ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის დამტკიცების შესახებ

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.024987
96
31/03/2025
ვებგვერდი, 01/04/2025
300010000.10.003.024987
ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №96

2025 წლის 31 მარტი

 ქ. თბილისი

 

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამტკიცდეს თანდართული „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა“.
მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილება მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი და აღწერა

1. „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესიდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.

2. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს:

ა) აქსელერაციის კომპონენტი − ხორციელდება ამ პროგრამის ფარგლებში შერჩეული არაუმეტეს 4 აქსელერატორის მიერ და მოიცავს სამ ფაზას:  

I ფაზა − აქსელერატორების მიერ ისეთი სტარტაპ კომპანიების შერჩევა,  ინტენსიური სწავლება და მენტორშიპი, რომელთა დამფუძნებლებს აქვთ გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალის მქონე ბიზნესიდეა და მისი განხორციელების შესაბამისი კომპეტენცია. ამ ფაზაში ყოველწლიურად თითოეული აქსელერატორი შეარჩევს 40 სტარტაპ კომპანიას;

II ფაზა − აქსელერატორში ჩართული სტარტაპ კომპანიების ინტენსიური სწავლება და მენტორშიპი და „მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის“ შემუშავებაში/დახვეწაში ხელშეწყობა, რაც სტარტაპ კომპანიის პროდუქტს მოარგებს ბაზრის საჭიროებებს და გახდის კონკურენტუნარიანს. ამ ფაზაში ყოველწლიურად თითოეული აქსელერატორი შეარჩევს არაუმეტეს 20 სტარტაპ კომპანიას;

III  ფაზა − აქსელერატორში ჩართული სტარტაპ კომპანიების სწავლება და მენტორშიპი, მათზე მორგებული ინდივიდუალური  ხელშემწყობი მექანიზმების  მეშვეობით, რაც მოიცავს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებას, გლობალურ ან/და რეგიონულ ბაზარზე გასვლას, პროდუქტის  მომხმარებლების ზრდასა და შემოსავლების გენერირებას. ამ ფაზაში ყოველწლიურად თითოეული აქსელერატორი შეარჩევს არაუმეტეს 10 სტარტაპ კომპანიას;

ბ) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი − სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ აქსელერაციის მეორე და მესამე ფაზაში მყოფი სტარტაპ კომპანიების საგრანტო დაფინანსება.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ პროგრამის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აქსელერაცია − ინოვაციების ხელშემწყობი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტისთვის სამუშაო სივრცის, მისი ბიზნესიდეისა და მოდელის განვითარებისა და დახვეწის უზრუნველყოფას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კონკურსის პირობებით განსაზღვრული ინვესტირების განხორციელებას;

ბ) აქსელერატორი − ამ დადგენილების შესაბამისად შერჩეული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ამ პროგრამით გათვალისწინებულ აქსელერაციის კომპონენტს;

გ) მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი − ძირითადი მახასიათებლების მქონე პროდუქტი, რომელიც საშუალებას აძლევს სტარტაპ კომპანიას, გამოსცადოს პროდუქტი მომხმარებლებზე, გამოიყენოს  უკუკავშირი და გააუმჯობესოს საბოლოო პროდუქტი;

დ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო;

ე) სტარტაპ კომპანია − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინოვაციური და ტექნოლოგიური სამეწარმეო საზოგადოება, რომელსაც გააჩნია გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალის მქონე ბიზნესიდეა;

ვ) ხელშეკრულება − საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც იდება აქსელერატორსა და სააგენტოს შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული აქსელერაციის კომპონენტის ფარგლებში, ასევე სტარტაპ კომპანიასა და სააგენტოს შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში.

მუხლი 3. პროგრამის განხორციელება

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  ბრძანების საფუძველზე, სამინისტრო უზრუნველყოფს:

ა) შესარჩევი კომისიის შემადგენლობის დამტკიცებას;

ბ) პროგრამის სახელმძღვანელოს დამტკიცებას.

2. პროგრამას ახორციელებს სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამოცხადებას;

ბ) ამ პროგრამის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომისიის წარდგინების საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას არაუმეტეს 4 აქსელერატორთან;

გ) შერჩეული აქსელერატორებისთვის საგრანტო დაფინანსების გამოყოფას გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;

დ) აქსელერაციის მეორე და მესამე ფაზაში მყოფი ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპ კომპანიებისთვის საგრანტო დაფინანსების გამოყოფას, გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, პროგრამის მოქმედების განმავლობაში ჯამურად − არაუმეტეს 40 მილიონი ლარის ოდენობით;

ე) პროგრამის მონიტორინგს, ამ პროგრამის მე-8 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო და ხანგრძლივობა

პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სააგენტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.

მუხლი 5. პროგრამაში აქსელერატორების მონაწილეობის პირობები

1. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია აქსელერატორს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის იურიდიული პირი ან იურიდიულ პირთა გაერთიანება;

ბ) გააჩნია აქსელერაციის პროგრამის მართვის არანაკლებ 8-წლიანი გამოცდილება;

გ) აქსელერატორის მმართველ დირექტორს გააჩნია 15-წლიანი გამოცდილება კომბინირებული სამეწარმეო და აღმასრულებელი დონის ბიზნესისა და ანგელოზი ინვესტორის/ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით;

დ) აქსელერაციის პროცესში ჩართული ჰყავს, სულ მცირე, 10 მენტორი, არანაკლებ  10-წლიანი მენტორობის გამოცდილებით.

2. პროგრამაში აქსელერატორის მონაწილეობის დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება პროგრამის სახელმძღვანელოთი.

მუხლი 6. აქსელერატორების შერჩევის პროცედურა

1. პროგრამის მონაწილეთაგან გამარჯვებული აქსელერატორების შერჩევა ხდება კონკურსის წესით, შესარჩევი კომისიის მიერ.

2. შესარჩევი კომისია იქმნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან.

3. კომისია გამარჯვებულთა გამოვლენას ახდენს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ა) ორგანიზაციის მიღწევები და გამოცდილება (როგორიცაა: სტარტაპების პორტფელი, გაყიდული სტარტაპების რაოდენობა, მართვის ქვეშ მყოფი აქტივები და სხვა);

ბ) აქსელერაციის პროგრამის სტრუქტურა და დიზაინი (როგორიცაა: პროგრამის კურიკულუმი, გეგმა-გრაფიკი და სხვა);

გ) პროგრამის განმახორციელებელი გუნდი (საოპერაციო გუნდის შემადგენლობა, გამოცდილება და სხვა);

დ) მენტორების გამოცდილება;

ე) წინადადების უნიკალურობა და სტარტაპ კომპანიებისთვის დამატებითი სარგებელი (პროგრამის მიმდინარე და შემდგომი ბენეფიტები);

ვ) პროგრამის ბიუჯეტი.

4. პროგრამის ფარგლებში აქსელერატორების მიერ წარსადგენი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების მიღების, განაცხადების შეფასების, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში საგრანტო დაფინანსებების გაცემის დეტალური პროცედურები, ასევე პროგრამის მოქმედების განმავლობაში აქსელერატორებთან ყოველწლიურად ხელშეკრულებების გაგრძელების პირობები და პროცედურა განისაზღვრება პროგრამის სახელმძღვანელოთი.

მუხლი 7. სტარტაპ კომპანიების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი

სააგენტო უფლებამოსილია, აქსელერატორის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, სტარტაპ კომპანიებზე გასცეს გრანტი შემდეგი პირობების დაცვით:

ა) აქსელერაციის მეორე ფაზაში მყოფი სტარტაპ კომპანიის შემთხვევაში − 50 000 ლარის ოდენობით;

ბ) აქსელერაციის მესამე ფაზაში მყოფი სტარტაპ კომპანიის შემთხვევაში − 150 000 ლარის ოდენობით.

მუხლი 8. პროგრამის მონიტორინგი   

პროგრამის ფარგლებში მონიტორინგის პირობები განისაზღვრება პროგრამის სახელმძღვანელოთი, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) სააგენტო კვარტალურად ახორციელებს სააგენტოსა და აქსელერატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად წარდგენილი ანგარიშების მონიტორინგს;

ბ) სტარტაპ კომპანიების საგრანტო დაფინანსების მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით,  დაფინანსებული სტარტაპ კომპანიების 30%-ის მოცულობით, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ყველა დაფინანსებული კომპანიის ფინანსური მონიტორინგი.  

მუხლი 9. გარდამავალი დებულებები

ამ პროგრამის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) პროგრამის სახელმძღვანელოს დამტკიცება;

ბ) პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამოცხადება და შესარჩევი კომისიის შექმნა.