დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 290 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი |
| მიღების თარიღი | 10/03/1992 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 3, 31/03/1992 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000010.25(0).030.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/03/1992 - 16/01/1993)
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №290
1992 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 და 6 თებერვლის № 128 დადგენილებათა შესრულების პროცესში ადგილებზე წარმოიშვა გარკვეული სირთულეები, გამოითქვა სურვილები და წინადადებანი საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დაწესებული ზღვრული ნორმების გაზრდის თაობაზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. შეიცვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
4. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების სხვადასხვა ფორმის გავრცელების გათვალისწინებით იყოფა საკუთრივ სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად, მიწის რეფორმის ფონდი იქმნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხარჯზე. მიწის რეფორმის ფონდში პირველ რიგში გამოიყოფა სოფლის მიმდებარე ნაკვეთები მრავალწლოვანი ნარგავების ფართობების ჩათვლით, აუცილებლობის შემთხვევაში კი - მარცვლეულის, კარტოფილისა და ბოსტნეულის კულტურების სამექანიზაციო ფართობები.
სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებზე, საცდელ სადგურებზე, ექსპერიმენტულ მეურნეობებზე, მეთესლეობის, სანერგე, სანაშენე-საჯიშე მეურნეობებზე, მეცხოველეობის კომპლექსებსა და სასათბურე კომბინატებზე უვადო სარგებლობით მიმაგრებული მიწებიდან მიწის რეფორმის ფონდში გამოიყოფა ის მიწები, რომლებიც არ ემსახურება მოცემული მეურნეობის ძირითადი საწარმოო პროგრამის შესრულებას.
მიწის რეფორმის ფონდში არ გამოიყოფა:
- საკურორტო (რეკრეაციული) დანიშნულების მიწები;
- სტიქიური და სხვა ობიექტური მიზეზებით განპირობებული მოსახლეობის განსახლებისათვის განკუთვნილი სარეზერვო მიწები;
- დიდი ქალაქების სამრეწველო ცენტრების აგლომერაციის მიწები;
- ნაკრძალების, ეროვნული პარკების აღკვეთილებისა და სხვა განსაკუთრებულად დაცული მიწები;
- ისტორიული და ბუნების ძეგლების ეკლესია-მონასტრებისა და სხვა დაცული ზონის მიწები;
- სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში საზღვრიდან 21 კილომეტრის სიღრმით სტრატეგიული კულტურებით დაკავებული მიწები, მსხვილი სამექანიზაციო ფართობები, აგრეთვე ნაკვეთები, რომლებზეც ფუნქციონირებენ მაღალსპეციალიზებული მეურნეობები, და მიწები, რომლებზეც აშენებულია მელიორაციული სისტემები და ნაგებობები. სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მოქცეული დანარჩენი მიწებიდან იქ მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობის ფარგლებში გამოეყოფა სარგებლობის უფლებით დამატებითი საკარმიდამო ნაკვეთები სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად მათზე კაპიტალური მშენებლობის უფლების გარეშე და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით;
- შავი ზღვის სანაპიროს სამკილომეტრიან ზოლში მდებარე ის მიწები, რომლებზეც პერსპექტივაში გათვალისწინებულია ახალი კურორტების აგება ან საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო კომუნიკაციების მოწყობა, არსებული კურორტების გენერალური გეგმით გათვალისწინებული მიწები, აგრეთვე ფართობები, რომელთაც ზღვის ნაპირდაცვითი მნიშვნელობა აქვთ და მოსახლეობისათვის მათი გადაცემა გარემო დაცვის თვალსაზრისით გაუმართლებელია, ასევე ის მიწები, რომლებზეც მოწყობილია მელიორაციული სისტემები. შავი ზღვის სანაპიროს სამკილომეტრიან ზოლში მდებარე დანარჩენი მიწებიდან იქ მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობის ფარგლებში გამოეყოფა სარგებლობის უფლებით დამატებითი საკარმიდამო ნაკვეთები სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად, მათზე კაპიტალური მშენებლობის უფლების გარეშე და მათ მიზნობრივი გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით;
სახელმწიფო სასაზღვრო და შავი ზღვის სანაპიროს ზოლებში მოქცეული ამ დადგენილებით გათვალისწინებული მიწების კატეგორიების (რომლებიც არ უნდა გაიცეს სარგებლობის უფლებით) დადგენა დაევალოთ: სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში - საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (მოწვევა), საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტს, ხოლო შავი ზღვის სანაპიროს სამკილომეტრიან ზოლში - საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს (მოწვევა), საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტს, სახელმწიფო კონცერნ „საქკურორტს“.
ზემოაღნიშნულმა სამინისტროებმა და უწყებებმა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებთან და შესაბამისი რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად ადგილზე შეისწავლონ ზემოაღნიშნული საკითხები და ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ მასალები განსახილველად.
სახელმწიფო სასაზღვრო და შავი ზღვის სანაპიროს ზოლებში საზოგადოებრივი მეურნეობების ფუნქციონირებისა და საკარმიდამო ფონდში ფართობების გამოყოფის საკითხს ყველა შემთხვევაში შესაბამისი რაიონის (ქალაქის) ადგილობრივი მმართველობის გამგეობის, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის წარდგინებით იხილავს და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი“.
2. არსებულ და ზღვრულ ნორმამდე საკუთრების უფლებით შევსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ დაიშვება ერთზე მეტი საცხოვრებელი სახლის აშენება და ეს ნაკვეთი გამოყოფას არ ექვემდებარება.
3. საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ზღვრულ ნორმამდე შევსების პროცესში გათვალისწინებულ იქნეს, რომ თითოეულ სოფელს შეუნარჩუნდეს პირუტყვის გასარეკები, საერთო სარგებლობის სათიბ-საძოვრები.
4. მეურნეობაში დასაქმებულ პირთა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებლად ჩაითვალოს 1950 წლიდან დაწყებული სხვადასხვა დროს გამსხვილებულ, კოლმეურნეობებსა და სახელმწიფო მეურნეობებში მოქცეული სოფლების ადრინდელ საზღვრებში აღდგენა და მათ ბაზაზე ბუნებრივ-საწარმოო და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის მეურნეობების ფორმირება.
5. მიწის რეფორმის ფონდიდან მოსახლეობისათვის გადაცემულ ფართობებზე არსებული მელიორაციული სისტემების ექსპლუატაციის პირობების გაუარესება, გაუქმება ან მათზე რაიმე ნაგებობის მშენებლობა არ დაიშვება, რაზეც კონტროლს აწესებს რესპუბლიკური გაერთიანება „საქწყალმეურნეობა“.
6. შეიცვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების 1-ლი პუნქტი და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
„დაწესდეს საკუთრებაში მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით:
- სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის და სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 1 ჰექტარამდე, ხოლო იმ რაიონებში, სადაც ამის შესაძლებლობაა - 1,25 ჰექტარამდე, მთის რაიონებში - 5 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 1 ჰექტარამდე);
- სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისთვის ბარისა და ზეგნის რაიონებში 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 5 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 0,75 ჰექტარამდე);
- ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, და ქალაქად მცხოვრები იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საგარეუბნო ზონებში - 0,15 ჰექტარამდე, ბარისა და ზეგნის რაიონებში 0.25 ჰექტარამდე, ხოლო მთის რაიონებში - 1 ჰექტარამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები 0,25 ჰექტარამდე);
- რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა და დაბების დამტკიცებულ საზღვრებში მუდმივად მცხოვრები და მომუშავე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოქალაქეთათვის - 0,75 ჰექტარამდე, ხოლო სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის (რომლებიც ცხოვრობენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე მიმაგრებულ მიწებზე) - 0,5 ჰექტარამდე.
7. კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწების ყიდვა-გაყიდვის უფლება მიწათმოსარგებლეებს მიეცეთ მიწის საკუთრებაში მიღებიდან ორი წლის შემდეგ საადგილმამულო ბანკის მეშვეობით.
8. ამ დადგენილების მოთხოვნების განხორციელების შედეგად საზოგადოებრივ მეურნეობათა ლიკვიდაციის აუცილებლობის შემთხვევაში გაუნაწილებლად დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, ტექნიკის, შენობა-ნაგებობების, სხვა ძირითადი და საბრუნავი საშუალებების შემდგომი რაციონალური გამოყენების საკითხთა გადაწყვეტა დაევალოთ შესაბამისი რაიონისა და სოფლის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტთან, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტთან შეთანხმებით.
ლიკვიდირებულ საზოგადოებრივ მეურნეობებზე რიცხული სახელმწიფო და მომწოდებელთა ვალების დაფარვის მექანიზმის შესახებ წინადადებათა წარმოდგენა 2 კვირის ვადაში დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს (მოწვევა), საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტსა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს.
9. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა საზოგადოებრივმა მეურნეობებმა უზრუნველყონ მოსახლეობის ტექნიკური მომსახურება მათთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების დამუშავების, ათვისებისა და ეფექტიანად გამოყენების მიზნით.
10. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური საკითხთა და დემოგრაფიის სამინისტროს (მოწვევა). საქათველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტს განსაზღვრონ რესპუბლიკაში სტიქიური და სხვა ობიექტური მიზეზებით განპირობებული მოსახლეობის განსახლებისათვის საჭირო ზონები, ამ მიზნით განკუთვნილი ფართობების ოდენობა (მათი ადგილმდებარეობის ჩვენებით) და ერთი თვის ვადაში წარმოუდგინონ სათანადო წინადადება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
11. დაევალოთ ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, რაიონების (ქალაქების) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უზრუნველყონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ზღვრულ ნორმამდე შევსების, მისი საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემის სამუშაოთა პრაქტიკული განხორციელება მიმდინარე წლის 1 მაისამდე.
12. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 პუნქტის მეორე აბზაცი.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის
მინისტრთა კაბინეტის
სახელმწიფო კანცელარიის
მმართველის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბერიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები