„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დადგენის შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 7 მარტის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დადგენის შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 7 მარტის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 24/03/2025
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010100000.78.091.016041
40
24/03/2025
ვებგვერდი, 25/03/2025
010100000.78.091.016041
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დადგენის შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 7 მარტის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი
 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №40

2025 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დადგენის შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 7 მარტის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დადგენის შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 7 მარტის №32 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.78.091.016036) შევიდეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი მუხლით დადგენილი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის“:

ა) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პროფესიული საჯარო მოხელეები – სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე უვადოდ დანიშნული პირები (გარდა სამსახურის უფროსის, პირველი მოადგილის, მოადგილის და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა);”;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, მათ შორის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები – სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირები (გარდა სამსახურის უფროსის, პირველი მოადგილის და მოადგილისა).“;

გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ფუნქცია-მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.“;

დ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს (გარდა ადმინისტრაციული და ეკონომიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა, აგრეთვე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სპეციალური წოდება ენიჭება ინდივიდუალურად, მისი თანამდებობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და პროფესიული დამსახურების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით ან/და სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. “;

ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. მოხელის კლასი

სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელს – პროფესიულ საჯარო მოხელეს ენიჭება მოხელის კლასი, რომლის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“;

ვ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადით და წყდება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.“;

ზ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. სამსახურის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა

1. პირი სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილის, აგრეთვე, სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობისა) ინიშნება ღია, დახურული ან შიდა კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ წესის 32-ე და 33-ე მუხლებით დადგენილი გამონაკლისებისა და ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობის განხორციელებისა.  

2. სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე პირი ინიშნება ღია ან შიდა საჯარო კონკურსის წესით.“;

თ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური, ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღია და დახურულ კონკურსს აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო სამსახურის შიდა კონკურსს – სამსახურის მოქმედი თანამშრომლების სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.“;

ი) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას განათავსებს სამსახურის ვებგვერდზე, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში.“;

კ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო სამსახურის შიდა კონკურსის შემთხვევაში – სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე (hr@pdps.ge) გაგზავნის გზით.“;

ლ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელს – პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომელსაც არ გააჩნია მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“;

მ) მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის იმ დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან/და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელშიც გამოცხადებულია კონკურსი. თუ იმ დეპარტამენტში, რომელშიც გამოცხადებულია კონკურსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან/და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიცია ვაკანტურია, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედის სამსახურის სხვა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან/და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელსაც გააჩნია ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებები ან/და შინაარსობრივად დაკავშირებულია ვაკანტური თანამდებობის მქონე დეპარტამენტთან;“;

ნ) მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჭიროების შემთხვევაში – შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის სამსახურთან;“;

ო) მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკონკურსო კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს არაუმეტეს კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.“;

პ) 21-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ჟ) 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური ვალდებულია კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.“;

რ) 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაშვებია სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლისათვის (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილისა, აგრეთვე, სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა) იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭება (ჰორიზონტალური გადაყვანა).“;

ს) 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული თანამშრომლის (გარდა სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილის და მოადგილისა, აგრეთვე, სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა) გადაყვანა იმავე იერარქიულ რანგსა და თანამდებობის შესაბამის, ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მქონე თანამდებობაზე დასაშვებია:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გადასაყვანი თანამშრომლის თანხმობით.“;

ტ)  39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. შვებულების შეწყვეტა შესაძლებელია სამსახურის თანამშრომლის ინიციატივით, სამსახურის უფროსის/მისი პირველი მოადგილის/მოადგილის  სახელზე წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე.“;

უ) 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. სამსახურის თანამშრომლის შვებულებაში გასვლისა და შვებულების შეწყვეტის შესახებ გამოიცემა სამსახურის უფროსის ბრძანება.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის „თ“, „კ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „თ“, „კ“ და „ჟ“  ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსილელა ჯანაშვილი