„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 394-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.102536
394-IIმს-XIმპ
01/04/2025
ვებგვერდი, 02/04/2025
450140000.05.001.102536
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. ეს მუხლი არ ზღუდავს პირის უფლებას, ცილისწამების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.“.

2. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52​. ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება

1. მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად.

2. მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

3. მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისთვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ.

4. სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებისას მაუწყებელმა უნდა მიუთითოს ინფორმაციის წყარო.

5. დაუშვებელია ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნათლად არის  განმარტებული, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული.

6. მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ.

7. დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები, კერძოდ, რეპუტაცია და სახელი, შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით), აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით.

8. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა.

9. მაუწყებელი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას პასუხის უფლებაზე, თუ:

ა) ფაქტის შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი;

ბ) საწყისი განცხადება პირთა განუსაზღვრელ წრეს ეხება ან მომჩივანი განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის;

გ) ფაქტის შესწორებას ან უარყოფას საწყის განცხადებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, ან ფაქტის შესწორების ან უარყოფის ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის აუცილებელ ფარგლებს, ან ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა მასში მოყვანილი ფაქტის შესწორება ან უარყოფა;

დ) ფაქტის შესწორება ან უარყოფა გამოიწვევს მაუწყებლისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას, შეიცავს ცილისწამებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს ან უხამსობას;

ე) ფაქტის შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს;

ვ) მომჩივანი თავის კანონიერ ინტერესს ვერ ასაბუთებს.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება არსებობს მხოლოდ მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანის (გადაცემის) შემთხვევაში და არ ვრცელდება მოსაზრების/შეხედულების გადაცემაზე.

11. პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.

12. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად მაუწყებელს დაავალოს დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა.“.

3. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა

1. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.

2. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა.

3. დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.

4. ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ, პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველსავე დღეს.

5. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.

6. საავტორო პროგრამის გადაცემისას უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისთვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა.

7. მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს.

8. პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.

9. პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში.

10. პირდაპირ ეთერში შემოსული ზარები უნდა იქნეს შერჩეული სამართლიანობის პრინციპის დაცვით და დაუშვებელია მხოლოდ ერთი შეხედულების გამოხატვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 და  542 მუხლები:

„მუხლი 541. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

1. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

2. მაუწყებლის მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში ან/და იურიდიული პირის საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

3. საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეოაუდიოჩანაწერის მომზადებისას აუცილებელია შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო იმ პირისგან, რომელიც შემთხვევით მოხვდა ჩაწერილ მასალაში, ან თუ მისი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია.

4. სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება როგორც უფლებამოსილი პირისგან, ასევე ადგილზე მყოფი იმ პირებისგან, რომელთა გადაღება ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო, თუ ჩაწერილ მასალაში პირის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია.

5. ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის ან/და სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების შესახებ შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას.

6. საჯარო ადგილებში მაუწყებელს შეუძლია წინასწარი გაფრთხილების გარეშე აიღოს ინტერვიუ, გადაიღოს ან/და ჩაწეროს ადამიანები საინფორმაციო პროგრამებისთვის.

7. ეთერში გადაცემამდე მაუწყებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილას გადაღებული კადრი, სიტყვა ან ქმედება არ არის პირადი ცხოვრების ისეთი ელემენტების მატარებელი, რომ საჭიროებდეს პირის წინასწარ თანხმობას.

8. მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ან პირადი ტრაგედიის მქონე პირები, მათ შორის, არც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოპოვებული მასალა, თუკი ეს იწვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სათანადო პირის თანხმობა. მაუწყებელი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. მაუწყებლის მიერ დაუშვებელია დაზარალებულის, გვამის ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა, მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.

9. დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია  საზოგადოებრივი ინტერესით.

10. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მის მიერ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგრამაში გამოყენებამ არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა.

მუხლი 54 2. მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა

1. მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია შემდეგ შემთხვევებში:

ა) როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული, და, ამასთანავე, ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად;

ბ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხებზე სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, როდესაც სხვა გზით შეუძლებელია იმ დამოკიდებულებისა თუ შეხედულების გამოვლენა, რომელიც კვლევის საგანია;

გ) კომედიური და გასართობი პროგრამების მოსამზადებლად, სადაც ფარული ჩაწერა ერთ-ერთი ჩვეული მეთოდია, არ წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას და არ იწვევს მნიშვნელოვან გაღიზიანებას, დაძაბულობას ან უხერხულობას. გასართობ და კომედიურ პროგრამებში ფარული მეთოდებით მოპოვებული მასალა ჩაწერილი პირის/პირების თანხმობის გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული. თანხმობა არ არის საჭირო, თუ შეუძლებელია ასეთ მასალაში აღბეჭდილი პირის/პირების იდენტიფიცირება.

2. კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მაუწყებლის მიერ ფარული ჩაწერა უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესით, მათ შორის, საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება.

3. ფარული მეთოდებით მასალის გადაღებად ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეოკამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია.

4. ფარული მეთოდებით გადაღებული ან ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია. ფარული ჩანაწერის რედაქტირების შედეგად მომხდარი ფაქტი ზუსტად და სამართლიანად უნდა აისახოს პროგრამაში.

5. მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის.

6. დაუშვებელია ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას (ეს წესი არ მოქმედებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას).“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 553 მუხლი:

მუხლი 553. შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება

1. მაუწყებელმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევა ან/და საგანგებო ვითარება, პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის.

2. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გატაცებული, მძევლად აყვანილი, ალყაში მყოფი პირის სიცოცხლეს ან ამ პირის გათავისუფლებაზე მიმართულ ღონისძიებებს.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 564 მუხლი:

„მუხლი 564. პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები

1. მაუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს 18 წლამდე ასაკის პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

2. 18 წლამდე ასაკის პირის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობა. თანხმობის მიუხედავად, 18 წლამდე ასაკის პირებს არ მოეთხოვებათ ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოხატვა, რომელზეც სათანადო პასუხის გაცემა მათ ფიზიკურ ან გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.

3. 18 წლამდე ასაკის პირის პროგრამაში მონაწილეობისთვის თანხმობა აუცილებელი არ არის, თუ პირის პროგრამაში მონაწილეობა უმნიშვნელოა ან თანხმობის გარეშე მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.“.

7. 591 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 59-ე მუხლის მოთხოვნების, აგრეთვე იმ ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება, რომლებიც მხოლოდ ქცევის კოდექსით არის დადგენილი, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 55და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის  ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 764 მუხლი: 

„მუხლი 764. მაუწყებლის მიერ ამ კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისთვის მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სანქციების აღსრულების დროებითი წესი

მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 553, 56-ე და 564  მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

1 აპრილი 2025 წ.

N394-IIმს-XIმპ