„პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.024988
97
31/03/2025
ვებგვერდი, 01/04/2025
010320000.10.003.024988
„პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №97

2025 წლის 31 მარტი

 ქ. თბილისი

 

„პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/04/2017, 010320000.10.003.019929) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში:  

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. რეგულირების სფერო

ეს წესი ადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული მოხელის შეფასების ზოგად პრინციპებს, შეფასების პროცედურას, შეფასების სუბიექტთა უფლება-მოვალეობებს, შეფასების შედეგების გასაჩივრებისა და ანგარიშგების წესებს.“.

2. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოხელე შეფასებას ექვემდებარება 6 თვეში ერთხელ (შესაფასებელი პერიოდი).

2. მოხელე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს შესაფასებელი პერიოდის დაწყებიდან შეფასების მიღების თარიღამდე შუალედში არანაკლებ 3 თვის განმავლობაში ასრულებს.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეფასების პროცესში მონაწილეობენ მოხელე, მისი უშუალო ხელმძღვანელი, ზემდგომი თანამდებობის პირი, საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/ პირი და ამ წესის 81 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელი.“.

4. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

მუხლი 81. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება

1. მოხელის შეფასების განხორციელების შემდეგ, მოხელის/ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში მიმართვის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.

2. მოხელის შეფასების განხორციელების შემდეგ, მოხელის მიმართვის შემთხვევაში, შეფასების შედეგის განხილვის ან გასაჩივრების შემთხვევაში, შესაძლებელია, ჩაერთოს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი.

3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, მოხელის შეფასების შედეგების გადახედვის შემთხვევაში, უფლება აქვს:

ა) გაეცნოს შეფასების პროცესში შექმნილ მასალებს;

ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა;

გ) დამატებითი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გაესაუბროს მოხელეს;

დ) კანონიერად, ობიექტურად, მოხელის უფლებების შეულახავად, განახორციელოს შეფასების შედეგების შეცვლა ან დატოვოს უცვლელი;

ე) განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ბ) დადგენილი წესით, მიაწოდოს ინფორმაცია შესაფასებელ მოხელეს, მოთხოვნისა და საჭიროების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს შეფასების მიმდინარეობისა  და შეფასების შედეგების შესახებ;

გ) აცნობოს შეფასების შედეგები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (შემდგომში − ადმინისტრაცია);“.

6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობანი

1. ადმინისტრაცია:

ა) ხელს უწყობს საჯარო სამსახურში შეფასების პოლიტიკის განსაზღვრას და უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარების გაწევას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, შეფასების დახვეწის მიზნით, გასცემს რეკომენდაციებს;

გ) უფლებამოსილია, აუცილებლობის შემთხვევაში, შეისწავლოს საჯარო დაწესებულებაში მიმდინარე შეფასების დანერგვისა და განხორციელების პროცესი;

დ) უფლებამოსილია, სრულად ან შერჩევითად გამოითხოვოს შეფასების პროცესთან დაკავშირებული ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია;

ე) უფლებამოსილია, ჩაატაროს კვლევა საჯარო დაწესებულებებში შეფასების პროცესის ანალიზისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

ვ) უფლებამოსილია, საჯარო დაწესებულებიდან ანგარიშის მიღების შემდეგ, გააანალიზოს და განაზოგადოს საჯარო დაწესებულებებში ჩატარებული შეფასების პროცესი და შედეგები, საჭიროებისამებრ, შეიმუშაოს რეკომენდაციები აღნიშნული პროცესის გაუმჯობესების მიზნით;

ზ) უფლებამოსილია, განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

2. საჯარო დაწესებულების მიერ შერჩეული შეფასების მეთოდი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები ინფორმაციის სახით ეცნობება ადმინისტრაციას.“.

7. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მიმდინარე  შეფასება (ამ წესის 81 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-16 მუხლით გათვალისწინებული ვადის ჩათვლით) უნდა დასრულდეს ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც.“.

8. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, თავად შეარჩიოს შეფასების მეთოდი ყოველი წლის დასაწყისში და აცნობოს ადმინისტრაციას ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“.

9. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეფასების შედეგების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით, დგება/შეიძლება დადგეს შემდეგი სამართლებრივი შედეგები:

ა) მოხელისათვის კლასის მინიჭება;

ბ) მოხელის წახალისება;

გ) მოხელის პროფესიული განვითარების, მისი სწავლების საჭიროების განსაზღვრა;

დ) მოხელისათვის თანამდებობრივი სარგოს 20%-ის დაკავება;

ე) მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.“.

10. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მოხელის ამ წესის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით შეფასების შემთხვევაში, მას დაუკავდება ყოველი თვის თანამდებობრივი სარგოს 20%, მისი მომდევნო შეფასების შედეგის დადგომამდე.“.

11. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. შეფასების შედეგის გასაჩივრება და განმეორებითი გასაუბრება

1. მოხელე, ზემდგომი თანამდებობის პირი, მოხელის მოთხოვნის შემთხვევაში − ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი უფლებამოსილია, საბოლოო შეფასების შედეგების გაცნობის დღიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ იგი არ ეთანხმება საბოლოო შეფასების შედეგს, წერილობით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს და მოითხოვოს დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება.

2. განმეორებით დოკუმენტური მასალის შეფასება, გასაუბრება (საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისა და, არსებობის შემთხვევაში, მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირ(ებ)ის ჩართულობით) და გადაწყვეტილების მიღება შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ უნდა მოხდეს ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც.

3. გადაწყვეტილებას შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, ამ წესის 81 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.“.

12. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. კონფიდენციალურობა

შეფასების შედეგები კონფიდენციალურია. შეფასების შედეგებზე წვდომა გააჩნიათ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, კურატორ მოადგილეს, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, ზემდგომ თანამდებობის პირს, უშუალო ხელმძღვანელს, შესაფასებელ/შეფასებულ მოხელესა და ადმინისტრაციას.“.

13. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, წინა წლის შეფასებების ანგარიშები წარუდგინოს ადმინისტრაციას არაუგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა.“.

მუხლი 2
 1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6,  მე-8, მე-12 და მე-13 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და მე-6, მე-8, მე-12 და მე-13 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე