დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23/2025 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 03/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.15.008.016795 |
|
„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 25/09/2012, 010240020.15.008.016060):
1. პირველი მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც/რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას (მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსიის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრის, ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტოვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია საარჩევნო კანონმდებლობით.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღება აკრძალულია. მათ შორის, დაუშვებელია კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება.“. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ერთსა და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს უფლება აქვს, ერთ საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი, ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია, დაიკავოს კენჭისყრის შენობაში კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილი.“. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის გარეშე, რაც გულისხმობს: 1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირის მიერ კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში ფოტოვიდეოგადაღების წარმოებას იმდაგვარად, რომ ფოტოვიდეოგადამღები აპარატი იმყოფებოდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე. ადგილი იმდაგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი. 2. მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისათვის ფოტოვიდეოგადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კენჭისყრის შენობა არ იძლევა 3-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას. ასეთ შემთხვევაში, გადასაღებ ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 3. ერთსა და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს უფლება აქვს, ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი. ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია დაიკავოს კენჭისყრის შენობაში კომისიის თავმჯდომარის გამოყოფილი სპეციალური ადგილი. ამ შემთხვევაში, დაუშვებელია ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დამუშავება/ფოტოვიდეოგადაღება. 4. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებრივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბნებში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) აძლევენ ხმას, რის შემდგომაც ფოტოვიდეოგადამღები აპარატები გატანილ უნდა იქნეს კენჭისყრის შენობიდან.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები