დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიურო დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 326 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 19/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.010.000.22.033.008.528 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.22.033.008.528
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №326
2006 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის №426 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., №64, მუხ. 569) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს ტიპურ დებულებაში (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო (შემდგომში _ საბაჟო) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში _ საბაჟო დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე.“.
2. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საბაჟოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს საბაჟოს უფროსის მოადგილე.“.
3. დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საბაჟოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტები;
ბ) საბაჟო საგუშაგოები;
გ) საბაჟო გაფორმების განყოფილება;
დ) ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
ე) იურიდიული განყოფილება;
ვ) ადმინისტრაციული განყოფილება.“.
4. დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საბაჟო გაფორმების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების პროცედურების განხორციელება მათი შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დასრულების მიზნით;
ბ) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის გაკონტროლება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელებისა და შესაბამისი მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება, ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;
დ) საბაჟო შემოწმების განხორციელება, შემოწმების აქტების შედგენა, საბაჟო გადასახდელების ძირითადი თანხის, ჯარიმის, საურავის დარიცხვა დადგენილი წესით;
ე) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური კონტროლი შესაბამისი საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტის დადგენილი წესით ინფორმირება;
ზ) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა და მათზე სათანადო რიაგირება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
თ) საბაჟო საქმის ორგანიზაციასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.“.
5. დებულების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა ელექტრონული და არაელექტრონული ბაზების შექმნა, ოპერატიული განახლება და სისტემატიზაცია;
ბ) სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშების შედგენა;
გ) ზედმეტად და შეცდომით გადახდილი საბაჟო გადასახდელების თანხების, ვადაგადაცილებული დავალიანებების აღრიცხვა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
დ) საბაჟო გადასახდელების გადამხდელთა ბარათების წარმოება დადგენილი წესით;
ე) ქვეყნის ბიუჯეტის სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით ამონაგები თანხების აღრიცხვა, მათ შორის, ცალკეული გადასახდელების სახეობების მიხედვით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოებში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და ლოკალური ქსელის მომსახურება;
ზ) საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის დადგენილი წესით და ფომით ინფორმაციების მიწოდება.“.
6. დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. იურიდიული განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოს ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში;
გ) სამართლებრივი საკითხების განხილვისა და სასამართლო განხილვის შედეგებზე საბაჟო დეპარტამენტის ინფორმირება;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება;
ე) საბაჟო გადასახდელების გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
7. დებულების მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ადმინისტრაციული განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა და განაწილება, მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და შენახვის უზრუნველყოფა;
ბ) კაპიტალური მშენებლობებისა და რემონტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წარდგინებების მომზადება;
დ) საჯარო მოსამსახურეთა შვებულებების გრაფიკის მომზადება და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა;
ე) საბაჟოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი აღწერილობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) საბაჟოს პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობა;
ზ) ნაერთი ხარჯთაღრიცხვით დამტკიცებულ მოცულობათა ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საქმისწარმოება;
თ) ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების მიზნობრივი ხარჯვა, კვარტლისა და წლიური ბალანსის პროექტის შედგენა დეპარტამენტში წარსადგენად;
ი) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა-გაცემა;
კ) საანგარიშო პერიოდების მიხედვით ბალანსების შედგენა და შესაბამისი ანგარიშების საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა;
ლ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვიანობის წარმოება და მათ სალიკვიდაციოდ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;
მ) შემოსული და გასული კორესპოდენციების აღრიცხვა და დამუშავება, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა;
ნ) საქმისწარმოების, საჩივარ-განცხადებების განხილვისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია;
ო) თათბირების ოქმების გაფორმება და საოქმო გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზედამხედველობა;
პ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირების, შენახვის, დაცვის უზრუნველყოფა და საქმეთა მომზადება არქივზე გადასაცემად.“.
8. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები