოვოს ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად განმეორებითი შემოწმების (ტესტირების) ალკოტესტის აპარატით ჩატარება. განმეორებითი შემოწმება (ტესტირება) უნდა ჩატარდეს პირველადი შემოწმების (ტესტირების) ჩატარებიდან არაუადრეს 15 წუთისა და არაუგვიანეს 30 წუთისა.

15. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენ შემოწმებას (ტესტირებას) თავს არიდებს ან/და ადგილზე შემოწმების (ტესტირების) შედეგმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრს ჩამოაშორებს საჰაერო ხომალდის მართვას/მომსახურებას.

16. თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი არ ეთანხმება შემოწმების (ტესტირების) შედეგს, იგი უფლებამოსილია პირველადი შემოწმების (ტესტირების) ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად ჩაიტაროს ექსპერტიზა ერთ-ერთ შემდეგ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ან ამ ბიუროს ტერიტორიულ ორგანოში;

ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მქონე სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში.

17. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის მიერ ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული წესის შეუსრულებლობა ნიშნავს ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენი შემოწმებისთვის (ტესტირებისთვის) თავის არიდებას.“.

3. 22-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. არასამრეწველო ხერხით დამზადებული, არაუმეტეს 1 000 კილოგრამი მასის მქონე საჰაერო ხომალდის (გარდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისა) საავიაციო სპორტის შესაბამის უწყებაში რეგისტრაცია სავალდებულოა.“.

4. 23-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 291  მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ტერიტორიაზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

7. 56-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელიც კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას ახორციელებს, საფრენად ვარგისობის შენარჩუნების საწარმო, აეროდრომი, ვერტოდრომი, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმო, სამოქალაქო საავიაციო საგანმანათლებლო დაწესებულება, ავიასამედიცინო ცენტრი, ავიასამედიცინო ექსპერტი, საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმო და მისი ტექნიკური პერსონალი, შესაბამისი სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, საავიაციო პერსონალი, ბორტკვების საწარმო, ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ არის დაკავშირებული ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, საჰაერო ხომალდი და მისი ძრავა ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებთან შესაბამისობას.“.

8. 62-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 64-ე და 65-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

10. 68-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

29 აპრილი 2025 წ.

N510-IIმს-XIმპ