დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 386-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 19/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016119 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) ბრძანებით ადგენს სახელმწიფო პენსიაზე უფლების მქონე პარლამენტის აპარატის თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მისთვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესს;“. 2. 67-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩამოერთმევა. გამონაკლის შემთხვევაში დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს კომისიის არანაკლებ 3 წევრს, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს უმრავლესობის წარმომადგენელი. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ პირს აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნა-განმარტების ტექსტში და დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია კომისიის ერთ-ერთ წევრს დაავალოს იმ პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომელმაც თავად ისურვა, დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებინა. კომისიის ეს წევრი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ ამ პირს აფრთხილებს შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით. პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაბამისი წევრი. გაფრთხილება, ხელმოწერილი ოქმი და ახსნა-განმარტების აუდიოჩანაწერი დროებით საგამოძიებო კომისიას გადაეცემა. ახსნა-განმარტების მასალების გაცნობის შემდეგ დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია აღნიშნული პირი მიიწვიოს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით შემდგომი ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად.“. 3. 68-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა შეიძლება გაიმართოს პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომის დღესაც. ამასთანავე, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას გამართვა დაუშვებელია.“. 4. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი. ამასთანავე, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი, რისთვისაც მას მიაწვდის სათანადო საქმის მასალებს. 2. დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს შემდეგ აქტებს: დასკვნას, რეკომენდაციას, გადაწყვეტილებას. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია მიიღება მხოლოდ საკითხის განხილვის შემაჯამებელ ეტაპზე, ხოლო გადაწყვეტილება – ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი, აგრეთვე ამ რეგლამენტის 67-ე მუხლით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 19 მარტი 2025 წ. N386-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები