დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა" და "საბაჟო დეკლარაციების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებებისა შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 377 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62, 02/05/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.010.22.033.008.546 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.008.546
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №377
2006 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №75, მუხ. 671) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. TIR-კარნეტის წიგნაკით გადაადგილებული ტრანზიტული საქონლის შესაბამის საბაჟო ორგანოში დეკლარირების დროს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციად ითვლება TIR-კარნეტის წიგნაკი, ხოლო TIR-კარნეტის წიგნაკის არქონის შემთხვევაში – სატრანსპორტო ზედდებული, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის დროს (გარდა საზღვაო ტრანსპორტით ტრანზიტით გასატანი (კონტეინერებში და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულის გარდა) საქონლისა), აგრეთვე სხვა დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის და/ან შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს. საბაჟო საწყობიდან საქონლის ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში, ტრანზიტის სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად გამოიწერება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა” (გარდა საზღვაო ტრანსპორტით ტრანზიტით გასატანი (კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულის გარდა) საქონლისა). მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებულ, ასევე საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატან საქონელზე (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულისა) წარმოდგენილ უნდა იქნეს ტრანზიტის სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია.
32. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით შემოტანისას 30 დღემდე ვადით და საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტისთვის შემოტანისას 10 დღემდე ვადით საბაჟო ორგანოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება და გამოიწერება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა”.
ბ) ბრძანებას დაემატოს ინსტრუქცია ,,საბაჟო მონაცემთა ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ASYCUDA) ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ” თანდართული რედაქციით დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი 1
ინსტრუქცია
საბაჟო მონაცემთა ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ASYCUDA) ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) ადგენს საქონელზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად საბაჟო გაფორმებისას სატვირთო საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაციის) შევსების, საბაჟო ორგანოში წარდგენისა და რეგისტრაციის წესს.
მუხლი 2
ინსტრუქციის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საერთაშორისო კონვენციები, სატრანსპორტო წესდებები და კოდექსები, საქართველო საბაჟო და საგადასახადო კოდექსები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 3
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:
ა) დეკლარანტი – საქონლის მფლობელი ან საბაჟო ბროკერი;
ბ)სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების თანახმად, ერთი სატრანსპორტო საშუალებით (სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი შემადგენლობით);
ერთი ხელშეკრულების თანახმად მილსადენი ტრანსპორტით ერთი კალენდარული თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთი და იმავე საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი;
ერთი ხელშეკრულების თანახმად ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი კვარტალის განმავლობაში გადაადგილებული ერთი და იმავე საბაჟო რეჟიმში მოქცეული ელექტროენერგია;
გ) სატრანსპორტო დოკუმენტები – სატარანსპორტო ზედდებული, კონოსამენტი ან საქონლის თანხმლები სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საქონლის საერთაშორისო და\ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ მათი გადაზიდვა;
ბრუტო წონა – საქონლის მთლიანი წონა შესაფუთი მასალის (ტარის), მათ შორის შესაფუთი კონტეინერების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის დაცვას შენახვისა და ტრანსპორტირების დროს;
ე) ნეტო წონა – საქონლის წონა შესაფუთი მასალის (ტარის) გარეშე, გარდა იმ შესაფუთი მასალისა, რომელიც განუშორებელია საქონლისაგან მის მოხმარებამდე და რომელშიც იგი მიეწოდება საცალო ვაჭრობისათვის;
ვ) საქონლის კონტროლიდან მოხსნა – საბაჟო კონტროლის დამთავრება.
მუხლი 4
1. საქონლის დეკლარირება, როგორც წესი, ხდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას იმ საბაჟო ორგანოში, სადაც ხდება საქონლის საბაჟო გაფორმება.
2. საბაჟო რეჟიმის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას საქონლის დეკლარირება ხდება იმ საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხდება საბაჟო რეჟიმის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება.
მუხლი 5
ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული საქონლის საბაჟო კონტროლიდან მოხსნა, როგორც წესი, ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, საიდანაც ხდება საქონლის საბაჟო საზღვრის გარეთ გატანა (გასასვლელი საბაჟო ორგანო), ხოლო საბაჟო რეჟიმის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას – იმ საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხდება საბაჟო რეჟიმის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება.
მუხლი 6
დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში. ეს ვადები არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს საქონლის და მისი გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის დღიდან.
მუხლი 7
1. დეკლარაციის წარდგენით დეკლარირდება საქონელი, რომელიც გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს (ან განსაზღვრულია საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებლად), აგრეთვე საქონელი, რომლის საბაჟო რეჟიმიც იცვლება, ან საქონელი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო გადამისამართდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ან გადაიტვირთება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში.
2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ საქონლის ერთი პარტია.
3. დეკლარაციის ძირითადი ფურცლით შეიძლება გაცხადდეს ცნობები მხოლოდ ერთი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე, რომელიც საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში (შემდგომში – სეს სნ) კლასიფიცირდება ერთი ორნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში (აქციზური საქონლის შემთხვევაში – ერთი რვანიშნა კოდით).
4. დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე და რომელთაგან თითოეული მათგანი სეს სნ-ში კლასიფიცირდება ერთი ორნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში (აქციზური საქონლის შემთხვევაში – ერთი რვანიშნა კოდით).
5. საქონლის ერთ დეკლარაციაში დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არა უმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არაუმეტეს 99 დასახელების საქონელი; იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 99-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ დეკლარაცია ივსება ყოველ მომდევნო 99 საქონელზე.
6. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაიბეჭდოს მე-9 თავში აღნიშნული ცისფერი ეგზემპლარი დამატებით სხვა ენაზეც.
7. დასაშვებია დეკლარაციის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების აღნიშვნებისა და დამღებისათვის;
8. სსდ-ების კომპლექტი შედგება 5 სხვადასხვა ფერის (ულტრაისფერი დაცვის მქონე გერბიანი ორი თეთრი, ულტრაისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ყვითელი, ულტრაისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ცისფერი და ერთი თეთრი (დეკლარანტის მიერ წარდგენილი) ფურცლისაგან (ფურცლებისაგან) და ნაწილდება შემდეგნაირად.
ა) პირველი თეთრი გერბიანი ფურცელი და თეთრი (დეკლარანტის მიერ წარდგენილი) ფურცელი რჩება გაფორმების საბაჟო ორგანოში.
ბ) მეორე თეთრი გერბიანი ფურცელი ეგზავნება საბაჟო დეპარტამენტს;
გ) ყვითელი და ცისფერი ფურცლები მიყვება საქონელს და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის დამთავრების შემდეგ ყვითელი ფურცელი დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიერ ეგზავნება საბაჟო დეპარტამენტს, ხოლო ცისფერი ფურცელი უბრუნდება დეკლარანტს.
9. დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გრაფების შევსების წესი იგივეა, რაც ძირითადი ფურცლის შესაბამისი გრაფებისა.
მუხლი 8
1. დეკლარაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (მიმღები), ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით იღებს დეკლარანტისაგან დეკლარაციას და მისი რეგისტრაციისათვის ამოწმებს წარდგენილი დეკლარაციის ამ ინსტრუქციით დადგენილ ფორმასთან შესაბამისობას.
2. დეკლარაციასთან ერთად თანმხლები საბუთებისა და ცნობების წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დეკლარაციის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. ამ ისტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესის აშკარა დარღვევისას საბაჟო ორგანო არ ახდენს დეკლარაციის რეგისტაციას, რაზეც კონკრეტული მიზეზების მითითებით წერილობით ატყობინებს დეკლარანტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში.
მუხლი 9
1. საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის (აგრეთვე საბაჟო სატვირთო დეკლარაციის თანდართული საბუთებისა და ცნობების) მიღება რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.
2. დეკლარაცია რეგისტრაციის მომენტიდან იქცევა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელ საბუთად.
მუხლი 10
1. დეკლარანტი ვალდებულია დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთები და ცნობები.
2. საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტების წარუდგენლობა გახდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების საფუძველი.
მუხლი 11
საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის შემოწმების დაწყების შემდეგ, ინსტრუქციით დადგენილი წესით, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დამატებითი საბუთები და/ან ცნობები იმ მონაცემების შემოწმებისათვის, რომელსაც დეკლარაცია შეიცავს.
თავი II
დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 12.
დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს შემდეგ გრაფებს: A, 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 14, 15, 15–ა, 17, 17–ა, 18, 19, 21, 25, 27, 31, 32, 33, 35, 38, 40, 44, 50, 52, 53, 55.
2. გრაფა A
გრაფაში აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება, კლასიფიკატორის დანართი 2–ის შესაბამისად, რომელიც აწარმოებს დეკლარაციის მიღებას.
3. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”
გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება რეჟიმის დასახელება – ტრანზიტი – ,,ტრ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,8”.
4. გრაფა 2. ,,ექსპორტიორი”
გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.
5. გრაფა 3. ,,ფორმები”
გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება ფურცლის რიგითი ნომერი, მეორეში – დეკლარაციის ფურცლების საერთო რაოდენობა ძირითადი და დამატებითი ფურცლების ჩათვლით.
(მაგალითად, თუ გვაქვს ერთი დეკლარაცია ორი დამატებითი ფურცლით, მაშინ ძირითადი ფურცლის მე-3 გრაფის პირველ განყოფილებაში უნდა აღინიშნოს – 1, მეორე განყოფილებაში – 3, პირველ დამატებით ფურცელში – 2 და 3, მეორეში – 3 და 3).
6. გრაფა 5. ,,საქონლის რაოდენობა”
გრაფაში მიეთითება წარდგენილ დეკლარაციაში დეკლარირებული უკანასკნელი საქონლის რიგითი ნომერი .
7. გრაფა 6. ,,ადგილების რაოდენობა”
გრაფაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში.
თუ დეკლარირდება საქონელი მილსადენებით ან ელექტროგადამცემი ხაზებით, გრაფაში ჩაიწერება ,,1”.
საქონლისათვის, რომელიც გადაიზიდება კონტეინერებით, ყუთებით, ქვეშით (,,პოდონი”) და ა. შ., მიეთითება რაოდენობა იმ უმცირესი შეფუთვისა, რომელიც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში, როგორც სატვირთო ადგილი.
8. გრაფა 7. ,,საცნობარო ნომერი”
გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული უნიკალური ნომერი.
9. გრაფა 8. ,,იმპორტიორი”
გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღების რეკვიზიტები.
თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება და მისამართი;
თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი.
10. გრაფა 14. ,,დეკლარანტი / წარმომადგენელი”
გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის სრული დასახელება და მისამართი.
გრაფის ზედა ნაწილში N ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტს წარმოადგენს საბაჟო ბროკერი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბროკერო საქმიანობის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.
იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტს წარმოადგენს საბაჟო გადამზიდველი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბაჟო გადამზიდველის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.
იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს ,,იხ. გრაფა 8”.
11. გრაფა 15. ,,გამომგზავნი ქვეყანა”
გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას, გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.
12. გრაფა 15– ა. ,,გამომგზავნი ქვეყნის კოდი”
გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
13. გრაფა 17. ,,დანიშნულების ქვეყანა”
გრაფაში მიეთითება დანიშნულების ქვეყნის მოკლე დასახელება, კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
14. გრაფა 17 ა. ,,დანიშნულების ქვეყნის კოდი”.
გრაფაში აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
15. გრაფა 18. ,,სატარნსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე”
გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები).
გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე”. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ხუთივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
(მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგ. – იხ. უკანა გვერდზე)
16. გრაფა 19. ,,კონტეინერი”
გრაფაში აღინიშნება:
თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დეკლარაცის 31-ე გრაფაში;
თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0.
17. გრაფა 21. ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე”
გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატარნსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, და სხვა ამგვარი მონაცემები).
გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
18. გრაფა 25. ,,ტრანსპორტის სახე”
გრაფაში ჩაიწერება 21-ე გრაფაში მითითებული სატარნსპორტო საშუალების კოდი კლასიფიკატორის დანართი 8-ის შესაბამისად.
19. გრაფა 31. ,,საქონლის აღწერა და რაოდენობა”
გრაფაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები, მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები; კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ – მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – ,,ნაწილი”; აღინიშნება მარკირებულ აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების სერია და რაოდენობა; აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა: დასახელება, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები .
20. გრაფა 32. ,,საქონელი N”
ამ გრაფაში მიეთითება 31-ე გრაფაში დეკლარირებული საქონლის რიგითი ნომერი.
მაგალითად: თუ დეკლარირდება რამდენიმე დასახელების საქონელი, მაშინ დეკლარაციის ძირითად ფურცელში ჩაიწერება – 1, პირველ დამატებით ფურცელზე – 2, 3, 4; მეორე დამატებით ფურცელზე – 5, 6, 7 და ა. შ.
ერთი დასახელების საქონლის დეკლარირებისას გრაფაში იწერება – 1.
21. გრაფა 33. ,,საქონლის კოდი”
გრაფაში აღინიშნება საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით ორ ნიშნამდე სიზუსტით სავალდებულოდ. აქციზური საქონლის დეკლარირებისას – ცხრა ნიშნამდე სიზუსტით.
22. გრაფა 35. ,,ბრუტო (კგ)”
გრაფაში მთელი რიცხვის სახით აღინიშნება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში.
23. გრაფა 38. ,,ნეტო (კგ)”
ამ გრაფაში მთელი რიცხვის სახით ჩაიწერება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ნეტო წონა კილოგრამებში.
იმ შემთხვევაში, თუ საქონლის წონა 1კგ–ზე ნაკლებია (მაგ. ძვირფასი ლითონები), 38-ე გრაფაში ჩაიწერება 1, ხოლო საქონლის ზუსტი წონა გრამებში აღინიშნება 31-ე გრაფაში.
24. გრაფა 40. ,,საერთო დეკლარაცია / წინმსწრები დოკუმენტი”
გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში, ან დროებითი შენახვის საწყობში, ან მოხდა საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში ან მისი გადამისამართება. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები დეკლარაციის ნომერი და გაფორმების წელი.
25. გრაფა 44. ,,დამატებითი ინფორმაცია”
გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის დანართი 11-ის შესაბამისად.
26. გრაფა 50. ,,გადამზიდველი N”
გრაფაში აღინიშნება საბაჟო გადამზიდველის რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,წარმომადგენელის” გასწვრივ აღინიშნება გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის (მძღოლის) სახელი და გვარი და პასპორტის ნომერი (მხოლოდ ავტოსატრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში).
27. გრაფა 52. ,,სსსდ”
გრაფაში, სპეციალური საბაჟო სატვირთო დეკლარაციის არსებობის შემთხვევაში აღინიშნება მისი ნომერი.
28. გრაფა 53. ,,დანიშნულების საბაჟო”
გრაფაში აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება კლასიფიკატორის დანართი 2-ის შესაბამისად, სადაც ხდება საქონლის კონტროლიდან მოხსნა ან იმ საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მოხდება საბაჟო რეჟიმის შეცვლა, საქონლის გადამისამართება ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა.
29. გრაფა 55. ,,ადგილი და თარიღი”
გრაფაში მიეთითება დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი. საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.
მუხლი 13
საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი
1. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ავსებს შემდეგ გრაფებს: 54, B, C, D, E.
2. გრაფა 54.
,,მებაჟეს” გასწვრივ აღინიშნება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის პირადი ნომერი;
,,ლუქის ნომრების” გასწვრივ აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის ნომრები. თუ ლუქი არ არის დადებული აღინიშნება ,,0”.
,,გამოცხადების თარიღი”-ს გასწვრივ აღინიშნება 53-ე გრაფაში აღნიშნულ საბაჟო ორგანოში გამოცხადების თარიღი.
3. გრაფა ,,B”.
გრაფაში აღინიშნება რეგისტრაციის D ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.
4. გრაფა ,,C გამგზავნი საბაჟო”.
გრაფაში უნდა დაისვას დეკლარაციის მიმღები საბაჟო ორგანოს დამღა – ,,აყვანილია კონტროლზე”. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს.
საბაჟო კონტროლის დამადასტურებელი დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია.
ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.
5. გრაფა ,,D”
გრაფა ივსება 53-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟო ორგანოში. გრაფაში აღინიშნება კონტროლიდან მოხსნის ნომერი, რომელიც მოწმდება პასუხისმგებელი მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პასუხისმგებელი მოხელის პირადნომრიანი ბეჭედი.
6. გრაფა ,,E”
გრაფაში უნდა დაისვას 53-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟო ორგანოს დამღა – ,,მოხსნილია კონტროლიდან”. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა.
თავი III
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 14
გაფორმებული დეკლარაცია თანმხლები საბუთები და ცნობები ინახება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები