დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52-15 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.35.101.017304 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 16/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.35.101.016052) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდება (დებულება) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წესდება (დებულება)
|
ზოგადი დებულებანი |
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას და შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე წესდებით (დებულებით). 4. სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით. 5. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებათან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. 6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი აქტივები, ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, დავით გურამიშვილის ჩიხი №5.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და საქმიანობის პრინციპები 1. სააგენტოს საქმიანობის მიზნებია: ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება. 2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით: ა) კანონიერება; ბ) გამჭვირვალობა; გ) პროფესიონალიზმი; დ) ეფექტურობა; ე) ადამიანის უსაფრთხოება; ვ) ჰუმანურობა; ზ) ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის საგანია: ა) მოსახლეობისა და ცხოველების დაცვა საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევთანაზია); ბ) ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების (სახეობების მიხედვით) პოპულაციების მართვა და კონტროლი, თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა; გ) ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გამტარობის შესაძლებლობების გათვალისწინებით, უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, ცხოველთა თავშესაფარში მათი განთავსებისა და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით; დ) ცხოველების იდენტიფიკაცია (ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსება) მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან „საჭდით“ (ბირკით) და ცხოველთა ტრანსპორტირება პოპულაციების მართვისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად; ე) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება-გამოყენება: ექიმ-ვეტერინარის ან/და კინოლოგის/ფელინოლოგის მიერ ცხოველის ვიზუალური დათვალიერება-დაკვირვება, ცხოველის ბიომასალის (სისხლის, შარდის, ბეწვის და სხვა) ლაბორატორიული კვლევა, მკურნალობა (საჭიროების შემთხვევებში – დეჰელმინთიზაცია; ვაქცინაცია (მათ შორის „ანტირაბიული“, ცალკეულ შემთხვევებში – „კომპლექსური“,) და სხვა), ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია, ყურის კუპირება და სხვა) ჩატარება, ცხოველების ევთანაზია; ვ) ევთანაზირებული ან დაცემული ცხოველის ლეშის გადატანა შესაბამის ბიოთერმულ ცხოველთა სამარხში (ბეკარის ორმოში), ცხოველების ლეშის დამარხვისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე ან კრემატორიუმში; ზ) ცხოველების გაჩუქება, მიკედლება ან/და დაინტერესებულ პირთათვის მათი დაბრუნება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მათი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი; თ) სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების გატარების შემდგომ, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ან მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ცხოველების (რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს) პირვანდელ საცხოვრებელ ტერიტორიაზე ან საჭიროების შემთხვევაში, დაბრუნება ბუნებრივ არეალში; ი) საჭიროების შემთხვევაში, დეზინფექციის, დეზინსექციის, დეზაკარიზაციის და დერატიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და/ან ორგანიზება-მონიტორინგი; კ) დისლოკაციის ადგილზე სწრაფი რეაგირების დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა ეპიზოოტიების, გარეულ ცხოველთა და ქვეწარმავლების შემოსევისა და სხვა მსგავს სიტუაციებზე (შემდგომში – საგანგებო სიტუაციები) რეაგირებისათვის; ლ) საგანგებო სიტუაციების აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება; მ) ცხოველთა უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში, სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფა; ნ) ცხოველთა მოვლა-პატრონობის და ბრუნვის (გაჩუქება, გასხვისება, იმპორტ-ექსპორტი) დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ო) ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ფუნქციონირებისათვის სათანადო პირობების (ვეტერინარული, სანიტარიული, უსაფრთხოების, ტექნიკური და სხვა) უზრუნველყოფა; პ) უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება ცხოველებთან მოპყრობის, მათთან ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე; ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება; რ) მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ზარებზე ეფექტური და დროული რეაგირება; ს) სააგენტოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ტ) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება. 2. კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო ასევე უზრუნველყოფს: ა) საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამის უწყებებთან და სამსახურებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილებას; ბ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობას; გ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირებას და შესაბამისი წესით წარდგენას სათანადო ორგანოებში; დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავებას და სრულყოფას; ე) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში, წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებას; ზ) ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაში მონაწილეობას; თ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობას; ი) ხმელეთზე, მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე სამაშველო ღონისძიებების განხორციელებას ცხოველების სიცოცხლის დაცვის მიზნით; კ) შესაბამის უფლებამოსილ სამსახურებთან/ორგანოებთან კოორდინირებულ მუშაობას. 3. სააგენტოს, თავისი ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლება აქვს: ა) წარადგინოს წინადადებები და რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში და დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების უზრუნველსაყოფად, გამოიყენოს ცხოველთა და ქვეწარმავალთა ჰუმანური დაჭერის, ფიქსაციის, ტრანსპორტირებისა და დროებითი განთავსების მიზნით აუცილებელი ტექნიკური საშუალებები, სათანადო ხელსაწყოები, სპეციალური აღჭურვილობა და ეკიპირება (ცხოველის დამჭერი დასაფიქსირებელი), ლასო, სპეციალური ხელთათმანები, დამჭერის სპეციალური აღჭურვილობა, კატის დამჭერი სპეციალური მაშა, ბადე, სპეციალური შპრიცსასროლი მოწყობილობა, სხვადასხვა მედიკამენტი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სხვა საშუალებები; გ) გამოძახებებსა და საგანგებო შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისა და შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადების მიზნით, გამოიყენოს სათანადოდ შეფერილი და ციმციმა-ხმოვანი მოწყობილობებით აღჭურვილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები; დ) გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები (რეკომენდაციები, მითითებები) სანიტარიული წესების და ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი ორგანოსა და პირისაგან მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები; ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენისას შეიმუშაოს სააგენტოსა და დაქვემდებარებული დანაყოფების ხარჯთა ნუსხა და წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, განახორციელოს მათზე ზედამხედველობა, განსაზღვროს საჭირო ძალები და საშუალებები; თ) კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ცალკეულ დაინტერესებულ პირებთან; ი) საზღვარგარეთ მიავლინოს სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად; კ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4. სააგენტოს დირექტორი 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. 2. სააგენტოს დირექტორი: ა) წარმოადგენს სააგენტოს; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას; გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას; დ) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; თ) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით; ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; კ) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ლ) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; მ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას; ნ) თვალყურს ადევნებს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას; ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს; პ) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად; ჟ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად; რ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად და ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები; ს) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს მას ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; ტ) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; უ) სააგენტოს სახელით ცალკეული მოქმედების განხორციელების მიზნით სააგენტოს თანამშრომლებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასცემს მინდობილობას (რწმუნებულება); ფ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს; ქ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შეიძლება დაევალოს მის ერთ-ერთი მოადგილეს.
1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე. 2. სააგენტოს დირექტორის მოადგილე: ა) ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის წინაშე; ბ) ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ და სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ საკურატორო სფეროს; გ) ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს და სააგენტოს დირექტორის მითითებებს; დ) სააგენტოს დირექტორის მიერ, შესაბამისი ბრაძანების საფუძველზე, მისთვის განსაზღვრულ დაქვემდებარებულ საკითხებზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას. 3. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადილე.
მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების – დეპარტამენტების მეშვეობით. 2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტი; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი. 3. ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტი, თავის მხრივ, შედგება განყოფილებებისაგან: ა) ცხოველთა თავშესაფრის განყოფილება; ბ) ოპერატიული რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება; გ) ცხოველთა პოპულაციის მართვის განყოფილება 4. ადმინისტრაციული დეპარტამენტი, თავის მხრივ, შედგება განყოფილებებისგან: ა) საფინანსო-მატერიალური განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება; გ) საორგანიზაციო განყოფილება.
1. ცხოველთა თავშესაფრის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებისათვის პირველადი დახმარების აღმოჩენას; ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში თავშესაფარში მყოფ ცხოველებზე დაკვირვებას; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის შედეგად თავშესაფარში მოხვედრილი პირუტყვის ტრანსპორტირებასა და მოვლას; დ) სავარაუდოდ დაკარგული ცხოველების თავშესაფარში დროებით განთავსებას (პატრონის მოძიების მიზნით); ე) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე ცხოველთა აღრიცხვას/რეგისტრაციას ცხოველთა კლასიფიკაციის შესაბამისად; ვ) შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში (დაუძლურება, დაავადება, აგრესია, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა და სხვა) ცხოველების ევთანაზიას; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას. 2. ოპერატიული რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ცხოველების ჰუმანური გზით დაჭერას, იზოლაციას და ტრანსპორტირებას მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფრებში; ბ) სააგენტოში შემოსულ წერილობით შეტყობინებებზე რეაგირებას, ინფორმაციის მიღება-დამუშავებას; გ) 24-საათიან რეჟიმში მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა სატელეფონო ზარების მიღებას და მათზე სათანადო რეაგირებას. მიღებული შეტყობინებების სტატისტიკის წარმოებას; დ) რეაგირების ადგილზე ვითარების შესწავლას და მის შეფასებას; ე) მოსახლეობის დაცვას აგრესიული ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან. ჰუმანური წესით მათ დაჭერას, შესაბამის ადგილებში გადაყვანა-გაშვებას ან იზოლაციას; ვ) ცხოველთა გადაყვანას და/ან დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებას; ზ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის გამოცემას; თ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების და საქმიანობის პერიოდულ, გეგმურ და სპეციალურ მონიტორინგს; ი) თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული მომზადება/გადამზადების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზებას და სააგენტოს დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას; კ) რეაგირების მიზნით სათანადო ღონისძიებებზე მყოფი თანამშრომლების და სატრანსპორტო საშუალებების განაწილებას, ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების მუდმივ მიღება-დამუშავებას, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირებისთვის მონაცემთა მიწოდებას; ლ) სააგენტოს ფასიანი მომსახურების განხორციელებას; მ) ცხოველის ლეშის განკარგვას; ნ) განსაცდელში მყოფი ცხოველების გადასარჩენად ჩატარებულ სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას; ო) სააგენტოს დირექტორის ბრძანებების, დავალებების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ გაცემული დავალებების კონტროლს; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას. 3. ცხოველთა პოპულაციის მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას (კასტრაცია-სტერილიზაციას, ვაქცინაციას, სხვადასხვა სახის სამედიცინო პროცედურების განხორციელებას); ბ) ცხოველთა თავშესაფარში შემოყვანილი ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს და ტრავმირებული ცხოველებისათვის შესაბამისი პირველადი დახმარების აღმოჩენას; გ) თავშესაფარში შემოყვანილ ცხოველებზე ლაბორატორიული კვლევების ჩატარების განხორციელებასა და დიაგნოსტირებას; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციები 1. საფინანსო-მატერიალური განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სააგენტოს საფინანსო-საბუღალტრო მომსახურების განხორციელებას; ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის უზრუნველყოფასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურით განხორციელებას; გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარებასა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) სამეურნეო საქმიანობის წარმართვას; ე) სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო ლოჯისტიკური ღონისძიებების განხორციელებას; ვ) სააგენტოს სახელზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას. 2. იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სააგენტოს სამართლებრივი ინტერესების დაცვას ადმინისტრაციულ ორგანოებში, სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში; ბ) სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და კანონმდებლობით დადგენილი სხვა დოკუმენტაციის შემუშავებას; გ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს; დ) სააგენტოს საქმიანობის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კოორდინაციას; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას. 3. საორგანიზაციო განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სააგენტოს გამართულად ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას; ბ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვასა და პერსონალის ადმინისტრირებას; გ) სააგენტოში შემოსული დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვას და დამუშავებას; დ) სააგენტოში შემოსული კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების განხილვას; ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ვ) სააგენტოს საქმიანობის ანალიზს, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; ზ) სააგენტოს ადგილობრივი და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაციას; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 9. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის უფლებამოსილებები სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის, აძლევს დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ; ვ) სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზ) სააგენტოს დირექტორის დავალებით ასრულებს სხვა დავალებებს.
მუხლი 10. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ საკითხებს, ასრულებს სააგენტოს დირექტორის და სტრუქტურული ერთეულის უფროსის დავალებებს; ბ) ახორციელებს ცალკეულ უფლებამოსილებებს და სააგენტოს დირექტორის, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მითითებებს; გ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის უფროსის უფლებამოსილებას.
მუხლი 11. სააგენტოს ქონება 1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია სააგენტოს მიერ. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 12. სააგენტოს ფინანსები სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 13. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით სააგენტომ უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. მუხლი 14. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
მუხლი 16. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 17. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარდგინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები